GEO   ENG
ანალიზი
DRI: ევროკომისიის მეოთხე რეკომენდაცია, რომელიც კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას გულისხმობს, ამ ეტაპზე შესრულებულად ვერ ჩაითვლება
18.01.2023
ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადზე ევროკომისიის მოსაზრებაში პრობლემად დასახელდა საქართველოში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების არარსებობა, რომელსაც უნდა დაეძლია კორუფციის მიმართულებით არსებული გამოწვევები და რისკები: თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, მამხილებელთა დაცვის უფრო ძლიერი მექანიზმების შემუშავება, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ფინანსების მონიტორინგისთვის აუცილებელი ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაუმჯობესება, ელიტარული კორუფციის აღმოფხვრა.

ევროკომისიის მოსაზრებიდან ნათლად ჩანდა, რომ ევროკავშირის რეკომენდაცია გულისხმობდა ისეთი ანტიკორუფციული ორგანოს შექმნას, რომელიც ეფექტურად შეძლებდა კორუფციასთან ბრძოლას ყველა დონეზე, მათ შორის, უმაღლესი თანამდებობის პირების მიმართაც. ამ მიზნის შესასრულებლად ევროკომისია ყურადღებას ამახვილებდა ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალეობაზე, პოლიტიკური კონტროლისგან დამოუკიდებლობაზე და ასევე ამ ორგანოსთვის საგამოძიებო მანდატის მინიჭების აუცილებლობაზე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა არაერთხელ გაუსვა ხაზი კორუფციული დანაშაულების გამოძიების არაეფექტიანობას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მინიჭებული კორუფციული დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება, მანდატის დუბლირებასა და რესურსების არარაციონალურ ხარჯვას იწვევს, რის ფონზეც მთავარი გამოწვევა  - ელიტური კორუფციის აღმოფხვრა - მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

„ქართული ოცნების“ გეგმა ევროკომისიის მეოთხე რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციის სულისკვეთებას და შინაარსს თავდაპირველად მნიშვნელოვნად  აცდენილი იყო. მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული პროექტი ფორმალურადაც არ ეხებოდა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების საკითხს, მამხილებელთა დაცვას, პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო კამპანიის ფინანსების მონიტორინგისთვის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებას. არასამთავრობო სექტორის მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რომ პარლამენტმა მათ მიერ წარდგენილი რეკომენდაციების ნაწილი კანონის პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს გაითვალისწინა. კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრის გარდა, ითვალისწინებს ბიუროსთვის შემდეგი ფუნქციების გადაცემას: თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი, მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესება, კანონის შესაბამისად მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.

თუმცა კანონი არ ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. მათ შორის, ახლად შექმნილი უწყების პოლიტიკური დამოუკიდებლობის გარანტიებს, რადგან ბიურო ინსტიტუციურად და ფუნქციურად დამოკიდებულია მთავრობაზე. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელსაც კანონი მოუგვარებლად ტოვებს, ანტიკორუფციული ბიუროსთვის საგამოძიებო მანდატის არ მინიჭებაა, რაც ზღუდავს ბიუროს უფლებამოსილებას და კორუფციასთან (მათ შორის განსაკუთრებით ელიტურ კორუფციასთან) ბრძოლის შესაძლებლობებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შექმნილ ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფს არ გაუწევია სათანადო ძალისხმევა (შეხვედრების სიმცირე, პოლიტიკური ნების არარსებობა) ევროკომისიის რეკომენდაციის შესასრულებლად. მიუხედავად საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნების ნაწილის (მამხილებელთა დაცვის გაუმჯობესება, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების შემოწმება, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი) გათვალისწინებისა, ევროკომისიის რეკომენდაცია ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ, რომელიც გააერთიანებდა ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციას, განსაკუთრებით კი, საგულდაგულოდ გადაჭრიდა მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებს - ამ ეტაპზე სრულად შესრულებულად ვერ ჩაითვლება. 

ევროკომისიის რეკომენდაცია - 4.1. ანტიკორუფციული რეფორმა
DRI პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას აფასებს
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 2019-დან 2022 წლის ჩათვლით, არც ერთხელ არ დაუბარებიათ. თუმცა, 2023 წელს, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივით, ვახტანგ გომელაური პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 
28.09.2023
DRI: 2 ივნისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს პოლიციელთა თვითნებობის წახალისებას და უხეშად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება,რითაც მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო სამოქალაქო აქტივისტები ბანერების შინაარსის გამო, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას.
28.09.2023
ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის აპრილი-აგვისტოს ჩათვლით სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული/ანტიფემინისტური შინაარსის 210 შემთხვევა გააანალიზა.
26.09.2023