GEO   ENG
სიახლეები
უკრაინა და საქართველოს დასავლური ორიენტაცია ქართული ულტრამემარჯვენე პრორუსული ჯგუფების სამიზნეში
04.03.2022
თებერვალში უკრაინაზე სამხედრო თავდასხმის ფონზე, საქართველოში განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა ულტრამემარჯვენე ფლანგის მკვეთრად პრორუსული ფრთის გააქტიურება. ულტრამემარჯვენე ძალები ცდილობდნენ უკრაინის კრიზისი ქართულ საზოგადოებაში ნატოს წინააღმდეგ სკეპტიკური განწყობების გასაღვივებლად და დასავლეთისგან სრული დისტანცირების საჭიროების საილუსტრაციოდ გამოეყენებინათ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული მედია მონიტორინგისას გამოვლინდა, რომ ულტრამემარჯვენე ფლანგის ღიად კრემლისტური ძალების პროპაგანდისტული რიტორიკა მიზნად ისახავს საქართველოს დასავლური საგარეო ვექტორის ცვლილებას და ქვეყნის ჩართვას რუსეთის მიერ ინიციირებულ საერთაშორისო პლატფორმებში.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების  პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული გზავნილები

24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სამხედრო ძალების შეჭრას მყისიერად გამოეხმაურა ულტრამემარჯვენე მედია პლატფორმა „ალტ-ინფო“ და საგანგებო ეთერის ფორმატში უკრაინის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია წამოიწყო. გადაცემას ფონად გასდევდა 2015 წლის აგვისტოში ჩინეთში ქიმიური  საწყობის  აფეთქების კადრები, რომელიც გამიზნულად ქმნიდა პანიკის გამომწვევ ყალბ მედია შინაარს და წარმოდგენილი იყო, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის დაბომბვის ილუსტრაცია. გარდა ამისა, მთელი გადაცემა გამსჭვალული იყო ანტიდასავლური რიტორიკით და მიმართული იყო რუსეთის, როგორც უალტერნატივო ძალის წარმოჩენისკენ. გადაცემის წამყვანები ღიად მოუწოდებდნენ უკრაინასა და საქართველოს  დასავლური კურსის ცვლილებისკენ.

24-25 თებერვალს უკრაინის მადისკრედიტირებელი მედია კამპანია გააქტიურდა ულტრამემარჯვენე ფეისბუქ გვერდზე „კარდჰუ“, სადაც უწყვეტ რეჟიმში ვრცელდება ფოტო/ვიდეო მასალა რუსეთის მხრიდან უკრაინული ქალაქების დაბომბვისა და საავიაციო იერიშების შესახებ. აღნიშნული გვერდი ასევე გამოირჩევა ნატოს დისკრედიტაციის მცდელობით და უკრაინის კრიზისის ფონზე, სამხედრო ალიანის წევრობას საქართველოსთვის საფრთხედ აფასებს.

ანალოგიური რიტორიკა აქვს ულტრამემარჯვენე პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერს ზურა მახარაძეს, რომელმაც TV პირველთან სატელევიზიო ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნატო არ უზრუნველყოფს ჩვენს უსაფრთხოებას და ამის ფონზე რუსეთთან ღია მოლაპარაკებებია საჭირო.

უკრაინაში რუსეთის შეჭრას გამოეხმაურა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილიც, რომელმაც ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა ქვეყნის ღალატად შეაფასა და საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის ღია მხარდაჭერის ნაცვლად, სიჩუმისკენ მოუწოდა.

ულტრამემარჯვენე პრორუსული ძალების პროპაგანდისტული რიტორიკა ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე გააქტიურდა.
2 თებერვალს პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ  „ალტ-ინფოს“ გადაცემა  „დღის კომენტარში“ განაცხადა, რომ ნატოს რეალური მისია „მართლმადიდებელი ქვეყნების განადგურებაა“.

12 თებერვალს გადაცემა „ალტ ანალიტიკის“ წამყვანებმა მიმოიხილეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, სადაც „კონსერვატიული მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა გიორგი ქარდავამ და თავმჯდომარე ზურა მახარაძემ დასავლეთი წარმოაჩინეს სუსტ მხარედ, რომელიც უკრაინის კრიზისის ფონზე, ვერც საქართველოს დაიცავს.   

კრემლისტური მედია საშუალების „საქართველო და მსოფლიოს“ ონლაინ პლატფორმაზე   ქვეყნდება სტატიები, სადაც ავტორები ღიად ახდენენ ნატოს სამხედრო ალიანსისა და აშშ-ს დემონიზაციას, ხოლო უკრაინასთან მიმართებაში იმეორებენ კრემლისტურ ნარატივებს, რომ რუსეთი მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად იბრძვის.

ულტრამემარჯვენე დისკურსში, ასევე გაჩნდა ღია მოწოდებები  საქართველოს რუსეთის მიერ ინიციირებულ „3+3“ ფორმატში ჩართვასთან დაკავშირებით. „პრიმაკოვის ფონდის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფეისბუქ გვერდზე 22 იანვარს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ევროატლანტიკური სივრცისადმი კუთვნილების საკითხის ჩაწერა ქვეყანას შესაძლებლობას უსპობს მონაწილეობა მიიღოს რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმაში.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე, 21 თებერვალს,  ულტრამემარჯვენე პარტიებმა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“, „ქართულმა მარშმა“ და მათთან აფილირებულმა 50-მდე ორგანიზაციამ, ღია წერილით მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. წერილში აღნიშნულია, რომ ისინი ემხრობიან საქართველოს  სამხედრო ნეიტრალიტეტს და ამის ფონზე, რუსეთთან ურთიერთობის დათბობას. აღნიშნული საქართველოში ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტების პრორუსული საგარეო კურსის ღია და მასშტაბური დემონსტრაციაა.
რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024