GEO   ENG
სიახლეები
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის“ სამოქმედო გეგმის განსაჯაროებას ითხოვს
19.11.2019

2019 წლის 29 მაისს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ წერილობით მიმართა საქართველოს მთავრობას და 2019 წლის 23 იანვარს დამტკიცებული „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმის გაცნობა მოითხოვა. საქართველოს მთავრობის კანცელარიის 2019 წლის 5 ივნისის წერილით გვეცნობა, რომ სამოქმედო გეგმა არ წარმოადგენს საჯარო დოკუმენტს და შესაბამისად, მასზე წვდომა შეზღუდულია საზოგადოებისთვის.

სამოქმედო გეგმის განსაჯაროების მიმართ არსებული საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, 2019 წლის 18 სექტემბერს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინადადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამოქმედო გეგმის (ან მისი ნაწილის) განსაიდუმლოების შესახებ. ვინაიდან, აღნიშნულ წერილზე პასუხი ვერ მივიღეთ კანონით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგაც, 2019 წლის 15 ნოემბერს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა  და სამოქმედო გეგმის (ან მისი ნაწილის) განსაიდუმლოება მოითხოვა.

„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის მოხსენებული პრევენციისა და ინფორმაციის შეგროვების მიზნებისათვის სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიურ წრეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, აღნიშნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის (ან მისი ნაწილის) გაცნობის გარეშე, შეუძლებელი იქნება სავარაუდო თანამშრომლობის სფეროების მიმოხილვა და შესაბამისი პროექტების დაგეგმვა, რაც ეჭვქვეშ აყენებს „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის მიზნების შესრულებას და აჩენს კითხვებს, რამდენად რეალურია შესაბამისი ორგანოების სურვილი, აღნიშნული დოკუმენტი პრაქტიკაში დანერგონ.

მიუხედავად „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს ეროვნული სტრატეგიის ჩანაწერისა, ექსტრემიზმისა და რადიკალური იდეოლოგიის მატარებელი ნარატივების გავრცელების პრევენციისა და ანალიზის კუთხით ხელისუფლებას ამ დრომდე არ გამოუჩენია მზაობა. ამ მიმართულებით არ ფუნქციონირებს არცერთი პროგრამა. გარდა ამისა, ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს ექსტრემიზმისა და რადიკალური იდეოლოგიის გავრცელების პრევენციისათვის ბრძოლაში აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის შესაძლო გზებს, გასაიდუმლოებულია. დოკუმენტის სრულიად უსაფუძვლო დასაიდუმლოება დაინტერესებულ  არასამთავრობო ორგანიზაციებს და ფართო საზოგადოებას უსპობს შესაძლებლობას, ექსტრემიზმისა და რადიკალური იდეოლოგიის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთონ და შესაბამის სტრუქტურებთან ითანამშრომლონ. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, შესაბამისი ნორმატიული აქტები საქართველოშიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის პრევენციის მიზნებისათვის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რისთვისაც საკმარისად ვერ ჩაითვლება ნორმატიული ბაზის შექმნა.  ექსტრემიზმისა და რადიკალური იდეოლოგიის გავრცელების პრევენციისა და ანალიზის პროცესში საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობა კი შეუძლებელია მინიმუმ იმ დოკუმენტის საჯაროდ ხელმისაწვდომობის გარეშე, რომელიც წესით, აღნიშნული თანამშრომლობის ჩარჩოებს უნდა განსაზღვრავდეს.

პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024