GEO   ENG
განცხადებები
საზოგადოებრივი ორგანიზაციები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვას სკოლების და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა
20.10.2021

კოვიდ-19 პანდემიამ  უპრეცედენტოდ ნეგატიური გავლენა იქონია გლობალური განათლების სისტემაზე და 1.5. მილიარდზე მეტი მოსწავლე დააზარალა მსოფლიოს მასშტაბით.[1]

საქართველოში, წელიწადნახევრიანი წყვეტის შემდეგ, 2021 წლის 4 ოქტომბერს სასწავლო  და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესი საკლასო ოთახებსა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განახლდა. თუმცა, სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ, ინფიცირების მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, კვლავ დაიწყო საუბარი მკაცრი შეზღუდვების ამოქმედების აუცილებლობაზე.

ქვევით ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დადგენილი სტანდარტებით, რომლის მიხედვითაც, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და  სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე და არ დაუშვას მათი  არადიფერენცირებული დახურვა.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში 2304  საჯარო და კერძო სკოლა და 2000-მდე სკოლამდელი განათლების დაწესებულებაა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით[2], სკოლების გახსნიდან 2 კვირაში, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი. 14 ოქტომბრის მონაცემებით, თბილისის 186-დან 88 სკოლამდელი განათლების დაწესებულება სრულად დაიხურა კოვიდ 19-ის გავრცელების გამო; ქუთაისში სრულად დაიხურა 13 და ნაწილობრივ 6 დაწესებულება. კახეთში 39 სკოლამდელი განათლების დაწესებულება დაიხურა, ასევე, დაიხურა ზოგიერთი დაწესებულების რამდენიმე ჯგუფი.

ამ ეტაპისთვის, აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პერსონალის 69%, ორჯერადად აცრილია მასწავლებლების 52%-ი.

სკოლამდელ განათლებას ბავშვის განვითარებაში უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. სწორედ ამ დროს ხდება ბავშვის სოციალიზაცია, უნარების განვითარება, სკოლისთვის მომზადება. UNESCO-ს მიერ განხორციელებული გლობალური კვლევის მიხედვით, მაღალია როგორც პანდემიით გამოწვეული საგანმანათლებლო დანაკარგი, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით წარმოშობილი პრობლემები.

პანდემიით გამოწვეული ზიანის შესამცირებლად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობას არ გამოუყენებია ეფექტიანი სტრატეგია სკოლებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. სიტუაციის მართვის ნაცვლად, საკოორდინაციო საბჭომ გამოსავალი პრობლემისთვის თავის არიდებაში ნახა და სკოლამდელი განათლების დაწესებულები და სკოლები სრულად დახურა.

2020-2021 წლებში ბაღები მხოლოდ 4-6 კვირის განმავლობაში იყო გახსნილი, შესაბამისად, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს 1 წლის განმავლობაში თითქმის არ ჰქონიათ სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში სიარულის შესაძლებლობა[3]. გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად, გამოცდილება ცხადყოფს, რომ სკოლა არ არის ინფექციის გავრცელების მნიშვნელოვანი წყარო და პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემოღებისას, სკოლები და  სკოლამდელი განათლების დაწესებულებები უნდა იხურებოდეს ყველაზე ბოლოს და იხსნებოდეს ყველაზე ადრე.

შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, იხელმძღვანელოს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და იუნესკოს კოვიდ-19-ის დროს სასკოლო სასწავლო პროცესისთვის შემუშავებული რეკომენდაციებით. ასევე:

  • აქტიურად განახორციელოს ვაქცინაცია - უზრუნველყოს სკოლამდელი განათლების დაწესებულებების პერსონალის, აღმზრდელების, სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგების ვაქცინაციის ხელშეწყობა.
  • შეიმუშაოს რისკის შემცირებისთვის საჭირო ქმედითი ზომები.
  • უზრუნველყოს სკოლის, ბავშვების და მოზარდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს 12+ ასაკის ბავშვების ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი
  • სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენოს მხოლოდ დიფერენცირებული მიდგომა - ვირუსის გავრცელების ზონებისა და ტემპების შესაბამისად.
  • სკოლებისა და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების დახურვა განიხილოს, როგორც უკიდურესი ღონისძიება.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის 
  2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  3. საფარი
  4. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  5. უფლებები საქართველო
  6. საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“
  7. ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსათვის
  8. საქართველოს გეოსტრატეგიული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტი
  9. ადამიანის უფლებების დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია

 

[1] კვლევა - “რა ვისწავლეთ?“, კვლევა ჩატარებულია მსოფლიო ბანკის, იუნესკოს და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, 2020 წლის ოქტომბერში;

[2] https://www.mes.gov.ge/content.php?id=12587&lang=geo;

[3] საერთაშორისო ასოციაცია - „კივიტას გეორგიკას“ კვლევა პანდემიის გავლენა სკოლამდელ განათლებაზე საქართველოში.

DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026