GEO   ENG
სიახლეები
DRI ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების ერთი წლის შედეგებს აჯამებს
06.10.2022
5 ოქტომბერს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობაზე ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციის ფარგლებში DRI-იმ წარმოადგინა ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე და პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ საქმიანობაზე დაკვირვების შედეგები, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეების სასამართლო მონიტორინგის ანგარიში და ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტიურობის ანალიზი სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში.  

პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ საქმიანობა

„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკური წარმონაქმნია. მისი საშუალებით ულტრამემარჯვენე დაჯგუფება, რომელიც საზოგადოებაში თავდაპირველად ტელევიზიის ფორმით გამოჩნდა, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვას ცდილობს. „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ ლიდერები 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არიან. თუმცა მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.

ინფორმაცია „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ ფინანსების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ხელმისაწვდომი არ იყო, იმის მიუხედავად, რომ პარტიის დამფუძნებლების განცხადებით, ისინი სრულიად გამჭვირვალედ ფინანსდებოდნენ როგორც ადგილობრივი, ისე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრები ბიზნესმენების მხრიდან.

დაფუძნებიდან 2022 წლის 15 სექტემბრის  ჩათვლით, „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოსთვის“ შეწირული ოფიციალურად დეკლარირებული თანხა 391,656 ლარია. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს პარტიას ფინანსური ბრუნვა ჰქონდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ინფორმაცია დაუმალა. ასევე, 2021 წლის 14 დეკემბრიდან 2022 წლის 15 მაისამდე, სხვადასხვა დროს და პირისგან პარტიამ ჯამში 72,494 ლარის ოდენობით არაფულადი შემოწირულება მიიღო, რაც დამალა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის არ წარუდგენია.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, „კონსერვატიულ მოძრაობას/ალტ-ინფოს“ შემომწირველები თანხას ერთი და იგივე პერიოდულობით, ძირითადად თვის ერთი და იგივე რიცხვებში სწირავენ. პარტიის შემომწირველების აბსოლუტური უმრავლესობა პარტიის რეგიონული ოფისების ხელმძღვანელები არიან. თავის მხრივ, მათ უმრავლესობას პარტიისთვის თანხა რამდენჯერმე აქვს შეწირული. ამჟამინდელი მონაცემებით, საერთო ჯამში, პარტიამ 370-ჯერ მიიღო შემოწირულება 94 ფიზიკური პირისგან. 94 შემომწირველიდან 73-ს შემოწირულება რამდენჯერმე აქვს განხორციელებული.

„კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ ყველაზე მსხვილი შემომწირველი ზურაბ კობახიძეა. მან პარტიას ჯამურად 33,723 ლარი შესწირა. არც ზურაბ კობახიძის და არც მისი მეუღლის სახელზე უძრავი ქონება არაა რეგისტრირებული. პარტიის ყველაზე მსხვილი ხუთი შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ ორი - მერაბ გიგანი და კახაბერ ელიზბარაშვილი ფლობენ.

„კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ დამფინანსებლები ცალკეულ შემთხვევებში „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან. პარტიის ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველი ზეზვა ჩანქსელიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის, მურად ჩანქსელიანის შვილია. მის საკუთრებაში არსებული კომპანია მონაწილეობას იღებს და იგებს სახელმწიფო ტენდერებს. „კონსერვატიული მოძრაობის“ დამფინანსებლებს შორის ასევე აღსანიშნავია ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი და ბიზნესმენი გია გოთუაც. ის პარტიის ლანჩხუთის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია.  მის მფლობელობაშია შპს „ივერია 7“, რომელიც აქტიურად იღებს მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში. 2012 წლიდან მოყოლებული კომპანიას მოგებული აქვს 11,299,642.33 ლარის ღირებულების კონტრაქტები. 77 ტენდერიდან შპს „ივერია 7“ 44 ტენდერში უკონკურენტოდ იყო წარმოდგენილი.

მესტიაში პარტიის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა გიორგი რატიანი, რომელიც 2017 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის თანამშრომელი იყო და მესტიის მუნიციპალიტეტს კურირებდა. რატიანის მსგავსად, დმანისის ოფისის ხელმძღვანელი, გიორგი არღვლიანიც ე.წ. ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომელია. 2013 წელს ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მესტიის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

ახმეტაში კონსერვატიული მოძრაობის რეგიონული ოფისი „ქართული ოცნების“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის კახა მამულაშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ფართში მდებარეობს. წყალტუბოს საკრებულოს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ავთანდილ მხეიძის შვილის რევაზ მხეიძის საკუთრებაშია „კონსერვატიული მოძრაობის“ წყალტუბოს ოფისის ფართი.
 
2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეების სასამართლო მონიტორინგი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ დარბევაში ბრალდებული პირების სასამართლო სხდომებს აკვირდებოდა. სასამართლო სხდომების მონიტორინგი 2021 წლის 3 ნოემბრიდან 2022 წლის 4 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. მონიტორინგის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებელი 57 სასამართლო სხდომას დაესწრო.

სასამართლო სხდომებზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ 5 ივლისის ძალადობა წინასწარ იყო ორგანიზებული. ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორების არსებობას როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეები, ისე სხდომაზე გამოკვლეული ვიდეო მტკიცებულებებიც ადასტურებდა. ამასთან, როგორც საჯაროდ გავრცელებული, ისე საგამოძიებო ორგანოების მიერ მოპოვებული ვიდეო ჩანაწერები ცხადყოფდა, რომ 5 ივლისის საქმეებში მსჯავრდებულების რაოდენობაზე ბევრად მეტი მოძალადე ფიგურირებდა. სამართალდამცავი სტრუქტურების უმოქმედობის გამო, მასობრივ ძალადობაში მონაწილე არაერთი პირი პასუხისმგებლობის გარეშე დარჩა, ვინაიდან სახელმწიფო ბრალდების მხარემ მათი იდენტიფიცირება, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, ბრალის წაყენება და მტკიცებულებების მოპოვება არ უზრუნველყო. გარდა ამისა, პროკურატურის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობამ სასამართლოს შესაძლებლობა მისცა ბრალდებულების მიმართ წაყენებული ბრალი მძიმე მუხლებიდან მსუბუქ მუხლებზე გადაეკვალიფიცირებინა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ბრალდებულების ნაწილისთვის განსაზღვრული სასჯელი ჩადენილი ქმედებების არაპროპორციულია, რამაც შესაძლოა მომავალში წაახალისოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები.
 
ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციები

2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ჩატარებულ 18 აქციას დააკვირდა.

მონიტორინგის ანგარიშში, რომელიც აქციებზე დაკვირვების შედეგებს ასახავს, თემატურად არის დაჯგუფებული ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები: ვაქცინაციისა და ციფრული კოვიდ-პასპორტების (შემდგომში „კოვიდ პასპორტის“) საწინააღმდეგო აქციები; ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სუბიექტებად ტრანსფორმაციის პროცესი; 5-6 ივლისის ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე ბრალდებულების მხარდაჭერა და 17 მაისისა და „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით გამართული აქციები.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შესამჩნევი იყო სამართალდამცავებსა და ორგანიზატორებს შორის კოორდინირებული მოქმედება,  ფამილარული კომუნიკაცია და პოზიტიური ურთიერთკავშირი. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების ხანგრძლივი გამოცდილება აჩვენებს, რომ შეკრება-მანიფესტაციების მართვისას, სამართალდამცავების დამოკიდებულება საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ არათანმიმდევრული და არაერთგვაროვანია. ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო აქტივისტების მიმართ გატარებული მკვეთრად რეპრესიული პოლიტიკისგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ულტრამემარჯვენე, ცალკეულ შემთხვევაში ძალადობრივი აქციების მონაწილეების მიმართაც კი ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩევიან.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლებას გააჩნია ძალადობრივი ჯგუფების დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციის ქმედითი შესაძლებლობები. 2021  წლის 5 ივლისისგან განსხვავებით, როდესაც ხელისუფლების დანაშაულებრივმა უმოქმედობამ ძალადობრივ ჯგუფებს შესაძლებლობა მისცა დაერბიათ ჟურნალისტები და მშვიდობიანი მოქალაქეები, 2022 წლის „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დროს სამართალდამცავებმა ქვიარ თემისა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლების ფიზიკური უსაფრთხოება უზრუნველყვეს.
 
ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტიურობის ანალიზი სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში

საქართველოში ულტრამემარჯვენე ძალები მცდარი საზოგადოებრივი განწყობების შექმნის, საზოგადოებაში ირაციონალური შიშების გაღვივებისა და მხარდამჭერთა მობილიზაციის მიზნით, ტრადიციულად, სოციალურ ქსელებს და ონლაინ მედია პლატფორმებს იყენებენ.  ულტრამემარჯვენე ძალების სამოქმედო დღის წესრიგის, რიტორიკისა და ძირითადი ნარატივების ანალიზის მიზნით, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ერთი წლის განმავლობაში - 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგები შეაჯამა. საანგარიშო პერიოდში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში გავრცელებული პროპაგანდისტული შინაარსის 2,163 შემთხვევა გააანალიზა.

დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში ულტრამემარჯვენე დისკურსი დროში ტრანსფორმაციით ხასიათდება და ულტრამემარჯვენეების რიტორიკაც კონკრეტული პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენების მიხედვით იცვლება. მაგალითად, თუ საანგარიშო პერიოდის საწყის ეტაპზე აქტუალური იყო თვითმმართველობის არჩევნები, მასთან დაკავშირებული ანტიდასავლური გზავნილები და „ნაციონალური მოძრაობის“ დისკრედიტაციის მცდელობები, 2021 წლის ნოემბერ-დეკემბერში, პანდემიის ფონზე შემოღებული რეგულაციების პარალელურად, გააქტიურდა ვაქცინაციის საწინააღმდეგო განწყობები. 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, ანტი-დასავლურმა და მეტიც, მკვეთრად პრორუსულმა რიტორიკამ ახალი სიცოცხლე შეიძინა.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების პარალელურად, ულტრამემარჯვენე ღიად პრორუსულმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა ასევე სრულმასშტაბიანი საინფორმაციო ომი გააჩაღეს, რომლის სამიზნე აუდიტორიაც ქართული საზოგადოება იყო. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოში მოქმედი ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების და მათი ლიდერების პროპაგანდისტულ შეფასებებს უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ, რაც სოციალური ქსელების და კრემლის პოლიტიკასთან ღიად დაკავშირებული მედია საშუალებებით ვრცელდებოდა. საქართველოში მიმდინარე საინფორმაციო ომი ხასიათდებოდა ომის საფრთხეზე მუდმივი ხაზგასმით და ამ გზით საზოგადოებაში ირაციონალური შიშების გაღვივებით, ევროსკეპტიციზმით და ღიად პროკრემლისტური პროპაგანდის ფონზე კოლექტიური „დასავლეთის“ დისკრედიტაციით.

საანგარიშო პერიოდში ერთგვარ ტენდენციად გამოიკვეთა, რომ „ქართული ოცნებისა“ და ულტრამემარჯვენე დაჯგუფების ლიდერებს იდენტური გზავნილები აქვთ ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა - ომის საფრთხე და ევროსკეპტიციზმი, რაც ძირითადად ოპოზიციური ძალების დისკრედიტაციაში და დასავლეთისა და დასავლური ღირებულებების ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენაში გამოიხატება. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციები
ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტიურობის ანალიზი სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში
2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი დარბევის საქმეების სასამართლო მონიტორინგი
ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ გაერთიანებაზე "კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო" დაკვირვების შედეგები
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024