GEO   ENG
სიახლეები
„ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური განცხადებები პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა
17.02.2023
ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების  რიტორიკაში გახშირდა ევროსკეპტიკური და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის მიმართ უარყოფითი განცხადებები.  თუ აქამდე ამ დამოკიდებულებით მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ის წევრები გამოირჩეოდნენ, რომლებმაც ე.წ. „ხალხის ძალის“ სახელით ინიღბებიან, ანალოგიური განცხადებები უკვე ღიად ისმის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან, თბილისის მერისგან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის დეპუტატებისგან.

ამ განცხადებებით „ქართული ოცნების“ ლიდერები ცდილობენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ვერ მიღება წარმოაჩინონ როგორც ერთი მხრივ, უმნიშვნელო, არაფრად ჩასაგდები მოვლენა და მეორე მხრივ, როგორც უსამართლო გადაწყვეტილება.

„ქართული ოცნება“ ხშირად მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს, რომელიც რეალურად იმსახურებს კანდიდატობას, შესაძლოა ევროკავშირმა „პოლიტიკური“ მოსაზრებებით არ მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი. განცხადებების ეს ნაწილი განსაკუთრებით დემაგოგიურია, ვინაიდან ევროკავშირი, პირველ რიგში, სწორედ პოლიტიკური გაერთიანებაა და ამ კავშირში გაწევრიანებისთვის უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის ნაწილში თანხვედრა (მედიის და გამოხატვის თავისუფლება, პარტიული ზეგავლენისგან სასამართლოს დამოუკიდებლობა, პოლარიზაციის შემცირება, სახალხო დამცველის შესარჩევად თუ სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად მრავალპარტიული მონაწილეობა) და მხოლოდ ამის შემდეგ, სხვა ლეგალისტური და ეკონომიკური პარამეტრების ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ამიტომაც, ცალკეული სამართლებრივი თუ ეკონომიკური რეფორმების ჩატარება ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, ავტომატურად ვერ გახდება მისი წევრობის საფუძველი, თუ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება შეფერხებული და ერთპარტიული კონტროლის ქვეშაა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერების ანტიდასავლური რიტორიკის მიზანია, საზოგადოების ნეგატიური განწყობა მიმართოს ევროკავშირისკენ და არა მის მიერ მიღებული, ქვეყნის ევროპული მომავლის დამაზიანებელი გადაწყვეტილებებისკენ, რაც რეალურ საფრთხეს უქმნის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი მკაფიოდ განსაზღვრავს ქართველი ხალხის ნებას და აცხადებს, რომ  „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“

„ქართულ ოცნებას,“ მიუხედავად ხელისუფლებაში ყოფნისა, არ აქვს კონსტიტუციურ ჩანაწერში გაცხადებული სახალხო ნების შესაცვლელი ლეგიტიმაცია.  ეს დაადასტურა 2022 წლის 20 ივნისს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე ათეულ ათასობით მოქალაქის შეკრებამაც. აუცილებელია ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ მომავალს, საქართველოს განვითარებას ახლაც, განუხრელად უკავშირებენ ევროინტეგრაციას.

ევროინტეგრაციის პროცესის შეფერხების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ აირიდებს შეცდომაში შემყვანი  საინფორმაციო კამპანიის დახმარებით. საკუთარი უმოქმედობის სხვისთვის გადაბრალების ნაცვლად, ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა გადადგას ნაბიჯები პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, დემოკრატიული  პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის საფუძველი იქნება.
DRI პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლას აფასებს
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 2019-დან 2022 წლის ჩათვლით, არც ერთხელ არ დაუბარებიათ. თუმცა, 2023 წელს, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივით, ვახტანგ გომელაური პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა. 
28.09.2023
DRI: 2 ივნისის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს პოლიციელთა თვითნებობის წახალისებას და უხეშად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას
თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება,რითაც მოსამართლემ სამართალდამრღვევებად ცნო სამოქალაქო აქტივისტები ბანერების შინაარსის გამო, წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას.
28.09.2023
ანტიგენდერული რიტორიკა და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებული დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის აპრილი-აგვისტოს ჩათვლით სოციალურ ქსელებში და ონლაინ მედიაში ანტიგენდერული/ანტიფემინისტური შინაარსის 210 შემთხვევა გააანალიზა.
26.09.2023