GEO   ENG
ანალიზი
DRI: მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების პროცესი ფორმალურია და აცდენილია რეკომენდაციის შინაარსს
02.02.2023
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის მიერ გამოცემული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთ საკვანძო საკითხს მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული რეკომენდაცია წარმოადგენს.

რეკომენდაციის შესასრულებლად, აუცილებელ წინაპირობას საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება და მართლმსაჯულების რეფორმის სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის მიღება წარმოადგენდა.    

2022 წლის 4 აგვისტოს სასამართლო რეფორმის საკითხებზე სამუშაოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი  შეიქმნა. სამუშაო ჯგუფში ჩართვის სურვილი შვიდმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გამოთქვა, თუმცა, ჯგუფში მუშაობის შესაძლებლობა ყველას არ მიეცა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ფორმალურად ინკლუზიური იყო, მმართველმა პარტიამ არ დაუშვა სამუშაო ჯგუფში ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ჩართულობა.

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა დოკუმენტები, რომელიც მართალია ფორმალურად შესაბამისობაშია „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილ გეგმასთან, თუმცა შინაარსობრივად ვერ აკმაყოფილებს ევროკომისიის რეკომენდაციას. ეს ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ „ქართულ ოცნებას“ იმთავითვე არ ჰქონია ევროკომისიის  რეკომენდაციის შესრულების ინტერესი.

მმართველმა პარტიამ საკუთარი გეგმა ვადებთან მიმართებით მცირედით დაარღვია - „საერთო სასამართლოების შესახებ კანონის პროექტი“ პარლამენტში 2022 წლის 9 ნოემბერს დარეგისტრირდა. თუმცა, გეგმის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტს 2022 წლის 15 ნოემბრამდე უნდა აერჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრი, დღემდე არ შესრულებულა. შესაბამისად, ევროკომისიის მოთხოვნის მიუხედავად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო კვლავ არასრული შემადგენლობით განაგრძობს საქმიანობას.

სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა
 
2022 წლის 3 ოქტომბერს იურიდიულმა კომიტეტმა სასამართლო რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა[1] წარმოადგინა. თავის მხრივ, ეს დოკუმენტი წარმოადგენს  პუნქტობრივ ჩამონათვალს და არ ითვალისწინებს სამოქმედო გეგმით გასატარებელი ღონისძიებების შინაარსს, ვადებს, პასუხისმგებელ პირებს, მონიტორინგს მექანიზმებს, რაც არა მხოლოდ დოკუმენტის სტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემაა, არამედ შეუძლებელს ხდის მისი კონკრეტული შინაარსის დადგენას და ეფექტიანობის შეფასებას.

დოკუმენტი ითვალისწინებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოებას, დავის განხილვის ალტერნატიული მექანიზმების გაძლიერების მეშვეობით სასამართლოების განტვირთვას, მოსამართლეების სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერებას, სერვისების გაუმჯობესებას და სხვ. რაც თავისთავად პოზიტიური ნაბიჯებია, თუმცა არ პასუხობს ევროკავშირის რეკომენდაციას მართლმსაჯულების მთლიანი ჯაჭვის დამოუკიდებლობასა და იუსტიციის საბჭოს მასშტაბური რეფორმის უზრუნველყოფის თაობაზე. ამ საკითხზე დოკუმენტში არაფერია ნათქვამი.

კანონის პროექტი ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ევროკომისიის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი მოამზადა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში 9 ნოემბრის თარიღით დარეგისტრირდა.[2] კანონპროექტი აუმჯობესებს ქვემდგომი ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობის სტანდარტს, თუმცა საერთოდ არ პასუხობს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომელიც ეუთო/ოდირის ანგარიშშია[3] წარმოდგენილი და რომლის გათვალისწინების ვალდებულებასაც ევროკომისიის რეკომენდაციები სახელმწიფოს პირდაპირ აკისრებს.


ევროკომისიის რეკომენდაცია 3 - მართლმსაჯულების რეფორმა

 
[1] parliament.ge (ვებგვერდი), ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3k0MbnQ
[2] Parliament.ge (ვებგვერდი), „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, N 07-3/265/10, 09.11.2022, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/legislation/25094  
[3] osce.org  (ვებგვერდი), საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეოთხე ანგარიში, 2021 წელი, აგვისტო. ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/files/f/documents/3/4/496273.pdf
„ქართული ოცნების“ ახალი იერიში სამოქალაქო თავისუფლებაზე - გრანტების კრიმინალიზაცია

DRI ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მორიგ ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო პაკეტს.

04.03.2026
ახალგორში გადაადგილების საშვების გაცემა მოსახლეობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს

2025 წლის ბოლოდან ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას გადაადგილების საშვებზე ვადა გაუვიდა.

26.02.2026
აფხაზეთში სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას რუსეთი სადამსჯელო პოლიტიკით პასუხებს

5 თებერვალს რუსეთში აფხაზი იურისტი ირაკლი ბჟინავას დაკავება კრემლის მიერ აფხაზეთის ანექსიის გაგრძელების ნაწილია. 

17.02.2026