GEO   ENG
ანალიზი
„ხალხის ძალა“ - ფორმალური პოლიტიკური მოძრაობა მართულ დემოკრატიაში
28.07.2023
მართულ დემოკრატიაში ფორმალური პოლიტიკური ძალები რეალურად მმართველი ძალის გაძლიერებას და მის დღის წესრიგს ემსახურებიან. „ხალხის ძალის“ დაფუძნება, სწორედ, მართული დემოკრატიის რეალური სახეა.

2022 წლის 29 ივნისს „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს და „ხალხის ძალა“ დააარსეს. თუმცა დისტანცირებული დეპუტატები  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებად და პოზიციის გამტარებლებად დარჩნენ. უმრავლესობის დატოვების ერთადერთ მიზეზად მითითებული იყო საზოგადოებისთვის ქართული პოლიტიკის კულისებში მიმდინარე მოვლენების შესახებ ბევრად მეტი ინფორმაცია მიწოდების საჭიროება; და ვინაიდან, დეპუტატების განცხადებით, ისეთ თემებზე საჯაროდ საუბარი, როგორებიცაა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რომელშიც ხელისუფლებას, როგორც „სათაგურში“ „თავი შეაყოფინეს“, მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნიდა, საჭირო გახდა პარტიის დატოვება. გარდა ამისა, განცხადებაში საუბარი იყო კანდიდატის სტატუსის ფორმალურობაზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესების დაუშვებლობაზე, კონსპირაციულ თეორიაზე საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ, ე.წ. ბაკურიანის შეკრებაზე და სხვ.

დღემდე „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ პარტიად არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად, ის არც შემოწირულებებს იღებს. „ხალხის ძალის“ ლიდერები 2022 წლის 24 ოქტომბერს აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი მიზანი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით რეგიონებში საზოგადოებამდე სიმართლის მიტანა იქნებოდა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებით, „ხალხის ძალის“ ლიდერებს რეგიონებში ვიზიტები და აქტივობები არ დაუწყიათ.

პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერებს არაერთი განცხადება გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, რომ მათი პოზიციები და გამოხატვის ფორმები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მიუხედავად ამისა, „ხალხის ძალის“ წევრები საპარლამენტო უმრავლესობაში რჩებიან. დაფარული არც ისაა, რომ „ხალხის ძალა“ სხვა საპარლამენტო ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფებისგან განსხვავებით, მმართველი გუნდისგან ბენეფიტებსა და მხარდაჭერას იღებს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“„ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ყველა საპარლამენტო დელეგაციაშია წარმოდგენილი.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ „ხალხის ძალის“ დეპუტატების ხელით დაარეგისტრირა. ბოლო პერიოდია მმართველი გუნდი გამოირჩევა ჰომოფობიური განცხადებებით. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დაკვირვებამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ განცხადებები და მესიჯბოქსი იდენტურია.

ტელეკომპანია „POSTV“ „ხალხის ძალის“ აქტიური მხარდამჭერია. 2022 წლის 3 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ამონაწერში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის 52%-იანი წილის მფლობელი გახდა.

თვალსაჩინოა, რომ „ხალხის ძალამ“ აქტუალობა მას შემდეგ დაკარგა, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა წარმატებით დაიკავეს ნიშა, რაც ფორმალურად მოძრაობის შექმნის საბაბი გახდა. „ქართული ოცნების“ ლიდერები დღეს თავად აჟღერებენ კონსპირაციულ თეორიებს იმ საკითხების შესახებ, რაც „ხალხის ძალის“ ლიდერების „ქართული ოცნებიდან“ თითქოსდა დისტანცირების მიზეზი გახდა.   
 
„ხალხის ძალა“ ფორმალურად შექმნილი მოძრაობაა, რომლის მთავარი მიზანი მმართველი გუნდის გაძლიერებაა. შესაბამისად, მისი გააქტიურება / პასიურ მდგომარეობაში გადაყვანა დამოკიდებულია დროის მოცემული მონაკვეთში მმართველი პარტიის საჭიროებებზე.

მართული დემოკრატია - პოლიტიკური მოძრაობა „ხალხის ძალის“ დაფუძნება

სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024