GEO   ENG
სიახლეები
ტურისტული სეზონისთვის სამზადისი აფხაზეთში და მისი გავლენა გალის რეგიონზე
06.05.2021
აფხაზეთისთვის ტურიზმი საკუთარი, არადოტაციური შემოსავლების დიდ წილს შეადგენს. 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ პირველად 1992-1993 წლების ომის შემდეგ, აფხაზეთს მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა.[1] აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატის ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის ტურისტულ სეზონზე ფასიანი მომსახურების მოცულობამ აფხაზეთში ორ მილიარდ ოთხ მილიონ რუსულ რუბლს გადააჭარბა,[2] რაც დღევანდელი მონაცემით, 92 მილიონ 118 ათას ლარზე მეტია. იგივე მონაცემებიდან ირკვევა, რომ აღნიშნული სერვისების და შემოსავლების ცირკულაცია დღევანდელი აფხაზეთის მთელ ტერიტორიას მოიცავდა, გალის რეგიონის გარდა. ეს უკანასკნელი აფხაზეთის ტურისტულ მარშრუტებში და ინფრასტრუქტურაში რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროიდან (2005-2009; 2014-2020) არ მოიაზრებოდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის ტურისტული სეზონისთვის მზადება უკვე გალის რეგიონსაც შეეხება. ეს, ერთი მხრივ, აიხსნება ამჟამინდელი დე-ფაქტო მთავრობის წინამორბედებისგან განსხვავებული ხედვით რეგიონის მიმართ და დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში მისი ინტეგრაციის სურვილით. მეორე მხრივ კი, გლობალური პანდემიის პირობებში იმაზე გათვლას შეიძლება ემსახურებოდეს, რომ მოგზაურობის ჯერ კიდევ შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, აფხაზეთს უფრო მეტი რუსი ტურისტი ეწვევა. შესაბამისად, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას რუსი ტურისტების სავარაუდოდ დიდი მასისთვის გაზრდილი ტურისტული პოტენციალით და უკეთ მომზადებულად დახვედრა სურს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, წინა კვირას გალის რეგიონს აფხაზეთის დე-ფაქტო ტურიზმის მინისტრის მოადგილე დავით ქაჯაია ესტუმრა, რომელმაც ადგილობრივებთან შეხვედრაზე სფეროში დაგეგმილ სიახლეებზე იმსჯელა. მან გალელებს გააცნო გეგმა, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა გეგმავს სოფელ საბერიოში ახალი გზის გაყვანას და ენგურჰესის და გალის წყალსაცავის ტურისტულ მარშრუტებში შეყვანას. თუმცა, სათუოა, რამდენად შეეძლება რეგიონს მასპინძლობა გაუწიოს რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებს სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე. როგორც ჩანს, აფხაზეთის დე-ფაქტო ტურიზმის სამინისტროს გათვლა ერთ დღიან ვიზიტორებზე აქვს, რომელთა რაოდენობამ 2019 წელს ტურისტების  ნახევარი შეადგინა (517 000),[3] ან იმათზე, ვინც აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე მოქმედ სასტუმროებში რჩებიან და გალის რეგიონს შეიძლება ექსკურსიაზე ეწვიონ.

თუმცა, ტურისტული სეზონისთვის ამგვარი მზადება, რაც მასპინძლობის ინფრასტრუქტურის გაშლა-განვითარებას მოითხოვს, გალის მაცხოვრებლებისთვის ეკონომიკურ შესაძლებლობებთან ერთად გამოწვევებსაც აჩენს.

პირველ რიგში, აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება კორუფცია, რომლის მიმართაც გალის რეგიონის მაცხოვრებლები ყველაზე მოწყვლადები არიან, აფხაზეთის დე-ფაქტო მოქალაქეობის არქონის, და მეორე, მათი ეთნიკური იდენტობიდან გამომდინარე დისკრიმინაციის გამო. ტურისტული სეზონის დადგომასთან ერთად, დე ფაქტო ხელისუფლების პრიორიტეტია კორუფციის შეკავება, განსაკუთრებით იმ სტრუქტურებში, რომლებთანაც რუს ტურისტებს ყველაზე ხშირი შეხება აქვთ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, მაგალითად, საგზაო პოლიციამ  პირდაპირი დირექტივა მიიღო, არ გააჩერონ რუსეთის ფედერაციის ნომრიანი მანქანები. თუმცა გალის მაცხოვრებლები კორუფციისგან დაცული არ არიან. შესაძლოა სწორედ ისინი გახდნენ გამოძალვის უპირატესი სამიზნეები, მით უფრო, თუ ტურისტების ნაკადი გალის რეგიონში შევა და ადგილობრივებისთვის შემოსავალს გააჩენს.

მეორეც, ეპიდვითარება რუსეთში მიმდინარე ვაქცინაციის მიუხედავად, მაინც საგანგაშო რჩება. შესაბამისად, იზრდება იმის ალბათობა, რომ აფხაზეთში ტურისტული სეზონი ვითარებას დაამძიმებს. ამის გათვალისწინებით, დიდი მნიშვნელობა აქვს, საჭიროების შემთხვევაში რამდენად ხელმისაწვდომი იქნება  საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გალის რეგიონის და აფხაზეთის სხვა მაცხოვრებლებისთვის. სამწუხაროდ, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ ამ მიმართულებით შეიძლება მეტი წინაღობაც შექმნას. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროს ცნობით, დე-ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ალისა არძინბამ გალში ადგილობრივ მედიკოსებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ აუცილებელია აფხაზეთში მცხოვრები პაციენტების რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის და სარატოვის და არა საქართველოს კლინიკებში გადამისამართება, რათა აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემა „მოწინააღმდეგესთან“ შედარებით სუსტად არ გამოჩნდეს და თავიდან იქნას არიდებული ის „ცუდი ზეგავლენა,“ რასაც საქართველო აფხაზეთის მაცხოვრებლებზე ახდენს.

აფხაზეთის მაცხოვრებლებისთვის ტურიზმით მოტანილი შემოსავალი პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში, ცხადია, დიდი შვება იქნება, თუმცა ყურადღებას იმსახურებს ის გამოწვევები, რამაც ზემოთ მიმოხილული მიზეზების გამო შესაძლოა გალის რეგიონში  იჩინოს თავი.
 
 
 
[1] მილიონზე მეტი: აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით გაიზარდა. სპუტნიკი (რუსულ ენაზე). წყარო: https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20191021/1028660636/Perevalit-za-million-chislo-turistov-v-Abkhaziyu-vyroslo-na-10-v-2019-godu.html
[2] აფხაზეთის ტურისტული სექტორის ანალიზი 2019 წელს. აფხაზეთის დე-ფაქტო სავაჭრო-სამრეწველო პალატა (რუსულ ენაზე). წყარო: https://www.tppra.org/news/publication/analiz-turisticheskoy-otrasli-respubliki-abkhaziya-za-2019-god.html
[3] მილიონზე მეტი: აფხაზეთში ტურისტების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით გაიზარდა. სპუტნიკი (რუსულ ენაზე). წყარო: https://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20191021/1028660636/Perevalit-za-million-chislo-turistov-v-Abkhaziyu-vyroslo-na-10-v-2019-godu.html
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024
როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ
12 საზოგადოებრმა ორგანიზაციამ მოამზადა პირველი შუალედური ანგარიში  – სტატუსმეტრი, რომელიც აფასებს, თუ რა გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ გაწევრების მოლაპარაკების დასაწყებად მიცემული 9 ნაბიჯის შესასრულებლად.
11.04.2024
კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!
ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს.
08.04.2024