ოკუპირებულ რეგიონების მოსახლეობის მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს დე ფაქტო სტრუქტურების მიერ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები ემატება, რაც მათ ყოველდღიურ ყოფას ართულებს და ბაზისურ ადამიანურ საჭიროებებსა და უფლებებზე წვდომას უზღუდავს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ - ადამიანები, რომლებმაც კონფლიქტის მიუხედავად საკუთარი სახლები არ დატოვეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის წინაშეც დგას გალის მოსახლეობა, არის გალის რაიონის მოსახლეობის გადაადგილებისთვის საჭირო დოკუმენტების საკითხი.
2017 წლიდან დე ფაქტო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ძველი აფხაზური პასპორტების ხმარებიდან ამოღებისა და ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ჩანაცვლების შესახებ. ბინადრობის მოწმობის აღება განსაკუთრებით პრობლემურია კოდორის ხეობაში მცხოვრები პირებისთვის. მათ გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით შეუძლიათ, რომელსაც ადგილზე გასცემს დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური 2 კვირის ვადით.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, აფხაზეთის მოქალაქის პასპორტის მფლობელი შესაძლოა იყოს მხოლოდ ეთნიკური აფხაზი, ასევე პირი, რომელიც არ არის ეთნიკური აფხაზი, მაგრამ აფხაზეთში 1994 წლიდან 1999 წლამდე ცხოვრობდა და არ არის სხვა რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა რუსეთის ფედერაციისა. ეს დებულება არ ვრცელდება გალის რეგიონში ომამდე მცხოვრებ 80,000-მდე მოსახლეობის ნახევარსა და აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებში მცხოვრებ 200,000-მდე ეთნიკურ ქართველზე, რომლებმაც 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის გამო დატოვეს აფხაზეთის ტერიტორია.
გალელებისთვის დოკუმენტების აღებას ართულებს კორუფციული გარემოც. ადგილობრივების ინფორმაციით, საბუთების ჩასაბარებლად შენობაში შესვლაც კი რთულია, ვინაიდან გრძელ რიგებში უწევთ დგომა და თითოეულ ჩასაბარებელ საბუთზე 1.500 რუბლის (დაახლოებით 29 აშშ დოლარის) გადახდა უხდებათ; სხვა შემთხვევაში, რიგში დგომა რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევთ. კიდევ დამატებით 2.000 რუბლს (დაახლოებით 34 აშშ დოლარი) იხდიან, როგორც ქრთამს, როდესაც საბუთები საბოლოოდ გამზადდება.
გალის მოსახლეობის დოკუმენტების თემას გავლენა აქვს გალის რაიონისთვის დე ფაქტო აფხაზეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილ წილზეც. დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გალის რაიონს სუბსიდირება უნდა შეუმცირდეს სწორედ იმ მიზეზით, რომ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს აქვს აფხაზეთის მოქალაქეობა.