„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ განაგრძობს ულტრანაციონალური და ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების ფეისბუქ გვერდებსა და სოციალურ მედიაში აქტიურობის ძირითად ტენდენციებზე დაკვირვებას.
ივნისის თვეში საკვლევ ობიექტებად შერჩეული 12 ულტრამემარჯვენე ჯგუფის და მათი ლიდერების ფეისბუქ გვერდების მონიტორინგის გარდა, “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ექვსი ონლაინ მედია გამოცემის მონიტორინგსაც აწარმოებდა.
ივნისის თვეში ულტრამემარჯვენე დისკურსი მკვეთრად ჰომოფობიური იყო. ულტრამემარჯვენე ჯგუფის წევრების რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავდა ივნისში დაანონსებული თბილისი პრაიდის ფონზე. დაკვირვების ქვეშ მყოფმა ჯგუფებმა აქტიურად დაიწყეს ანტიკამპანიის აგორება ლგბტქ თემის წინააღმდეგ. განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა შემდეგი ფეისბუქ-გვერდები: ,,კარდჰუ”, “ანტი-პარადოქსი” და ,,ნუ გამოლიბერალდები იაზროვნე”. ლგბტქ თემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, რომელიც 20 ივნისის ე.წ. ,,გავრილოვის ღამის” საპროტესტო აქციებით დაიწყო, ივნისის ბოლო დეკადაშიც გაგრძელდა. ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად და მიზანმიმართულად აწარმოებდნენ საპროტესტო აქციების მადისკრედიტირებელ კამპანიას და მიმდინარე აქციების ორგანიზებას ლგბტქ თემს უკავშირებდნენ.
თბილისი პრაიდისა და ე.წ. ,,გავრილოვის ღამის” შემდეგ წამოწყებული საპროტესტო აქციების მადისკრედიტირებელი კამპანია მიმდინარეობდა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ლიდერთა ფეისბუქ გვერდებზეც. ლიდერები აქტიურად მოუწოდებდნენ თავის მიმდევრებს, აღეკვეთათ თბილისი პრაიდის ჩატარების ყველანაირი მცდელობა. ე.წ. „გავრილოვის ღამის” აქციების ორგანიზატორებად კი წარმოაჩენდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, ლგბტქ თემის აქტივისტებსა და წამალდამოკიდებულ პირებს. გარდა ამისა, მიმდინარე კამპანიის ფარგლებში აზიარებდნენ მხოლოდ აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციელებზე ძალადობის ამსახველ კადრებსა და პოსტერებს და ავრცელებდნენ ისეთ ფოტო-ვიდეო მასალას, სადაც ნაკლებად შესამჩნევი იყო სპეცრაზმელთა მხრიდან ძალადობის ფაქტები.
საპროტესტო აქციების დისკრედიტაციის პარალელურად, ულტრა მემერჯვენე ჯგუფების წარმომადგენლები პირდაპირ თუ ირიბად ეწეოდნენ რუსულ პროპაგანდას, აპელირებდნენ რუსეთის მხრიდან ემბარგოს მძიმე ეკონომიკურ შედეგებზე და იყენებდნენ ანტიდასავლურ რიტორიკას.
ანტი-დასავლური, ანტი-ლიბერალური განწყობებით გამოირჩეოდნენ დაკვირვების ქვეშ მყოფი ონლაინ მედია გამოცემები, რომლებიც ხშირად აქვეყნებდნენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ და ანტისაიმიგრაციო შინაარსის მქონე მასალებს. მათ შორის, მკვეთრად პრო-რუსული ინტერნეტ ვებ-გვერდები, როგორებიცაა „საქართველო და მსოფლიო“ და „საქინფორმი“.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ულტრამემარჯვენე ჯგუფები აქტიურად პოზიციონირებენ ფეისბუქ სივრცეში, მათი მხრიდან ამ დრომდე არ მომხდარა ისეთი მნიშნელოვანი სოციალური ქსელებისა თუ ფორუმების ათვისება, როგორიცაა Twitter, YouTube ან Instagram.
პროექტი „ულტრა-მემარჯვენე ექსტრემიზმის და ნაციონალიზმის გააზრება და მის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ხორციელდება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ულტრა-მემარჯვენე რადიკალიზმის და ექსტრემიზმის პრევენციას საქართველოში.