ანტიგენდერული რიტორიკა ულტრამემარჯვენე ჯგუფების სამოქმედო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია
საქართველოში ანტიგენდერული მოძრაობების გაძლიერება მკვეთრად თვალშისაცემი ტენდენციაა, რომელიც ხასიათდება გენდერული ნიშნით ძალადობის ნორმალიზებით, ქალთა მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაციითა და ჰომოფობიური განწყობების გაღვივების მცდელობით. საქართველოში ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობენ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, პოლიტიკური ლიდერები და მედია წარმომადგენლები. ისინი მიზოგინური და სექსისტური გზავნილების გასავრცელებლად ხშირად იყენებენ სოციალურ მედიას და ონლაინ მედია პლატფორმებს.
ულტრამემარჯვენე ჯგუფების სექსისტური, მიზოგინური და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების იდენტიფიცირებისა და ანალიზის მიზნით, DRI-იმ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში ქალი პოლიტიკოსების, უფლებადამცველების, სექსუალური უმცირესობების და ყოფილი სახალხო დამცველის წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი შინაარსის 225 შემთხვევა გააანალიზა.
საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერულ რიტორიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფემიციდის, როგორც მნიშვნელოვანი გამოწვევის, სრული იგნორირებისა და უარყოფის პრაქტიკას, რაც განსაკუთრებით საზიანო და სახიფათოა ქალებისთვის. ამის ფონზე, მიმდინარეობს კოორდინირებული, დეზინფორმაციული მედია კამპანია ქალთა უფლებადამცველებისა და გენდერული მოძრაობების წინააღმდეგ.
ფემინისტების წინააღმდეგ მიმართული აგრესიული და მადისკრედიტირებელი გზავნილები ხშირ შემთხვევაში ერწყმის ანტიდასავლურ რიტორიკას. ულტრამემარჯვენე ლიდერები ცდილობენ საზოგადოებაში შექმნან „გარყვნილი დასავლეთის“ ხატი, რომლის ღირებულებებიც შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან. ამის საპირწონედ, ისინი მხარდამჭერებს ერთმორწმუნე რუსეთთან მოკავშირეობას სთავაზობენ.
წინამდებარე კვლევაზე მუშაობის პერიოდში, მონიტორინგმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერულ დისკურსში ორი ძირითადი მიმართულება გამოკვეთა, რომელთა გარშემოც ონლაინ ინტერაქცია განსაკუთრებით მაღალი იყო:
- ფემიციდის უარყოფა - საქართველოში ულტრამემარჯვენე აქტორები ხშირ შემთხვევაში საერთოდ არ აღიარებენ გენდერული ნიშნით არსებულ ძალადობრივ პრაქტიკებს და ამ უარყოფის პოლიტიკას აქტიურად იყენებენ ქალთა უფლებადამცველებისა და გენდერული მოძრაობების დემორალიზაციისთვის. საანგარიშო პერიოდში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ქალთა წინააღმდეგ მიმართული ორი შემზარავი ძალადობის ფაქტი. კერძოდ, 2022 წლის 26 ნოემბერს ხაშურში ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზვნის გაუპატიურება და მასზე ძალადობა და 2023 წლის იანვარში ბელგიაში ტრანსგენდერი ქალის ლიზა ქისტაურის მკვლელობა. ორივე შემთხვევაში, მათ მორალური პასუხისმგებლობა ლიბერალური დღის წესრიგის მქონე მედია საშუალებებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დააკისრეს.
- ჰომოფობიური რიტორიკა - საქართველოში ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერულ დისკურსში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების გაღვივების ტენდენცია. ამ მოტივით, ისინი ხშირად ცდილობენ ოპონენტთა დისკრედიტაციას და აგრესიული რიტორიკის სამიზნედ აქცევენ მედია საშუალებებს და ლიბერალური ღირებულებების მქონე სამოქალაქო სექტორისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს.
DRI-ის დაკვირვებით, ულტრამემარჯვენე აქტორები საქართველოში აქტიურად პოზიციონირებენ რელიგიურ-კონსერვატორული განწყობებით, რომელიც გამორიცხავს ქალს როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. მათი განმარტებული „ოჯახის სიწმინდის“ ნარატივი ქალისგან მკაცრად მოითხოვს მორჩილებას და აკისრებს თმენის ვალდებულებას. ამ მხრივ, საანგარიშო პერიოდში
ულტრამემარჯვენე ჯგუფებისა და საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციების თანხვედრა მნიშვნელოვან მიგნებას წარმოადგენს. რელიგიური მოტივებით წარმოებული ანტიგენდერული რიტორიკა საზიანო და სახიფათო პრაქტიკებს ამკვიდრებს ქალთა წინააღმდეგ.
ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიგენდერული რიტორიკა და ტენდენციები სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში