GEO   ENG
ანგარიშები
ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკა არასპონტანური და წინასწარ განზრახულია
05.12.2022
ბოლო წლებში საქართველოში ანტიგენდერული მოძრაობები შესამჩნევად გაძლიერდა. ამ ტენდენციას თან ერთვის გენდერული ძალადობის ნორმალიზება, ქალთა მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაცია და ჰომოფობიური განწყობების გაღვივება.

ანტიფემინისტური განწყობები და ანტიგენდერული რიტორიკა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და მათი ლიდერების სამოქმედო დღის წესრიგში. ეს ჯგუფები მცდარი საზოგადოებრივი განწყობების შესაქმნელად აქტიურად იყენებენ სოციალურ და ონლაინ მედია პლატფორმებს, სადაც ხშირად ავრცელებენ ქალთა წინააღმდეგ მიმართულ გზავნილებს. მათი ანტიგენდერული რიტორიკა უმეტეს შემთხვევაში, არასპონტანური და წინასწარ განზრახული კამპანიით ხასიათდება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2022 წლის სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში ქალი პოლიტიკოსების, უფლებადამცველებისა და სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი შინაარსის 165 შემთხვევა გააანალიზა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, ულტრამემარჯვენე აქტორები საქართველოში აქტიურად ახდენენ ქალების დისკრედიტაციას ისეთი მორალური ინდიკატორებით, როგორებიცაა ჩაცმის სტილი, მორჩილება, აბორტი, რელიგიურობა და ა.შ. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ფემინისტების წინააღმდეგ და სწორედ მათ სდებენ ბრალს კონსერვატიული ტიპის ოჯახის ფასეულობების ნგრევაში, სადაც მთავარი ფიგურა და შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირი მამაკაცია. 

ამ ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკა ხშირ შემთხვევაში ერწყმის ჰომოფობიურ განწყობებს. ულტრამემარჯვენეები დამაკნინებელი ტერმინებით მოიხსენიებენ ლგბტქ პირებს და ლგბტქ მოძრაობასა და ფემინისტებს ქალების მთავარ მოწინააღმდეგეებს უწოდებენ. ამ მხრივ, საანგარიშო პერიოდში ულტრამემარჯვენე ლიდერების აგრესიული და ჰომოფობიური რიტორიკის სამიზნე აღმოჩნდა ფრანგული მოდის სახლის „Balenciaga-ს“ შემოქმედებითი ხელმძღვანელი დემნა გვასალია, რომელსაც თბილისის მერმა კახა კალაძემ საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. 

საანგარიშო პერიოდში, ანტიგენდერული რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ლიდერები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ დამფუძნებელი რამაზ გაგნიძე. ანტიგენდერული სარედაქციო პოლიტიკით განსაკუთრებით აქტიურობდა „ალტ-ინფოს“ გუნდი.

საანგარიშო პერიოდში სოციალური ქსელების და ონლაინ მედიის მონიტორინგმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერულ ონლაინ დისკურსში ორი ძირითადი მიმართულება გამოკვეთა, რომელთა გარშემოც ინტერაქცია ყველაზე მაღალი იყო:

  1. მადისკრედიტირებელი კამპანია სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველობის ქალი კანდიდატის წინააღმდეგ - ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიის „კონსერვატიული მოძრაობის/ალტ-ინფოს“ ლიდერებისა და მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს“ აგრესიული რიტორიკის სამიზნე აღმოჩნდნენ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველობის კანდიდატი ანა აბაშიძე.
  2. ანტილიბერალური რიტორიკა, რომელიც მიმართული იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წინააღმდეგ. ულტრამემარჯვენე ჯგუფები „ქართული იდეა“, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ გადაცემა „პრაიმ ჰაუსის“ დახურვას მოითხოვდნენ, რომელსაც დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ „გარყვნილების პროპაგანდას“ უწოდებდნენ.
საანგარიშო პერიოდის კიდევ ერთ მიგნებას წარმოადგენს ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციების თანხვედრა. 2022 წლის 26 ნოემბერს ხაშურში ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე თავდასხმის ფაქტი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და „ალტ-ინფოს“ გუნდმა ერთნაირად შეაფასეს, როგორც ლიბერალური მედიისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანიის მძიმე შედეგი. ულტრამემარჯვენე აქტორები ასევე გამოეხმაურნენ საქართველოში მოხშირებული ფემიციდის შემთხვევებს და „ქალთა მოძრაობის“ ბრძოლა ფემიციდის წინააღმდეგ ლიბერალური ძალების ეკლესიაზე თავდასხმად შეაფასეს. 

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკა და ტენდენციები სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში

რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები

უკანონო დაკავებებთან, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებასთან, წახალისებულ ძალადობასთან ერთად ,,ქართული ოცნება“ რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით ცდილობს ფართომასშტაბიანი პროტესტის ჩახშობას. 

17.03.2025
ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვა ცხინვალის რეგიონში (პოლიტიკური მონაწილეობა)

ცხინვალის რეგიონში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა მკვეთრად შეზღუდულია. 

05.03.2025
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გარემოს შეფასება
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით პირველად ჩატარდა
14.02.2025