GEO   ENG
სიახლეები
ბექა გრიგორიადისის დაჯარიმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება და გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს
28.06.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ეხმიანება ბექა გრიგორიადისის 800 ლარით დაჯარიმებას სოციალურ ქსელში უხამსი ფორმით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც სასამართლომ წვრილმან ხულიგნობად მიიჩნია. ბოლო პერიოდში ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ორგანოების მისამართით სოციალურ ქსელში დაფიქსირებული პოზიციის უხამსი ფორმით გამოხატვის გამო მოქალაქეები სამართალდამრღვევებად ცნეს. ცოტა ხნის წინ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კურიერის დაჯარიმების საქმე, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით ქალაქ თბილისის მერიის მუშაობის მიმართ გამოხატა უკმაყოფილება.

გამოხატვის თავისუფლების ამ მასშტაბით შეზღუდვა, რასაც თან ახლავს დაკავება და დიდი ოდენობით ფულადი ჯარიმა, აუცილებლად გახდება კრიტიკული აზრის რეპრესირების ინსტრუმენტი. გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოებრივი წესრიგის საყრდენია. საჯარო სივრცეში მოსაზრებების თავისუფლად გამოხატვა არის შესაძლებლობა, რომ ყველა ურთიერთდაპირისპირებულ პოზიციას ჰქონდეს არსებობის და გამოთქმის ასპარეზი. ასეთი ასპარეზი მათ შორის შეიძლება იყოს ვირტუალური სივრცე და სოციალური ქსელები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების[1] თანახმად, სოციალური ქსელები არის დამაკავშირებელი პლატფორმა მსგავსი ინტერესების თუ სხვაგვარი თანაკვეთის ადამიანებისთვის. ამასთანავე, სოციალური ქსელები იძლევა ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების შესაძლებლობას.

მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის უფლება, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევაში შეზღუდვით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს  შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ამიტომაც ისეთი საქმეების განხილვისას, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება, მნიშვნელოვანია სასამართლომ შეაფასოს არსებული კონტექსტი.
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კანონით შეიძლება დაწესდეს სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივი რეგულირება, თუ ეს ეხება არა ნებისმიერი სახის შეურაცხყოფას, არამედ პირისპირ შეურაცხყოფას. ამ თვალსაზრისით, საყურადღებოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 9 დეკემბრის №4/ა-889-19 დადგენილება, რომლის თანახმადაც, სოციალურ ქსელში უხამსი/შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამების გავრცელება არ იქნა მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებულ ქმედებად, იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გამოხატვა არ ისახავდა უკანონო ქმედების მყისიერ გამოწვევას. გარდა ამისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობდა ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონი, რომელიც სოციალური ქსელის გამოყენების შემთხვევაში, დააწესებდა სიტყვისა და გამოხატვის შინაარსობრივ რეგულირებას უხამსობასთან დაკავშირებით, არ შეიძლებოდა დამდგარიყო პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

ამდენად, ბექა გრიგორიადისის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის გამოხატვის თავისუფლებაში  ჩარევის კანონიერების საფუძვლებთან, საქართველოს კანონთან „სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ და საქართველოს სააპელაციო სასამართლო პრაქტიკასთან.

აუცილებელია საქართველოს სასამართლოებმა, მით უფრო თბილისის სააპელაციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, მეტი ყურადღება მიაქციონ კონკრეტულ გარემოებებს, როდესაც საქმე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. წინააღმდეგ შემთხვევაში გარდაუვალია საფრთხე,  რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები მსუსხავ ეფექტს იქონიებს სოციალურ ქსელებში აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე და დროთა განმავლობაში სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის თვითცენზურის დაწესების წინაპირობად გარდაიქცევა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო სამართალწარმოების დაწყება და სასამართლოს მხრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსაზრების გაზიარება - განსხვავებული  აზრის  დევნის საგანგაშო მაგალითია. გრიგორიადისის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების მსგავსი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებით შეუძლებელი გახდება გამოხატვის თავისუფლების მაღალი ხარისხის სტანდარტით დაცვა.

 
 
[1] 2014 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილება Nას - 1559 – 1462 – 2012
აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისთვის ქართული ოცნების გამარჯვება დამაიმედებელია

სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ 53.93%-ით ლიდერობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისთვის მისაღები და დამაიმედებელი აღმოჩნდა. 

01.11.2024
სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

„სტატუსმეტრის“ მე-2 გამოცემა აღწერს ევროკავშირის მხრიდან განსაზღვრული 9 მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებთან დაკავშირებულ მოლოდინებს.

31.10.2024
არჩევნების მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია

დამკვირვებლებისგან საარჩევნო დარღვევის შესახებ მიღებული ასობით შეტყობინების გაანალიზების საფუძველზე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ.

29.10.2024