GEO   ENG
ანგარიშები
DRI: უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი ხარვეზიანია
22.06.2022
22 ივნისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI) სამუშაო შეხვედრა გამართა და შუალედური ანგარიში „უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები“ წარადგინა.

ანგარიშში გაანალიზებულია საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია, საკანონმდებლო ჩარჩო და პარლამენტის წევრებთან პირისპირ ჩატარებული ინტერვიუები. აქვე წარმოდგენილია უსაფრთხოების სექტორის საპარლამენტო ზედამხედველობის მოდელების მიმოხილვა.

წარმომადგენლობით დემოკრატიაში საპარლამენტო ზედამხედველობა ძალაუფლების კონტროლის და დაბალანსების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების სექტორზე, რომელსაც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე აქვს მიდრეკილება, ჩამოყალიბდეს „სახელმწიფოდ სახელმწიფოში“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციით, ერთი შეხედვით, გაიზარდა უსაფრთხოების სექტორზე  კონტროლის მექანიზმები, მაინც რჩება მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები, რაც უსაფრთხოების სექტორს ზედამხედველობის მიღმა ტოვებს. აღნიშნულს კიდევ უფრო ართულებს უსაფრთხოების სექტორის საქმიანობისთვის დამახასიათებელი საიდუმლოების მაღალი ხარისხი.

DRI-ის ანგარიშში განხილულია ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებასთან დაკავშირებული პრობლემები. რეგლამენტის ჩანაწერის მიუხედავად, დღეს ნდობის ჯგუფში ხუთის ნაცვლად,  ოთხი წევრია, საიდანაც უმრავლესობას (3 წევრი) მმართველი პარტიის წევრები შეადგენენ. საკანონმდებლო ვალდებულების არარსებობის პირობებში, ნდობის ჯგუფის საქმიანობა გაუმჭვირვალეა. საზოგადოებისთვის დამალულია ჯგუფის სხდომების დღის წესრიგიც კი.

DRI-ის კვლევა ასევე მიმოიხილავს სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს, რომელიც უკიდურესად ზოგადი და შაბლონურია, რაც პარლამენტის წევრებს ვერ შეუქმნის სუს-ის საქმიანობასთან დაკავშირებით რეალურ წარმოდგენას და ვერ მიაწოდებს იმ მოცულობის ინფორმაციას, რაც ამ უკანასკნელს საპარლამენტო კონტროლისთვის სჭირდება.

დადებითი ტენდენციის სახით უნდა აღინიშნოს, რომ დეპუტატების მიერ წერილობითი კითხვის გამოყენების დინამიკა განვლილ წლებთან შედარებით გაზრდილია. ამასთან, განსხვავებით წინა წლებისგან, 2021 წლიდან შეიმჩნევა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გააქტიურება. თუმცა, თვალსაჩინოა, რომ კითხვის ადრესატები ხშირ შემთხვევაში იყენებენ განსხვავებულ მიდგომას იმის მიხედვით, თუ ვინაა კითხვის ავტორი: პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყებების მხრიდან უპასუხოდ დატოვებულია ან არასრულყოფილად და ბუნდოვნად აქვს გაცემული პასუხები ძირითადად საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასმულ შეკითხვებს.

უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები (შუალედური ანგარიში)

პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი

საქართველოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა. 

10.06.2026
კორუფცია აფხაზეთში და რუსული გავლენები

აფხაზეთში კორუფცია დიდი ხანია გასცდა ცალკეული სამართალდარღვევების ფარგლებს და სისტემურ კრიზისად იქცა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო მმართველობის ყველა სფეროს მოიცავს. 

05.06.2026
DRI-მ გაეროში ახალგორელი აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეზე კომუნიკაცია წარადგინა

14 მაისს, DRI-იმ ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე გაეროს თვითნებური დაკავებების სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაცია წარადგინა. 

04.06.2026