GEO   ENG
სიახლეები
DRI ასაჩივრებს შსს-ს უარს 7-8 მარტის აქციების დაშლასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწოდებაზე
15.05.2023
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს არ მოაწოდა 2023 წლის 7-8 მარტის აქციების დაშლასთან დაკავშირებით გამოთხოვილი ინფორმაცია, მათ შორის, აქციაზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად შს სამინისტროს თანამდებობის პირების მიერ გაცემული ბრძანებების ასლები; ინფორმაცია  გამოყენებული სპეციალური საშუალებებისა და აქციაზე შეკრებილი ადამიანებისთვის დასაშლელად მიცემული დროის შესახებ; მონაცემები, შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი რამდენი სამართალდამცავი იყო ჩართული აქციის დაშლის ღონისძიებებში; ვინ ხელმძღვანელობდა 2023 წლის 7 და 8 მარტს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად შს სამინისტროს მიერ წარმოებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ღონისძიებებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და მოქმედ კანონმდებლობას, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გარანტიას იძლევა. სწორედ ამიტომ, 11 მაისს ორგანიზაციამ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

შსს-ს თანახმად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. თუმცა, შსს-ს არ წარმოუდგენია ინფორმაციის დასაიდუმლოების შესაბამისი საფუძველი და მხოლოდ კანონზე ზოგადი მითითებით შემოიფარგლა.

სახელმწიფო საიდუმლოება არის ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, მიჩნეულია საიდუმლო ინფორმაციად.

DRI ამტკიცებს, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია არ ექცევა იმ ინფორმაციათა კატეგორიაში, რომელიც შეიძლება საიდუმლო ხასიათის იყოს:

  • გამოთხოვილი ინფორმაციის მიმართ მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი
  • 7-8 მარტის აქციაზე ფიზიკური დაზიანება მიიღო არაერთმა პირმა; მათი სრულფასოვანი მკურნალობისთვის, აუცილებელია ინფორმაცია გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ
  • სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე შესაბამისი უწყებები ვალდებულები არიან, წინასწარ გააფრთხილონ სათანადო პირები და მისცენ მათ საკმარისი დრო, პოლიციელის ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად; შესაბამისად, ინფორმაცია იმის შესახებ, დაიცვა თუ არა შესაბამისმა უწყებამ ეს სტანდარტი, არ შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფო საიდუმლოებას
  • გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ ინფორმაციის დასაიდუმლოება, შეუძლებელს ხდის გარე, დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას და შესაბამის სამსახურებს აძლევს შესაძლებლობას, უკონტროლოდ გამოიყენონ სპეციალური საშუალებები, მათ შორის, ის საშუალებები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით
  • საქართველოს კანონი სახელმწიფო საიდუმლოებად მიიჩნევს ინფორმაციას დანაყოფების ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების შესახებ მხოლოდ თავდაცვის სფეროში (სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის ა) პუნქტის ა.ა) ქვეპუნქტი). კანონის თანახმად, მართლწესრიგის დაცვის სფეროში, საპროტესტო აქციების დროს ადგილზე მობილიზებული დანაყოფებისა და სამართალდამცავთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება წარმოადგენდეს სახელმწიფო საიდუმლოებას.
შეკრების და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის ლეგიტიმურობის შესამოწმებლად საზოგადოების შეკითხვებზე თავის არიდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონზე დაყრდნობით და მისი ფართო და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციით, საფრთხეს უქნის შეკრების თავისუფლებას ქვეყანაში და ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების ხალხისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების კონსტიტუციურ პრინციპს.
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026
სექტემბერი — ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსული გავლენების გაფართოების თვე

სექტემბერი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთში რუსული გავლენების გაფართოების თვედ შეგვიძლია მივიჩნიოთ. 

06.10.2026
კანონი გრანტების შესახებ: 2025 წლის შეზღუდვები და 2026 წლის ცვლილებები

კანონი გრანტების შესახებ არ წარმოადგენს დამოუკიდებელ რეგულაციას. იგი 2023 წლიდან ჩამოყალიბებული მრავალშრიანი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია.

05.10.2026