GEO   ENG
სიახლეები
გაძლიერებული კონტროლი გალსა და სოხუმში
21.04.2023
2023 წლის აპრილის მდგომარეობით, აფხაზეთში კონტროლი გაძლიერებულია, განსაკუთრებით, ახალგაზრდების მიმართ.

გალის რეგიონში კვლავ გამოწვევად რჩება იმ ადგილობრივების „პასპორტიზაციის“ საკითხი, ვინც არ დათმო საქართველოს მოქალაქეობა. 2023 წლის დასაწყისიდან, გალელების უმრავლესობის დროებითი გადაადგილების დოკუმენტებს 5 წლიანი მოქმედების ვადა ამოეწურა. საჭირო დოკუმენტები გალის მოსახლეობის ნაწილმა 2022 წლის ბოლოს ჩააბარა.  გადაადგილების დოკუმენტის სანაცვლოდ, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახური ითხოვს ბოლო 5 წლის განმავლობაში  აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნის დადასტურებას. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით პრობლემურია სტუდენტებისთვის და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივებისთვის. მოსახლეობის ეს ნაწილი 2023 წლის 1 მარტს დაიბარეს სამართალდამცავ უწყებაში და შეატყობინეს, რომ გადაადგილების დოკუმენტს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებენ, რაც გადამოწმდება, ხომ არ ეწევიან თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობას. გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტების მიღებაში ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა, გადაადგილების თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს და შედეგად იწვევს გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისთვის განათლებაზე, დასაქმებაზე და სხვა საბაზისო საჭიროებებზე წვდომის შეზღუდვას.

მარტის ბოლოს, გალის საჯარო სკოლებში დასაქმებულ ეთნიკურად ქართველი მასწავლებლები აფხაზეთის საწინააღმდეგო პროპაგანდასა და იდეოლოგიის გავრცელებაში დაადანაშაულეს და საყვედური გამოუცხადეს მათი შვილების საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისა და ზუგდიდში ხშირი სიარულის გამო. 2022 წლის ზაფხულის მონაცემებით, გალში მცხოვრები 350 აბიტურიენტიდან სოხუმში ჩააბარა 5-მა, მოსკოვში 20-მა, დანარჩენი კი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლობს. უმაღლესი განათლების საქართველოში მიღების მსურველთა სტაბილური სტატისტიკის გათვალისწინებით, 2023 წლის 16-17 მარტს გალის ადგილობრივმა დე ფაქტო ხელისუფლებამ კულტურის სახლში აბიტურიენტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო გალელი ახალგაზრდების დაყოლიება განათლების რუსეთში მიღებაზე, რის სანაცვლოდაც პრივილეგიებს დაჰპირდნენ. ახალგაზრდებს შესთავაზეს ოლიმპიადაში „გზა მწვერვალისკენ“ მონაწილეობა, სადაც საპრიზო ადგილების დაკავების შემთხვევაში, რუსეთის უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტზე უგამოცდოდ მოხვედრას შეძლებენ. აბიტურიენტებს უფასო საერთო საცხოვრებლით უზრუნველყოფასაც დაჰპირდნენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, გაძლიერებული კონტროლი მხოლოდ გალელებს არ ეხებათ. დე ფაქტო უშიშროების სამსახურში ზოგჯერ დაკითხვაზე იბარებენ ასევე ეთნიკურად აფხაზ პირებს, რომლებიც რაიმე მიზეზით მიემგზავრებიან უცხოეთში.
კორუფციის წინააღმდეგ არა შერჩევითი, არამედ რეალური ბრძოლაა საჭირო

23 დეკემბერს საქართველოს პროკურატურამ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების შესახებ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა

25.12.2025
საქართველო ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ადამიანის უფლებების გარეშე ხვდება

2025 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველო პრაქტიკულად ადამიანის უფლებების გარეშე ხვდება.

09.12.2025