GEO   ENG
ანალიზი
DRI-ის მოსაზრებები ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის შესახებ
13.12.2022
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა შეაფასა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტი და კრიტიკული მოსაზრებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს გაუგზავნა.

2022 წლის 5 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა და საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.[1]

საქართველოს პარლამენტის მიერ 2014 წელს დამტკიცებული ადამიანის უფლებათა პირველი ეროვნული ვადა 2020 წლის ბოლოს ამოიწურა. სტრატეგიის ახალ ვერსიაზე სამთავრობო უწყებები დახურულ ფორმატში 2 წელზე მეტს მუშაობდნენ, თუმცა დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი მხოლოდ 2022 წლის 23 აგვისტოს გახდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი იმედგაცრუებულია ადამიანის უფლებათა სტრატეგიის შემუშავების არაინკლუზიური პროცესით. სტრატეგიაში მითითებული ინფორმაციის[2]  საწინააღმდეგოდ, მისი შემუშავების პროცესში, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ჩართულები არ ყოფილან.

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული სტრატეგია მოიცავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებს, რაც მისასალმებელია, თუმცა, მასში გათვალისწინებული არ არის შემდეგი უმნიშვნელოვანესი საკითხები:

  • მართლმსაჯულების სისტემის განვითარების კუთხით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირების აუცილებლობა;
  • მოსამართლეთა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • სამართალდამცავების მხრიდან ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების ეფექტიანი გამოძიება;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მანდატის განხორციელების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხი;
  • სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  • ადრეული ქორწინების პრევენცია;
  • საქართველოს შრომის კანონმდებლობის რეფორმის გაგრძელებისა და გაუმჯობესების საკითხი;
  • განგრძობადი ოკუპაციის აღმოფხვრის/პრევენციის საკითხი;
  • ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქალთა, ლგბტ თემის, ბავშვთა და შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი;
  • ოკუპირებულ ტერიტორიებზე სავარაუდო წამების ფაქტების ეფექტიანი გამოძიებისა და პრევენციული ზომების გამოყენების საკითხი;
ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღება წარმოადგენს კარგ პრაქტიკას, რომელიც 2014 წელს დაინერგა. თუმცა, მნიშვნელოვანია, სტრატეგიის პარლამენტის მიერ მიღების პროცესმა სიმბოლური დატვირთვის გარდა, რეალური მნიშვნელობაც შეიძინოს, რაც წარმოუდგენელი იქნება დოკუმენტის განხილვის პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ინტერესთა ჯგუფების მოსაზრებების გაზიარების შესაძლებლობის გარეშე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს მოსაზრებებს მათ შორის, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც წინამდებარე სტრატეგიაში გათვალისწინებული არ არის. ორგანიზაციის შეფასებით, წინამდებარე რეკომენდაციების გათვალისწინება დადებითად აისახება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხზე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებები ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის თაობაზე



 
[1] Parliament.ge (ვებგვერდი), ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წინადადების საფუძველზე, პარლამენტის ბიურომ სტრატეგიის კომიტეტზე განხილვის ვადა 11 ოქტომბრიდან 30 დღით გადაავადა. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება N 188/9, 10 ოქტომბერი, ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/307879
[2] საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის, საუბრობს სტრატეგიის შემუშავების პროცესში, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო ჩართულობაზე. გვ. 2
DRI: „კონსერვატიულო მოძრაობა/ალტ-ინფოს“ შემოსავალი, შესაძლოა, ბევრად მეტია, ვიდრე ოფიციალურ წყაროებში ჩანს

DRI აგრძელებს ულტრამემარჯვენე ძალადობრივი დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ფინანსებსა და შემომწირველებზე დაკვირვებას. 2023 წლის აგვისტოში რადიკალურმა მოძრაობამ მხოლოდ ერთი შემოწირულება მიიღო.

25.09.2023
ცხინვალის შერჩევითი მობილობის პოლიტიკა კორუფციის და ახალგორელების დისკრიმინაციის წყაროა
საშვის მიღებასთან დაკავშირებული ხელოვნური დაბრკოლებები მოსახლეობას საშვის ასაღებად ქრთამის მიცემისკენ უბიძგებს. ეს კორუფციული მექანიზმი ადგილობრივი მუნიციპალური და უშიშროების სამსახურების ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობაა.
25.09.2023
სანქცირებული ფარცხალაძე - რუსული აგენტურის კვალი ქართულ პოლიტიკაში
14 სექტემბერს,  ოთარ ფარცხალაძისთვის  აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა ხელისუფლების სატელიტი პოლიტიკური გაერთიანების „ხალხის ძალისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან. 
22.09.2023