GEO   ENG
სიახლეები
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ხელი შეუშალოს საგამოძიებო კომისიის შექმნას, პარლამენტის მუშაობის პარალიზებას იწვევს
19.04.2023
საქართველოს პარლამენტში უკვე მეორე დღეა საპარლამენტო უმრავლესობა პროცედურული საბოტაჟის გზით ცდილობს დაბლოკოს საგამოძიებო კომისიის შესახებ კენჭისყრა. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ შეძლო კომისიის შესაქმნელად საჭირო 50 ხმის მობილიზება, საპარლამენტო უმრავლესობის მთელი შემადგენლობა კენჭისყრამდე რეგისტრაციაზე უარს აცხადებს, რის გამოც კვორუმისთვის აუცილებელი რაოდენობის 76 ხმა ვერ გროვდება. შესაბამისად, ვერ ხერხდება კენჭისყრა.

საგამოძიებო კომისია საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმია. კომისიის საქმიანობის ფარგლებში პარლამენტს შესაძლებლობა აქვს დეტალური ინფორმაცია მიიღოს შესაბამისი უწყებებისგან შესაძლო დანაშაულების შესახებ. საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლებამოსილების მინიჭება არანაკლებ 50 დეპუტატისთვის გულისხმობს დემოკრატიული ზედამხედველობის ამ ბერკეტის დაუბრკოლებლად გამოყენებას საპარლამენტო ოპოზიციის მიერ. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან კენჭისყრის ჩაშლა და ოპოზიციისთვის ხელის შეშლა საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად, აზრს უკარგავს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მიზანს,  მისცეს ოპოზიციას საზედამხედველო უფლებამოსილების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა.   

„ქართული ოცნება“ საკუთარ გადაწყვეტილებას  მოსამართლეების მიმართ სოლიდარობით ხსნის. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია არადამაჯერებელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება გაურბის სასამართლოში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ საუბარს. საგამოძიებო კომისიის შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრალურ საკითხად აქცევდა სასამართლოში არსებულ პრობლემებს, რაც, როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის არასასურველია. „ქართული ოცნების“ კატეგორიული წინააღმდეგობა შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლო სისტემაში შესაძლო კორუფციული გარიგებების და ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაციის გამოაშკარავებისთვის ხელის შეშლას. 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული არაფორმალური პოლიტიკური გავლენები გამოუაშკარავებელი არ დარჩება. საგამოძიებო კომისიის საკითხზე კენჭისყრის ჩაგდება მხოლოდ დროებით გადაავადებს სასამართლო ხელისუფლებაში დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული პირებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026