GEO   ENG
სიახლეები
კორუფცია გალში - რა ღირს მიმოსვლის და ბიზნესის თავისუფლება?
02.05.2023
ვადაგასული ბინადრობის მოწმობები

გალელებს, რომლებმაც აფხაზური და რუსული პასპორტების აღებაზე უარი თქვეს, 2017-2018 წლებში ე.წ. ბინადრობის მოწმობები დაურიგდათ, რაც დროებითი გადაადგილების დოკუმენტადაც ითვლება. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლას გალის მაცხოვრებლები სწორედ ამ მოწმობით ახერხებდნენ. თუმცა, ვინაიდან ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა 5 წელია, გალელების უმრავლესობა 2023 წლის დასაწყისისთვის გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტების გარეშე დარჩა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ („О правовом положении иностранных граждан“) აფხაზურ ე.წ. კანონში 2023 წლის იანვარში შეტანილმა ცვლილებებმა ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა გაართულა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი უკვე წერდა, რომ გადაადგილების დოკუმენტის გასაცემად, გალელებს ბოლო 5 წლის განმავლობაში  აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნის დადასტურება მოსთხოვეს. ეს მოთხოვნა განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სტუდენტებისა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივებისთვის. პრობლემის მოსაგვარებლად გალელებს კორუფციულ გამოსავალ შესთავაზეს. გალში უწყვეტად ცხოვრების დასადასტურებლად ყალბი საბუთის დამზადება ასი ათასი რუბლი (დაახლოებით 3,110 ლარი) ღირს.

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი, დოკუმენტის არ ქონის გამო გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობას ფაქტობრივად ვერ ახერხებდა. ამჟამად, პრობლემის სრულად გადაწყვეტამდე და მოსახლეობის პროტესტის გასანეიტრალებლად, ფორმა #9-ის მოქმედების ვადა მარტის ბოლოდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა მოსახლეობას აფხაზეთში უწყვეტად ცხოვრების დასადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ქრთამის გადახდა, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს.

ენგურის ხიდზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებული გადასახადი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში გალსა და ენგურის ხიდს შორის მოძრავი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები დე ფაქტო მილიციაში  დაიბარეს და მუშაობის უფლების გასაგრძელებლად, ქრთამი მოსთხოვეს. მძღოლები დღიურად 300 რუბლს (დაახლოებით, 9.5 ლარი) იხდიან, აქედან, როგორც ამბობენ, 100-100 რუბლი მორიგე მილიციელებისთვისაა განკუთვნილი, 100 რუბლი კი ადგილობრივი დე ფაქტო სახელმწიფო ავტო-საგზაო ინსპექციის („გაი“) უფროსს ზურაბ ჯინჯოლიას ეკუთვნის.

დამატებითი „გადასახადი“ ინვესტიციისთვის

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში წარმოშობით გალელ ინვესტორს, რომელმაც რეგიონში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა გადაწყვიტა, ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქრთამის სახით 1 მილიონი რუბლი (დაახლოებით 31,100 ლარი) მოსთხოვეს. საწარმოს წარმატებით ფუნქციონირების შემთხვევაში, ბიზნესმენს დამატებით აცნობეს, რომ მოგებიდან წილი სამი მიმართულებით უნდა გაენაწილებინა: დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, ადგილობრივი მილიციისთვის და ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლებისთვის. შედეგად, ინვესტორმა გალში ინვესტირებაზე უარი განაცხადა.
DRI: 2024 წელს უსაფრთხოების სექტორის მიმართ პარლამენტის წევრების კითხვების რაოდენობა კვლავ კრიტიკულად დაბალია
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გააანალიზა 2024 წლის 1 იანვრიდან 15 მარტამდე პერიოდში პარლამენტის წევრების მიერ უსაფრთხოების სექტორში შემავალ უწყებებში გაგზავნილი კითხვებისა და მათზე მიღებული პასუხების შინაარსი. 
25.03.2024
მოსამართლეთა კონფერენციის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გამოყენება დაუშვებელია

ხელმომწერი ორგანიზაციები მივმართავთ თითოეულ მოსამართლეს, არ მისცენ საშუალება, იარაღად იყვნენ გამოყენებულნი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგ.

24.03.2024
DRI-მ სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების/განადგურების სისხლის სამართლებრივ ნორმასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა. სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან.
21.03.2024