GEO   ENG
ანალიზი
DRI: ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრას გულისხმობს, არ სრულდება
26.12.2022
ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის მოსაზრებაში პოლიტიკური პოლარიზაცია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ მთავარ მიზეზადაა დასახელებული, რაც მიანიშნებს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციას  შორის პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება რიგით პირველ რეკომენდაციად  შემთხვევით არ იყო დასახელებული.

ევროკომისიის მოსაზრებიდან ნათლად ჩანდა, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად გადადგმულ ნაბიჯებად შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობა სხვადასხვა თემატურ სამუშაო ჯგუფებში, საერთო მოლაპარაკების მაგიდასთან.

თუმცა „ქართული ოცნების“ გეგმა ევროკომისიის პირველი რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის რეკომენდაციის სულისკვეთებას და შინაარსს თავიდანვე აცდენილი იყო. პოლიტიკური პოლარიზაციის დასაძლევად საკვანძო საკითხებზე ოპოზიციასთან თანამშრომლობის ნაცვლად, „ქართული ოცნების“ გეგმა პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფის შექმნას ითვალისწინებდა, რაც პოლიტიკოსების განცხადებებზე პერმანენტულ დაკვირვებას, მათ შესწავლას  და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადებას გულისხმობდა. შექმნის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფის საქმიანობა შეიძლება დამატებით გამხდარიყო პოლარიზაციის გაღრმავების და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. რეალურად, მმართველი პარტიის გეგმის ეს ნაწილი არ შესრულდა.

დღეს, 17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მოსაზრების გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ნაწილს პოლარიზაციის დასაძლევად ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ და პოლიტიკური პოლარიზაცია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გზაზე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მაგალითად, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო სამუშაო ჯგუფების მუშაობაში; სამუშაო ჯგუფების მუშაობაში შეზღუდული იყო სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა; მმართველმა პოლიტიკური ძალამ უგულებელყო ოპოზიციურის მიერ ინიციირებული კანონის პროექტები; კონსენსუსურ ვერსიებზე შეთანხმების ნაცვლად, ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ალტერნატიული გეგმები წარმოადგინეს როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ოპოზიციასთან კონსენსუსის საფუძველზე არჩევა, იყო კიდევ ერთი შესაძლებლობა, ევროკომისიის პირველი რეკომენდაციის შესასრულებლად. თუმცა, პოლარიზაციის დაძლევა ვერც ამ შემთხვევაში მოხერხდა.

შესაბამისად, ამ ეტაპზე, ევროკომისიის პირველი რეკომენდაცია, რაც მხარეებს შორის პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრას გულისხმობს, - არ სრულდება. ამ მიმართულებით პროგრესის არარსებობა კი ევროინტეგრაციის პროცესის სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.


ევროკომისიის რეკომენდაცია 1 - პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის გადაჭრა

რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026