GEO   ENG
ანგარიშები
საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებისა და სასამართლოს შერჩევითი მიდგომა
07.02.2023
7 თებერვალს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა  ანგარიშის „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში მოიცავს 2022 წლის პირველი თებერვლიდან 2023 წლის პირველი იანვრის ჩათვლით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციებსა და პერფორმანსებზე დაკვირვების შედეგებს. საანგარიშო პერიოდში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამკვირვებლები 50 საპროტესტო აქციას დააკვირდნენ. პროტესტი გამოწვეული იყო სხვადასხვა მიზეზებით და მის მთავარ ადრესატს ძირითადად საქართველოს ხელისუფლება წარმოადგენდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებამ აჩვენა, რომ 2020-2021 წლებთან შედარებით, მშვიდობიანი შეკრების დროს დაკავებულ პირთა რაოდენობა და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების სიხშირე შემცირებულია. თუმცა, კვლავ აქტუალური რჩება სამართალდამცველების და სასამართლოს შერჩევითი მიდგომა აქციაზე დაკავებული პირების მიმართ - როგორც წესი, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციებზე დაკავებულ პირებს სასამართლო არაპროპორციულად მაღალ ჯარიმებს უფარდებს, მაშინ როდესაც სამართალდამცველები ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციებზე დაკავებულ პირებს სიტყვიერი გაფრთხილების სანაცვლოდ ათავისუფლებენ.

სახელმწიფოს შერჩევით დამოკიდებულებას წარმოაჩენს სხვადასხვა მიზნით გამართულ აქციაზე პოლიციელთა განსხვავებული რაოდენობით მობილიზება. მაგალითად, თუ პრეზიდენტის რეზიდენციასთან 2022 წლის 28 დეკემბერს გამართულ კონტრაქციას, რომელშიც 1000-მდე დემონსტრანტი მონაწილეობდა, დაახლოებით 50 სამართალდამცავი ესწრებოდა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გასაპროტესტებელ აქციაზე 150-მდე დემონსტრანტის ქცევას დაახლოებით 50 სამართალდამცავი მეთვალყურეობდა. რამდენიმე შემთხვევაში, სამართალდამცავებმა დემონსტრანტები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს.

მონიტორინგის ანგარიშის მთავარი მიგნებებია:

  • სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამართული აქციები, როგორც წესი, უშედეგოდ მთავრდება.
  • აქციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკური მოთხოვნებით ან პოლიტიკოსის მხარდაჭერის მიზნით იმართებოდა. სოციალური ტიპის აქციების რაოდენობა უკიდურესად მცირე იყო.
  • განსაკუთრებით მასშტაბური ხასიათის იყო საქართველოს ევროპული საგარეო არჩევანის მხარდასაჭერად 2022 წლის ივნის-ივლისში გამართული აქციები.
  • აქციების დროს, ცალკეულ შემთხვევაში, სამართალდამცავების რაოდენობა დემონსტრანტების რაოდენობას უტოლდებოდა ან აღემატებოდა.
  • პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ კონტრაქციას, მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით, არაპროპორციულად მცირე რაოდენობის სამართალდამცავები ესწრებოდნენ.
  • საანგარიშო პერიოდში აქტუალური იყო სამართალდამცავების მხრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლისა და 173-ე მუხლების არასათანადო გამოყენება, რასაც სასამართლოებიც იზიარებდნენ.
  • ზოგიერთ შემთხვევაში, დემონსტრანტები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დააკავეს.
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 2021 წელს ასახული გამკაცრებული ნორმების მთავარი ადრესატები მმართველი პარტიისადმი ოპოზიციურად განწყობილი მხარეები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები არიან.
  • სამართალდამცველების და სასამართლოს მიდგომა აქციაზე დაკავებული პირების მიმართ შერჩევითია. როგორც წესი, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ ორგანიზებულ აქციებზე დაკავებულ პირებს სასამართლო არაპროპორციულად მაღალ ჯარიმებს უფარდებს, მაშინ როდესაც სამართალდამცველები ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციებზე დაკავებულ პირებს სიტყვიერი გაფრთხილების სანაცვლოდ ათავისუფლებენ.

    საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026