GEO   ENG
სიახლეები
DRI: საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს
22.11.2021
2021 წლის 20 ნოემბერს, „ალტ-ინფოს“ გუნდმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააფუძნა. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის გენერალურ მდივნად გიორგი ქარდავა, თავმჯდომარედ კი - ზურა მახარაძე აირჩიეს. პოლიტსაბჭოში შევიდნენ ირაკლი მარტინენკო და ირაკლი მორგოშია. პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძირითადი დამფინანსებელია კონსტანტინე (კოკა) მორგოშია. „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას წინ უძღოდა წინასაარჩევნოდ, 2021 წლის 10 სექტემბერს, კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც „ალტ-ინფოს“ მთელი საქართველოს მასშტაბით სატელევიზიო მაუწყებლობის განხორციელების უფლება მისცა. 

პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების ორგანიზატორები არიან, რომელთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა. ერთადერთი სანქცია, რომელიც „ალტ-ინფოს“ წინააღმდეგ ამ დრომდე გამოიყენეს, კომუნიკაციების კომისიის მიერ მისი სამართალდამრღვევად ცნობა იყო, 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ გადაცემებში უხამსობის ტირაჟირებისა და უცენზურო ლექსიკის გამოყენების გამო. თუმცა, კანონდარღვევის გამო „ალტ-ინფო“ არ დაჯარიმებულა.

დამფუძნებლებმა პარტიულ ყრილობაზე ღიად განაცხადეს „კონსერვატიული მოძრაობის“ პრორუსული და ანტიდასავლური საგარეო ვექტორის შესახებ. ზურა მახარაძემ პარტიის მიზნებად  საქართველოში „ლიბერალური დიქტატურის“ დასრულება და „ქრისტიანული დემოკრატიის“ შექმნა დაასახელა. საგულისხმოა, რომ „ალტ-ინფოს“ სარედაქციო პოლიტიკა გამოირჩევა ქსენოფობიური, ჰომოფობიური და ძალადობის წამახალისებელი რიტორიკით.

საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, . . . რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს”.

მსგავსი შეზღუდვები მოქმედებს ევროპის საბჭოს არაერთ ქვეყანაში, რომლებიც ითვალისწინებენ „თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის“ უზრუნველმყოფ მექანიზმებს. „დემოკრატიის მტრებს არ უნდა მიეცეთ იმის საშუალება, რომ გამოიყენონ დემოკრატიით მინიჭებული უფლებები და თავისუფლებები მისთვის საფრთხის შესაქმნელად.”[1] უფლებების ბოროტად გამოყენებას კრძალავს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ არსებული ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტებიც. [2]

აღნიშნულის გათვალისწინებით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პარტიის სადამფუძნებლო დოკუმენტებში განცხადებულ მიზნებს.

იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ კანონსაწინააღმდეგო, ძალადობის პროპაგანდის, სოციალური, ეროვნული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გამაღვივებელი დებულებები მარეგისტრირებელ დოკუმენტებში ასახა, საჯარო რეესტრმა „კონსერვატიული მოძრაობა“ არ უნდა დაარეგისტრიროს.


 
[1] ოკონელი რ., თავდაცვისუნარიანი დემოკრატია და ადამიანის უფლებათა პრინციპები, საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა I,102
[2] ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხ. 29(2), 30; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, მუხ. 17.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026