GEO   ENG
განცხადებები
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებს
30.12.2021
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების კანონში შესატან ცვლილებებს, ვინაიდან ის მნიშვნელოვნად ზღუდავს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და აუქმებს რეფორმის ოთხი ტალღის შედეგებს.
 
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, სამივე მოსმენით მიიღო საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/149/10). აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიებს, ამასთან, ზრდის სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფის მიერ მოსამართლეებთან დაკავშირებით თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების საფრთხეს. 
კერძოდ, პრობლემურ საკითხებს შორის არის:  
  • კანონპროექტით ბრუნდება 2012 წლამდე არსებული მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი, რომელიც ურჩი მოსამართლეების დასასჯელად ფართოდ იყო გამოყენებული. სასამართლო რეფორმის ე.წ. “პირველი ტალღის” ფარგლებში განხორციელებული ცვლილებებით, კანონში მნიშვნელოვანი გარანტიები განისაზღვრა იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლის თანხმობის გარეშე მივლინების თვითნებურად გამოყენების წინააღმდეგ, რაც წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება. შედეგად, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს ე.წ. “კლანს” ეძლევა ბერკეტი კვლავ გამოიყენოს მოსამართლეთა “გაციმბირების” წესი, ყოველგვარი საკანონმდებლო შეზღუდვების გარეშე, მათთვის არასასურველი მოსამართლეების მიმართ.
  •  კანონპროექტით შესაძლებელია იუსტიციის საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების მიერ მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური დევნის საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება. აღნიშნული წესი ასევე წარმოადგენს რეფორმის “ტალღებამდე” არსებულ რედაქციას. საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებულია, რომ განსაკუთრებით დისციპლინირების საკითხებზე, საბჭოს მხოლოდ მოსამართლე წევრების მიერ გადაწყვეტილებების მიღება აღვივებს კორპორატივიზმს სასამართლო სისტემაში. 
  • კანონპროექტი აუქმებს აკრძალვას, რომლის მიხედვითაც პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს ზედიზედ ორჯერ. აღნიშნული დანაწესის გაუქმება ზღუდავს საბჭოში მოსამართლეთა და საზოგადოების წარმომადგენლების მრავალფეროვნებას და ხელს უწყობს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს შეინარჩუნონ გადამწყვეტი ადმინისტრაციული პოზიციები სასამართლო სისტემაში. აღნიშნული ცვლილებაც 2012 წლამდე არსებულ მოდელზე დაბრუნებას გულისხმობს.   
  • კანონპროექტი შეიცავს საგანგაშო ნორმას, განსახილველ საქმეებიდან მოსამართლის ჩამოცილების შესაძლებლობის შესახებ მის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრიდან საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რითიც ქმნის მოსამართლის საქმიანობაში უხეში სუბიექტური ჩარევის რისკებს.
ნიშანდობლივია, რომ მიუხედავად მაღალი მნიშვნელობისა და პრობლემური შინაარსისა, კანონპროექტის დაჩქარებული პროცედურით განხილვა პარლამენტის მიერ არ ყოფილა დასაბუთებული; კანონპროექტის ტექსტი არ იყო ხელმისაწვდომი შესაბამის კომიტეტებზე მის განხილვამდე; კანონპროექტის მომხსენებელმა და ინიციატორებმა დაინტერესებული პირების არც ერთ მნიშვნელოვან კითხვას არ გასცეს არგუმენტირებული პასუხი და კანონპროექტის შინაარსის გარშემო არ გაიმართა საგნობრივი მსჯელობა; დაინტერესებული პირების არც ერთი არსებითი წინადადება, რომელსაც შეეძლო არ გაეუარესებინა მოსამართლის დაცვის გარანტიები, არ იქნა გათვალისწინებული; იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დამსწრე პარლამენტის წევრებს არცერთ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის ირგვლივ კითხვები არ ჰქონიათ; კანონპროექტის შემუშავების პროცესში რაიმე კონსულტაციები არ ყოფილა გავლილი, მიუხედავად იმისა, რომ ის აუქმებს ჩართულობითი პროცესით გატარებული რეფორმების მნიშვნელოვან ნაწილს; კანონპროექტი უარყოფითად შეაფასეს მოსამართლეების ნაწილმა; იუსტიციის საბჭოს კანონპროექტზე გამოხმაურება არ ჰქონია, რაც აჩენს საფუძლიან ვარაუდს, რომ მისი შინაარსი სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფთან წინასწარ იყო შეთანხმებული.    
 
მოვუწოდევბთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება და ვეტო დაადოს ხელმოსაწერად წარდგენილ კანონპროექტს.
 
ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:
„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“
„დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი“
„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ 
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024
ხელისუფლების ანტიევროპული განცხადებები ქართველი ხალხის ნებას და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება

რუსული კანონის მიღების მცდელობა და პარტიის მაღალჩინოსნების მხრიდან ევროკავშირში გაწევრების საწინააღმდეგო რიტორიკა კონსტიტუციისა და ქართველი ხალხის ღალატია.

12.04.2024