GEO   ENG
სიახლეები
რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა - პროკრემლისტური ჯგუფების ფინანსური სარგებელი
13.06.2023
2019 წლის 8 ივლისიდან 2023 წლის 19 მაისამდე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა შეწყვეტილი იყო. რუსეთმა თბილისში ფრენები სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული სამოქალაქო პროტესტის საპასუხოდ აკრძალა. ამ შემთხვევაში, რუსეთმა ეკონომიკური ბეკეტი დასჯის მექანიზმად გამოიყენა. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 2023 წლის 10 მაისის განკარგულებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა. განკარგულების ხელმოწერიდან რეკორდულად მოკლე დროში, 19 მაისს მოსკოვიდან თბილისში პირველი ავიარეისი შესრულდა. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყებას ევროკავშირის 27 ქვეყნის დემარში მოჰყვა. საქართველოს გადაწყვეტილება რუსეთთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ განსაკუთრებით შემაშფოთებელი იმ ფონზე აღმოჩნდა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან სამი დღის შემდეგ, 2022 წლის 27 თებერვალს, ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ რუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის მიმართულებით და ევროპის თავზე ფრენები აუკრძალა.

მოსკოვიდან თბილისში პირველი რეისი რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა. „აზიმუტის“ გენერალური დირექტორი პაველ ეკჟანოვია. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ვებგვერდის sanctions.nazk.gov[1] თანახმად, ეკჟანოვი და ავიაკომპანია „აზიმუტი“ უკრაინის მიერ არიან სანქცირებულები რუსეთის ხელისუფლებისთვის სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და მატერიალური დახმარების გაწევის გამო, რაც საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

2023 წლის 15 მაისამდე რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჰქონდა მითითებული. თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ქართულ მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ავიაკომპანიამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო.

ვინ იყვნენ „აზიმუტის“ პირველი რეისის მგზავრები?

19 მაისს ავიაკომპანია „აზიმუტი“ 86 მგზავრს მოემსახურა. პირველ მგზავრებს შორის იყვნენ:

  1. დიმიტრი ლორთქიფანიძე - „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ (ე.წ. პრიმაკოვის ფონდი) თავმჯდომარე. პრიმაკოვის ფონდი გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდის ინიციატივით შეიქმნა. თავის მხრივ, გორჩაკოვის ფონდის სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. პრიმაკოვის ფონდი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და ლექციებს, ასევე რუსული ენის უფასო კურსებს ატარებს. გორჩაკოვის ფონდი უკრაინაშიც ფუნქციონირებდა, თუმცა 2015 წელს ანტიუკრაინული პროპაგანდისთვის დაიხურა.
  2. მერაბ ჭიქაშვილი - ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემების წამყვანი.
  3. თემურ მაისურაძე - 2012-2016 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან.“
  4. ვალერი კვარაცხელია - პრორუსი ჟურნალისტი და ტელეკომპანია „ობიექტივის“ წამყვანი.
რომელმა კომპანიებმა გაუწიეს „აზიმუტს“ სახმელეთო მომსახურება?

„აზიმუტის“ თვითმფრინავს სახმელეთო მომსახურება 2023 წლის 21 აპრილს შექმნილმა კომპანიამ შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯიამ“ გაუწია. ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პაველ უდოდის ინფორმაციით, ავიაკომპანიამ ქართულ მხარესთან წარადგინა ხელშეკრულებები მიწისზედა მომსახურებების გაწევის თაობაზე, რაც მოიაზრებს, როგორც ლოჯისტიკურ, ასევე ტექნიკურ დეტალებს.

შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯიას“ 60%-იანი წილის მფლობელი დავით კვარაცხელიაა. კომპანიის შექმნა რამდენიმე დღით უსწრებდა წინ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნა.
 
ვინ არის დავით კვარაცხელია?

დავით კვარაცხელია ღიად პრორუსი ჟურნალისტის ვალერი კვარაცხელიას შვილია. დავით კვარაცხელია ოთხი კომპანიის მეწილე და ერთი კომპანიის დირექტორია. კვარაცხელიას საკუთრებაში არსებული ოთხივე კომპანია - შპს „ი ენ ჯგუფი[2], შპს „ი ენ ვაინსი[3], შპს „ბიზნეს ავია საქართველო“[4], შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია[5] 2023 წელსაა შექმნილი, რაც შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ ოთხივე კომპანია რუსული ავიაკომპანიებისთვის მომსახურების გასაწევად შეიქმნა. 2023 წლამდე დავით კვარაცხელია მხოლოდ შპს „ესტეო ჯგუფის“ დირექტორი იყო.
 
დავით კვარაცხელიასა და კომპანია შპს „საქართველოს ავიახაზების“ თანამესაკუთრის თამაზ გაიაშვილის ბიზნეს ურთიერთობები

შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია” 60%-იანი წილის მფლობელი დავით კვარაცხელიაა, დანარჩენ 40%-ს კი 21 წლის დავით წივწივაძე ფლობს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დავით წივწივაძე და თამაზ გაიაშვილი ახლო ნათესავები არიან. მოცემულ ეჭვს ის ფაქტიც ამყარებს, რომ ცესკოს ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, თამაზ გაიაშვილი და დავით წივწივაძე ერთსა და იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები.

შპს „საქართველოს ავიახაზების“ მესაკუთრისა და დავით კვარაცხელიას კავშირები  სხვა კომპანიაშიც იკვეთება. შპს „ესტეო ჯგუფში“, რომლის დირექტორი დავით კვარაცხელიაა, 33,34%-იანი წილის მფლობელი შპს „პილოტია“. შპს „პილოტის“ 100%-იანი წილის მფლობელი კი თამაზ გაიაშვილია.

თამაზ გაიაშვილის ძმა დავით გაიაშვილი შპს „ჯორჯიან ეარვეისის“ 80%-იანი წილის მფლობელი და გენერალური დირექტორია. შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ 1999 წელს დაარსდა და 2011 წლის 3 მაისამდე კომპანიის გენერალური დირექტორი თამაზ გაიაშვილი იყო. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, 2011 წლის 3 მაისს თამაზ გაიაშვილი გეორგ ოკუჯავამ შეცვალა.

შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯიას“ გარდა, კვარაცხელია და წივწივაძე ასევე შპს „ბიზნეს ავია საქართველოს“ მფლობელებიც არიან. მოცემული კომპანიაც ახალშექმნილია. ის 2023 წლის 15 თებერვალსაა დარეგისტრირებული. კომპანიაში წივწივაძე 20%-ის, ხოლო კვარაცხელია 80%-იანი წილის მფლობელია.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი ვებგვერდის მიხედვით, თამაზ გაიაშვილი, დავით გაიაშვილი და შპს „ჯორჯიან ეარვეისი“ უკრაინამ დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა.
 
დავით კვარაცხელიას სხვა ბიზნეს ურთიერთობები

კვარაცხელია ასევე ფლობს შპს „ი ენ ჯგუფისა“ და შპს „ი ენ ვაინსს“  ნიკა გოლეთიანთან ერთად. შპს „ი ენ ჯგუფისა“ და შპს „ი ენ ვაინსის“ გარდა, გოლეთიანი ორი კომპანიის შპს „გოლეთიანის საოჯახო ღვინოებისა“ და შპს „აკვანი ვაინს“ თანამფლობელია. ორივე კომპანია ღვინის წარმოებასთანაა დაკავშირებული.

2017 წლის 3 ნოემბერს შპს „გოლეთიანის საოჯახო ღვინოებს“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული, თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთები გადაეცა. მიწის ნაკვეთების ფართობი საერთო ჯამში 105.233 კვ.მ-ია. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწაში კომპანიამ 60,000 ლარი გადაიხადა (ერთი კვ.მ-ის ღირებულება ერთი ლარი და 75 თეთრი), რაც საბაზრო ფასთან შედარებით უჩვეულოდ დაბალია.


 
[1] უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი ვებ-გვერდი, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია სანქცირებულ პირთა შესახებ
[2] შპს  „ი ენ ჯგუფი“ - რეგისტრაციის თარიღი 24.02.2023
[3] შპს „ი ენ ვაინსი“ - რეგისტრაციის თარიღი 14.03.2023
[4] შპს „ბიზნეს ავია საქართველო“ - რეგისტრაციის თარიღი 15.02.2023
[5] შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ - რეგისტრაციის თარიღი 21.04.2023
პრემიერ-მინისტრი ანტიკორუფციულ ბიუროს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმისთვის იყენებს
პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება,  სცდება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ჩარჩოებს და სადამკვირვებლო მისიების საქმიანობისადმი ხელისუფლების შიშზე მეტყველებს.
24.09.2024
წინასაარჩევნო კამპანია ძალადობრივ ხასიათს იღებს
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიისთვის ძალადობრივად ხელის შეშლის შემთხვევები გახშირდა. 
20.09.2024
„ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნების წინ რელიგიით მანიპულირებს და მართლმადიდებლური ეკლესიის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებას ცდილობს

ჩვენ ვეხმიანებით „ქართული ოცნების ინიციატივას  და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული საკითხი წარმოადგენს წინასაარჩევნოდ ეკლესიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობას.

20.09.2024