GEO   ENG
განცხადებები
კოალიცია პარლამენტს მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს
18.05.2021

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა და უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვალიფიციური და სანდო კადრებით დაკომპლექტება.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა წარმოადგენს. შეთანხმების პირობების კეთილსინდისიერად შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების სტაბილურობისა და არსებული მრავალშრიანი კრიზისის მძიმე ეფექტების შესამცირებლად. ამავდროულად, ხელშეკრულებაში გაწერილ თითოეულ პუნქტზე მუშაობა უნდა წარიმართოს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით და პოლიტიკური აქტორების ურთიერთპატივისცემით, რაც ასევე არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება.

რაც შეეხება მართლმსაჯულების სისტემას, რეფორმის ოთხი ტალღის მიუხედავად, დღემდე სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობა კრიტიკულად დაბალია, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ უზრუნველყოფს სისტემის დამოუკიდებლობას და ეფექტიანობას. სასამართლოს მიმართ არსებული დაბალი ნდობა, შერჩევითი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ნიშნები კი ასევე, ხელს უწყობს პოლიტიკური კრიზისის გამწვავებას და ვითარების ესკალაციას.

სისტემაში არსებულ არაერთ გამოწვევას შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა - მის მიერ გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი წესების შემუშავება და საბჭოს იმგვარად დაკომპლექტება, რომ მინიმალიზებული იყოს ამ ინსტიტუტის შიდა და გარე გავლენებისთვის ინსტრუმენტალიზება. საკითხის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის, რომ საბჭოს 15 წევრიდან 9 მათგანი (ოთხი მოსამართლე და 5 არამოსამართლე წევრი) ახლიდან უნდა აირჩეს 2021 წლის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. შესაბამისად, კრიტიკულად აუცილებელია, საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრები შერჩეულნი იყვნენ სამართლიანი პროცესის შედეგად, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს ჰქონდეთ მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიული ნდობა და ლეგიტიმაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და ამ მიზნით შექმნას სამუშაო ფორმატი, რომელშიც მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ დაინტერესებულ სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფესიულ და აკადემიურ ჯგუფებს, სახალხო დამცველს და საერთაშორისო პარტნიორებს;
  • განხორციელდეს სასამართლო რეფორმის ტალღების და მათი შედეგების ჯეროვანი შეფასება იმ მიზნით, რათა რეფორმა განხორციელდეს სწორი მიმართულებით და არ განმეორდეს წარსულში დაშვებული შეცდომები. 
  • უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შერჩევა/დანიშვნის პროცესების იმგვარად დახვეწა, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრები კონსესუსზე ორიენტირებული პროცესის საფუძველზე დაინიშნონ. აგრეთვე, საბჭოს მოსამართლე წევრების შერჩევისას მინიმალიზებული იყოს პროცესზე შიდა- და გარე სისტემური გავლენები.

 

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026