GEO   ENG
ანგარიშები
ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტიურობის ანალიზი სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში
06.10.2022
საქართველოში ულტრამემარჯვენე ძალები მცდარი საზოგადოებრივი განწყობების შექმნის, საზოგადოებაში ირაციონალური შიშების გაღვივებისა და მხარდამჭერთა მობილიზაციის მიზნით, ტრადიციულად, სოციალურ ქსელებს და ონლაინ მედია პლატფორმებს იყენებენ.  ულტრამემარჯვენე ძალების სამოქმედო დღის წესრიგის, რიტორიკისა და ძირითადი ნარატივების ანალიზის მიზნით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ერთი წლის განმავლობაში - 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები შეაჯამა. საანგარიშო პერიოდში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში გავრცელებული პროპაგანდისტული შინაარსის 2,163 შემთხვევა გააანალიზა.

დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე დისკურსი დროში ტრანსფორმაციით ხასიათდება და ულტრამემარჯვენეების რიტორიკაც კონკრეტული პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენების მიხედვით იცვლება. მაგალითად, თუ საანგარიშო პერიოდის საწყის ეტაპზე აქტუალური იყო თვითმმართველობის არჩევნები, მასთან დაკავშირებული ანტიდასავლური გზავნილები და „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციის მცდელობები, 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პანდემიის ფონზე შემოღებული რეგულაციების პარალელურად, გააქტიურდა ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობები. 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ანტი-დასავლურმა და მეტიც, მკვეთრად პრორუსულმა რიტორიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პარალელურად, ულტრამემარჯვენე ღიად პრორუსულმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ასევე სრულმასშტაბიანი საინფორმაციო ომი გააჩაღეს, რომლის სამიზნე აუდიტორიაც ქართული საზოგადოება იყო. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში მოქმედი ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების და მათი ლიდერების პროპაგანდისტულ შეფასებებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, რაც სოციალური ქსელების და კრემლის პოლიტიკასთან ღიად დაკავშირებული მედია საშუალებებით ვრცელდებოდა. საქართველოში მიმდინარე საინფორმაციო ომი ხასიათდებოდა ომის საფრთხეზე მუდმივი ხაზგასმით და ამ გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშების გაღვივებით, ევროსკეპტიციზმით და ღიად პროკრემლისტური პროპაგანდის ფონზე კოლექტიური „დასავლეთის“ დისკრედიტაციით.

საანგარიშო პერიოდში ერთგვარ ტენდენციად გამოიკვეთა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ლიდერებს იდენტური გზავნილები აქვთ ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა - ომის საფრთხე და ევროსკეპტიციზმი, რაც ძირითადად ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციაში და დასავლეთისა და დასავლური ღირებულებების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენაში გამოიხატება. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტიურობის ანალიზი სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართვა ევროკომისარ ვარჰეის
მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის.
23.03.2023
DRI: ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას დე ფაქტო გამშვებ პუნქტზე ტვირთის გადატანას უკანონოდ უზღუდავენ
DRI-ის ინფორმაციით, 2022 წლიდან მოსახლეობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტვირთის გადატანას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უთანხმებს. 
21.03.2023
DRI: „ქართული ოცნება“ აგრძელებს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციის საინფორმაციო კამპანიას
ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ აპირებს საკუთარი პოლიტიკური საქმიანობის მუდმივ ნაწილად აქციოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის მტრის იარლიყის მიწებება.
10.03.2023