GEO   ENG
სიახლეები
2019 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დაკვირვების შედეგები
26.07.2019

“დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) წარმომადგენლები 2019 წლის 25 ივლისს საქართველოს მთავრობის კანცელარიის წინ ულტრამემარჯვენე ძალების მიერ ორგანიზებულ აქციას დააკვირდნენ. შეკრების მიზეზად დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ტერიტორიული დავა დასახელდა.

აქცია 23 ივლისს ულტრამემარჯვენე ექსტრემისტი ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ფალავანდიშვილმა დაანონსა საკუთარ Facebook გვერდზე და მოუწოდა ქართველებს მონაწილეობა მიეღოთ  წმინდა გარეჯის დაცვაში.

შეკრების მიმდინარეობისას გურამ ფალავანდიშვილმა აქციის მონაწილეებს მთავრობის უნდობლობისკენ მოუწოდა და გააცნო წერილი, რომლითაც ითხოვდა, რომ დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანთან მიმდინარე მოლაპარაკებებში ერთ-ერთ წევრად ჩართულიყო მათი წარმომადგენელი ავტორიტეტული ფიგურა. მისი თქმით, აღნიშნული პიროვნება ულტრამემარჯვენე ჯგუფებს მიაწოდებდა სრულ ინფორმაციას იმ მიმდინარე კრიზისსა თუ მიღწევებზე, რაც  დავით გარეჯის გარშემო აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებებს შეეხება.

გარდა ამისა, აქციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ულტრამემარჯვენე ძალები  უკმაყოფილონი არიან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობებით. მათი აზრით, მხოლოდ საქართველოა დაინტერესებული კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებით. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანის მხრიდან არ იქნება შესაბამისი დათმობები, საქართველოს კიდევ ჰყავს მეზობელი, რომელსაც შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკაზე და უზრუნველყოს იგი ბუნებრივი წიაღისეულით. აქციაზე ასევე გაიჟღერა ანტიამერიკულმა განცხადებამ, რომლის თანახმადაც, ,,საქართველოს მთავრობა არის ამერიკის შეერთებული შტატების  ქვედანაყოფის მძევალი.’’

შეკრებას ფონად გასდევდა შეძახილები, რომ დავით გარეჯი საქართველოა და წმინდა მიწებით ქართველები არასდროს ვაჭრობენ. გურამ ფალავანდიშვილმა სცადა მის მიერ შედგენილი წერილის ჩაბარება საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რაც  ვერ მოხერხდა, რადგან სამუშაო საათები დასრულებული იყო. აღნიშნულის შემდგომ აქტივისტებმა მოაწყვეს მსვლელობა დროშებითა და შეძახილებით, რომ დავით გარეჯს არ დათმობენ. მსვლელობის საბოოლოო დანიშნულება იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს მთავრობას დავით გარეჯის საკითხთან მიმართებით მეტი პრინციპულობისკენ და მისცეს მას ერთკვირიანი ვადა მათი ძირითადი მოთხოვნის, საკუთარი წარმომადგენლის დავით გარეჯის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე დაშვების, დასაკმაყოფილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, გურამ ფალავანდიშვილმა დაანონსა შემდეგი, გაცილებით ფართომასშტაბიანი აქცია 1-ელ აგვისტოს იმავე მოთხოვნებითა და იმავე ადგილზე.

აქციას ესწრებოდა 70-მდე აქტივისტი.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) მონიტორების დაკვირვებით, აქციაზე არ დაფიქსირებულა ძალადობისა და სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტები. აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. აქციამ ჩაიარა მშვიდად, ძალადობისა და ძალადობისაკენ მოწოდების გარეშე.

დაკვირვება შესაძლებელი გახდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში.

რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024