GEO   ENG
ანალიზი
DRI-ის რეკომენდაციები უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად
19.10.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად  რეკომენდაციებით მიმართა.

საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, სამართალდამცველი უწყებების ანგარიშვალდებულება და მათზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენს. ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესის მხარდასაჭერად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ჩართული იყო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში. ჯგუფმა გაითვალისწინა DRI-ის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიური ანგარიშის პარლამენტისთვის წარდგენა მხოლოდ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვალდებულებაა. თუმცა, სხვა რეკომენდაციები, რომლებიც უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის გაძლიერებას ეხებოდა, არ განიხილა იმ მოტივით, რომ ამ საკითხებზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფი. არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის ხელოვნურად დაწესებული ბარიერების გამო, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა აღნიშნული ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა ვერ შეძლო.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, შეიმუშავა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით რეკომენდაციების პაკეტი, რომელთა დიდი ნაწილი, სწორედ, ნდობის ჯგუფს ეხება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალმა რეგლამენტმა გააძლიერა ნდობის ჯგუფის მანდატი, დაკვირვება აჩვენებს, რომ საპარლამენტო ზედამხედველობა უსაფრთხოების ინსტიტუტებზე ხარვეზიანია. საკანონმდებლო ხარვეზებს შორისაა უსაფრთხოების სექტორში შემავალი უწყებებისთვის მინიჭებული ფართო შესაძლებლობა - თავი აარიდონ ანგარიშვალდებულებას პარლამენტის წინაშე; ასევე, ნდობის ჯგუფის შემადგენლობასთან, მის დაკომპლექტებასთან, საქმიანობის გაუმჭვირვალობასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის რეკომენდაციაა გაუქმდეს ნდობის ჯგუფი და მისი უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს.

ნდობის ჯგუფის გაუქმებამდე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის რეკომენდაციებია:
 
  • ნდობის ჯგუფის ანგარიშვალდებულების და მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში აისახოს ნდობის ჯგუფის ვალდებულება, საქართველოს პარლამენტს ყოველწლიურად ან წელიწადში ორჯერ წარუდგინოს ნდობის ჯგუფის საქმიანობის ანგარიში.
  • რეგლამენტის ჩანაწერს, რომელიც ნდობის ჯგუფის დაკომპლექტებას განსაზღვრავს, დაემატოს ჩანაწერი, რაც ნდობის ჯგუფის წევრის დასახელების უფლებას მისცემს არა მხოლოდ ერთ ოპოზიციურ ფრაქციას, არამედ საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ პოლიტიკური ჯგუფებს/ფრაქციას/ფრაქციებს.
  • ნდობის ჯგუფის სხდომები გაიმართოს სულ მცირე თვეში ერთხელ, რომლის მოწვევის უფლებით ისარგებლებს ნდობის ჯგუფის ნებისმიერი წევრი, რაც საპარლამენტო ოპოზიციას მისცემს შესაძლებლობას, უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებლადაც განახორციელოს.
  • რეგლამენტის დღეს მოქმედი რედაქცია, ნდობის ჯგუფის წევრებს არ აძლევს შესაძლებლობას ანგარიშვალდებულ უწყებებში ვიზიტი დაწესებულების ხელმძღვანელის ინფორმირების გარეშე განახორციელონ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, აღნიშნული ჩანაწერი სამსახურს აძლევს შესაძლებლობას, ვიზიტისთვის „სათანადოდ მოემზადოს“. ნდობის ჯგუფის ვიზიტები შესაბამის უწყებებში უნდა განხორციელდეს უწყებების წინასწარი ინფორმირების გარეშე.  
  • ნდობის ჯგუფის წევრებისთვის შესაბამის უწყებებს მხოლოდ ისეთი ინფორმაციის მიწოდებაზე შეეძლოთ უარის თქმა, რომელიც მათი საქმიანობის ფარულ ფორმებსა და მეთოდებს ეხება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ასევე, უნდა გაუქმდეს რეგლამენტის ჩანაწერი, რომელიც კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დაბარების განსხვავებულ წესს ადგენს.

DRI-ის რეკომენდაციები უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გასაძლიერებლად
DRI: „კონსერვატიულო მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემოსავალი, შესაძლოა, ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურ წყაროებში ჩანს

DRI აგრძელებს ულტრამემარჯვენე ძალადობრივი დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ფინანსებსა და შემომწირველებზე დაკვირვებას. 2023 წლის აგვისტოში რადიკალურმა მოძრაობამ მხოლოდ ერთი შემოწირულება მიიღო.

25.09.2023
ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა
საშვის მიღებასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობას საშვის ასაღებად ქრთამის მიცემისკენ უბიძგებს. ეს კორუფციული მექანიზმი ადგილობრივი მუნიციპალური და უშიშროების სამსახურების ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობაა.
25.09.2023
სანქცირებული ფარცხალაძე - რუსული აგენტურის კვალი ქართულ პოლიტიკაში
14 სექტემბერს,  ოთარ ფარცხალაძისთვის  აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების სატელიტი პოლიტიკური გაერთიანების „ხალხის ძალისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. 
22.09.2023