GEO   ENG
სიახლეები
5 ივლისის ძალადობის უმძიმესი შედეგების გამო საქართველოს პრემიერ მინისტრმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს
11.07.2021
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, გამოვხატავთ მწუხარებას და გულისტკივილს ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

ლექსო ლაშქარავა იყო მედიის იმ 50-ზე მეტი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთი, რომლებიც 5 ივლისს სიძულვილის ჯგუფების მიერ მასშტაბური და სასტიკი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ. “ღირსების მარშის” საწინააღმდეგო აქციაზე ძალადობრივი და აგრესიული ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ისინი ლექსო ლაშქარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის დარბევისას. ძალადობისას ოპერატორთან მყოფი ჟურნალისტის განცხადებით, ლექსო ლაშქარავა სისხლის გუბეში იყო და მას 20 ადამიანი 5 წუთის განმავლობაში დაუნდობლად ურტყამდა.
 
ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იყო ცნობილი მათი მხრიდან აგრესიისა და ძალადობის რისკის შესახებ. 5 ივლისს ადგილზე საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ მობილიზებული სამართალდამცავები, ხოლო ადგილზე მყოფი პოლიციელების მხრიდან მიღებული ზომები არ იყო საკმარისი ძალადობის შესაჩერებლად. ხელისუფლებამ არათუ არ მიიღო სათანადო ზომები საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად, არამედ, პირიქით, წაახალისა ძალადობა. კერძოდ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს განაცხადა, რომ “ღირსების მარშის” ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და “ღირსების მარშის” ორგანიზატორებს მოუწოდა არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე, იმის მაგივრად, რომ ვითარების შესაძლო გართულებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებინა კონტრაქციის წევრებისთვის. ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩმა განაცხადა, რომ მათ ვერ დაინახეს პრემიერ მინისტრის წამყვანი როლი სიტუაციის განმუხტვასა და აგრესიის შეკავებაში.
 
5 ივლისის მასშტაბურ ძალადობაზე, რასაც შედეგად ათობით ჟურნალისტის და მშვიდობიანი მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა ხოლო, ტვ პირველის ოპერატორი, ჯანმრთელობის უმძიმესი დაზიანებების შემდგომ გარდაიცვალა, პასუხი უნდა აგოს ძალადობის ყველა ორგანიზატორმა, მონაწილემ და ძალადობისკენ მომწოდებელმა, განურჩევლად საერო თუ სასულიერო სტატუტისა.
 
პოლიტიკური პასუხისმგებლობა უმძიმეს შედეგებზე ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც ფაქტობრივად უარი თქვა საკუთარი ფუნქციის შესრულებასა და ადამიანთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვაზე. ამიტომ:
 
ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ, სულ მცირე:
 
  • საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და საქართველოს შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობა
  • ძალადობის ყველა ორგანიზატორი, მონაწილე და წამქეზებელი, მიუხედავად მათი სტატუსისა, დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით.
 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
საფარი
საზოგადოება და ბანკები
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
გაეროს ასოციაცია
 მწვანე ალტერნატივა
თბილისი პრაიდი 
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ცენტრი ემპათია
Free Russia Foundation in South
ევროპის ფონდი
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024