GEO   ENG
სიახლეები
აფხაზი ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება მხოლოდ რუსეთშია შესაძლებელი
09.08.2023
აფხაზეთში ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემები მოძველებულია. აქამდე განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი ტაბუდადებული იყო. თუმცა ბოლო პერიოდში, აღნიშნულ საკითხზე აფხაზურ საზოგადოებაში მსჯელობა დაიწყო.

განათლების საბჭოთა სისტემა, რაც აფხაზეთში დღემდე მოქმედებს, ვერ პასუხებს 21-ე საუკუნის გამოწვევებს - სასკოლო განათლებით ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში ვერ აბარებენ და არაკონკურენტუნარიანები არიან. ადგილობრივებს პირველ ეტაპზე პრობლემის აღმოფხვრის გზად სპეციალიზებული განათლების დანერგვა მიაჩნიათ; ასევე, განათლების სისტემის შეცვლა და 11 წლიანი სწავლის დაყოფა საშუალო (9 კლასი) და უფროს კლასებად (10 და 11 კლასები). არსებული გეგმის მიხედვით, პირველი ცხრა წელი შეიძლება დარჩეს უცვლელი, რომლის დასასრულს გაიცემა საშუალო განათლების ატესტატი, ხოლო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მოსწავლეებს პროფილური კლასის გავლა დასჭირდებათ. იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში ყველა სკოლა ვერ შეძლებს სპეციალიზებული გაკვეთილების ჩატარებას, ვარაუდობენ  „სასკოლო მიგრაციის“ დანერგვას - გადასვლა სხვა სკოლებში, არჩეული თემატური სწავლების მიხედვით.

რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, აფხაზი სტუდენტების ნაწილის შეფასებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ აფხაზეთის იზოლაცია განათლების საზღვარგარეთ მიღების მსურველთათვის ყველაზე დიდი პრობლემაა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ადგილობრივების განცხადებით, აფხაზეთისთვის საგანმანათლებლო ევროპული სივრცე დაიხურა. აღნიშნულის განმაპირობებელია რუსული პასპორტის მქონე პირებისთვის დასავლური განათლების მიღების შეზღუდვა, რითაც ომამდე შედარებით მარტივად სარგებლობდნენ. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით,  აფხაზური მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ პრობლემა აფხაზი სტუდენტებისთვის თბილისმა უნდა მოაგვაროს; თუმცა პრობლემის მოგვარებად, აფხაზური პასპორტის აღიარება და ამ გზით, ევროპულ უნივერსიტეტში სწავლის უფლების მინიჭება მიაჩნიათ მართებულად.

საქართველოში  Erasmus+  უმაღლესი განათლების სფეროში აქტიურად მუშაობს, როგორც სტუდენტების სტიპენდიების მიმართულებით, ასევე უმაღლესი განათლების რეფორმის მხარდაჭერის კუთხით. აფხაზები და ოსები, სამწუხაროდ,  მსგავსი პროგრამების მიღმა რჩებიან. Erasmus+ პროგრამას მკაფიოდ არის განსაზღვრული იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაც პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ. ამ ქვეყნების ჩამონათვალში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ შედის. საქართველოდან მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებს. შესაბამისად, იმის გამო, რომ აფხაზურ უნივერსიტეტებს არ აქვთ აკრედიტაცია, სტუდენტებს არ აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მოკლევადიან სტუდენტთა გაცვლის პროგრამაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მოქმედ ერასმუსის პროგრამის წარმომადგენლებს აფხაზურ მხარესთან ჰქონდათ შეთავაზება, სტუდენტებს საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის სახელით მიეღოთ მონაწილეობა, შეთავაზებაზე უარი მიიღეს.  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მსგავს შეთანხმებებს, რომელიც აფხაზურ ახალგაზრდებს ევროპული განათლების შესაძლებლობის მისცემდა, აფხაზეთის ადგილობრივი უშიშროება აფერხებს.

აფხაზეთში არსებული საგანმანათლებლო პროგრამების და ზოგადად სისტემის ნაკლოვანება უფრო მკაფიოდ ჩანს საერთაშორისო პროგრამებში, რომლებიც უნივერსიტეტებზე მიბმული არ არის. ამ შემთხვევაში სტუდენტი საერთო კონკურსში მონაწილეობს, სადაც კონკურენცია ჩვეულებრივზე უფრო მაღალია. აღნიშნულ დროს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საშუალო თუ უმაღლესი განათლება, როგორც წესი,  საერთაშორისო პროგრამების კონკურსში გასამარჯვებლად საკმარისი არ არის.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება შეეცადა ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი აფხაზებისა და ოსებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვა გაეადვილებინა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე იძებნება სხვადასხვა სტიპენდიების სია, რომელთა მეშვეობითაც აფხაზ და ოს ახალგაზრდებს საზღვარგარეთ განათლების მიღება შეუძლიათ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, აფხაზი და ოსი ახალგაზრდების საქართველოს სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამაში ჩართვა შეუძლია „სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრსაც”. თუმცა, უცნობია, რამდენად ხელმისაწვდომია ეს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებისთვის.

განათლების უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და გულისხმობს განათლებაზე, როგორც ფიზიკურ, ასევე, ეკონომიკურ ხელმისაწვდომობას. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაგეგმოს და გადადგას ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ქართველი, აფხაზი და ოსი ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ ხელმისაწვდომობის შესაძლებლობების შესახებ  ინფორმაციის პროაქტიულად მისაწოდებლად.  
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024