GEO   ENG
სიახლეები
DRI: საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიერ 12 პრიორიტეტის კეთილსინდისიერად შესრულების განზრახვას
18.05.2023
საქართველოს პარლამენტმა ერთი მოსმენით მხარი დაუჭირა მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ კანონის პროექტს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი.

შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. საქართველოს პარლამენტი ცესკოს 7 წევრს  და ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

კანონის პროექტის მიხედვით, ცესკოს წევრებისა და თავმჯდომარის ასარჩევად უმრავლესობას საპარლამენტო ოპოზიციის ხმები აღარ დასჭირდება, რადგან საქართველოს პარლამენტის წევრთა 2/3-ის ნაცვლად, საკმარისი იქნება სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების 2/3-ით არჩევა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო.[1] თუმცა, ამ ნაწილში, მმართველმა პარტიამ შეთანხმება 2021 წლის დეკემბერშიც დაარღვია.[2]

შემოთავაზებული ცვლილებით, მმართველი პარტია მიზნად ისახავს პროცესიდან გამორიცხოს როგორც ოპოზიციის, ისე პრეზიდენტის როლი, რაც, ხელს არ შეუწყობს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი, დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ფორმირებას.

კონსტიტუციის მიხედვით, ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობს საქართველოს ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში. მმართველმა პარტიამ ორგანული კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობა, ცესკოს წევრების შესარჩევად შექმნილ საკონკურსო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის მონაწილეობით ფორმალურად დააზღვია.[3]

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, ევროკომისიის პრიორიტეტების შესრულების დროს მთავარი რეკომენდაცია გადაწყვეტილებების ფართო პოლიტიკური კონსენსუსით მიღებაა. მმართველი პარტიის მხრიდან შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვქვეშ საქართველოს ხელისუფლების განზრახვას, კეთილსინდისიერად შეასრულოს ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 პრიორიტეტი.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, არ  დაუშვას ინიციირებული კანონის პროექტის მიღება და გააგრძელოს მუშაობა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესასრულებლად.


 
[1] netgazeti.ge (ვებგვერდი), 18.04.2021, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/536110/
[2] parliament.ge (ვებგვერდი), ხელმისაწვდომია: 14.12.2021  https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/287864
[3] parliament.ge (ვებგვერდი), საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ, მუხლი 12, პუნქტი ბ), 03.05.2023, ხელმისაწვდომია: https://parliament.ge/legislation/26338
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა

ახალგორის რაიონში განახლდა გადაადგილებისთვის აუცილებელი საშვების გაცემა. 

16.04.2026
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმე “წიბახაშვილი და სხვები” დარეგისტრირდა

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა.

15.04.2026
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები

ახალგორის რაიონში თითქმის ყოველკვირეულად ვრცელდება ინფორმაცია ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკებისა და დაკითხვების შესახებ. 

15.04.2026