GEO   ENG
სიახლეები
DRI: ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება
15.12.2021
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ეხმაურება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების არაეფექტურობას, უსაფუძვლოდ გაჭიანურებასა და გაუმჭვირვალობას. გარდაცვალებიდან ხუთი თვის გასვლის შემდეგ, საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი ლექსო ლაშქარავასთვის 5 ივლისს მიყენებულ მძიმე ფიზიკურ დაზიანებასა და გარდაცვალებას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის შესახებ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საბოლოო შედეგები, ასევე, ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების შესახებ.[1]

ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა. ის 5 ივლისს, „სირცხვილიას” ოფისთან პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიძულვილის ჯგუფების მხრიდან მძიმე ფიზიკური დაზიანებების მსხვერპლი გახდა. ლექსო ლაშქარავას თავდასხმის შემდეგ ჩამსხვრეული ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. DRI-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება ამ დრომდე ამავე მუხლით გრძელდება.

სიძულვილის ჯგუფების მიერ ორგანიზებული მასობრივი ძალადობის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად 4 საქმე განიხილება. ამ დროისთვის მიმდინარეობს მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი. ლექსო ლაშქარავას და მირანდა ბაღათურიას მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმის განხილვაში ბრალდებულია 6 პირი.[2]

წინასასამართლო სხდომამდე 3 დღით ადრე, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება). თუმცა აღნიშნული სამედიცინო დასკვნა 5 ივლისის მოვლენების შედეგად მიღებულ დაზიანებებს შეეხებოდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის პოზიციით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებული გამოძიება მოძალადეებისთვის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებისათვის ხელის დაფარების მცდელობად შეიძლება იყოს განხილული.  აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაწყებულია საქმის არსებითი განხილვა ისე, რომ არ დადგენილა 5 ივლისის ძალადობასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირი.  საქმის არსებითი განხილვისას შეუძლებელია ბრალის დამძიმება.  შესაბამისად, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ მიღებულ დაზიანებებსა და 11 ივლისს ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიზეზობრივი კავშირის დადგენის შემთხვევაში, ბრალდებულების პასუხისგებაში მიცემა ამ შედეგისათვის პროცესუალურად გამოირიცხება, ხოლო, მათი განმეორებითი მსჯავრდება ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებისათვის, შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად პრინციპებთან. აქედან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ და სხვა საგამოძიებო ორგანოებმა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, უნდა უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირებულობა საქმის მიმდინარეობის შესახებ.
გარდა ამისა, უკიდურესად შემაშფოთებელია, რომ ამ ეტაპამდე არ არიან დაკავებულები მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები, მიუხედავად იმისა, რომ მათი ვინაობის შესახებ ცნობილია როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ასევე, საგამოძებო ორგანოებისთვის.

DRI მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე აწარმოონ ობიექტური გამოძიება და დააკავონ 5-6 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორი პირები.


 
[1] გამონაკლისია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელმაც ლექსო ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა და შს სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.
[2] ექვსივე ბრალდებულის მიმართ წარდგენილია შემდეგი ბრალი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლი (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა იარაღის გამოყენებით), 156-ე მუხლის (დევნა) მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი - დევნა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, რომელსაც თან ახლავს ძალადობა, 154-ე მუხლი (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა), 118-ე მუხლის მესამე ნაწილი (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში - სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული და ჯგუფურად, 117-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება  - მხოლოდ ერთი ბრალდებულის ც.ჩ.-ის მიმართ) მეოთხე ნაწილით.
 
DRI: ქართულმა სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო ევროსასამართლოს მოთხოვნა და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქვეყნიდან გააძევა

სახელმწიფომ,  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მიმართ მიღებული გადაწყვეტილებით, უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მოქმედი კანონმდებლობა.

06.04.2026
რუსული რბილი ძალის გაგრძელება ოკუპირებულ რეგიონებში

რუსეთი კვლავ განაგრძობს რბილი ძალით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიზანმიმართულ ქმედებებს. 

02.04.2026
ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის მიმოხილვა

ანტიკორუფციული ბიურო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, 2022 წელს შეიქმნა. რეკომენდაცია ანტიკორუფციული ორგანოს დამოუკიდებლობასა და ფუნქციურ გაძლიერებას ითვალისწინებდა.

25.03.2026