GEO   ENG
ანალიზი
ბჟანიას დე-ფაქტო მთავრობა აფხაზური საზოგადოების რისხვის შიშსა და რუსულ შანტაჟს შორის
13.09.2023
გასული კვირა აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვით აღინიშნა. მოსკოვში მყოფ დე-ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას მის არყოფნაში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვა მოუწია. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ, რომელსაც აფხაზური და ქართული სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური წრეები მოსკოვის პირდაპირ წარმომადგენლად თვლიან, თავისი გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა. მართალია, ეს განცხადება ტელეგრამ არხით გავრცელდა და არა მთავრობის ოფიციალური ტრიბუნებიდან, მაგრამ მინიშნება აფხაზურ მმართველ წრეებში არსებული უთანხმოების საზოგადოებრივ სივრცეში გამოტანაზე, აშკარა იყო. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ასლან ბჟანიას მოუწია ინალ არძინბას დარწმუნება, არ დაეტოვებინა თანამდებობა დე-ფაქტო მთავრობაში. აღნიშნული განვითარებები რამდენიმე კითხვას ბადებს: პირველ რიგში, რატომ გადაწყვიტა ინალ არძინბამ პოსტის დატოვება? მეორე - რატომ არ აწყობს ასლან ბჟანიას იმ პოლიტიკოსის მთავრობიდან წასვლა, რომელიც უახლოეს მომავალში დე-ფაქტო პრეზიდენტის თანამდებობისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტი შეიძლება გახდეს?

არსებობს მოსაზრება, რომ არძინბასა და ბჟანიას შორის ამჟამინდელი დაპირისპირების მიზეზი ე.წ. რუსული აპარტამენტების კანონპროექტია („აპარტ-სასტუმროებისა და აპარტამენტების სამართლებრივი სტატუსის რეგულირების შესახებ“). რუსეთი უკვე კარგა ხანია აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობისგან ითხოვს თავისი მოქალაქეებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების უზრუნველყოფას. ამ მიზნით, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობას რუსეთის ფედერაციიდან მოსთხოვეს, ერთის მხრივ, ბიჭვინთის ტერიტორიის იჯარით გაცემა, და მეორეს მხრივ, აპარტ-სასტუმროების მშენებლობა აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში. ორივე პროექტი ჯერჯერობით ჰაერშია გამოკიდებული, ვინაიდან აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტს, და როგორც ჩანს მთავრობასაც, აფხაზური საზოგადოების ერთსულოვანი წინააღმდეგობის გათვალისწინებით, არ სურს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების დაძვრა, რაც მათ ისედაც სუსტ ლეგიტიმურობას ძლიერ შეარყევს.

რუსეთის პირდაპირი წარმომადგენლის - ინალ არძინბას მხრიდან წამოსული დემარში გადადგომის შესახებ, შეიძლება რუსეთის მხრიდან შანტაჟის და ზეწოლის ნიშნად აღვიქვათ. თავისი პროტეჟეს წაყვანით, რუსეთი შესაძლოა ნიშანს აძლევდეს ბჟანიას დე-ფაქტო მთავრობას, რომ მას პირისპირ დატოვებს აფხაზურ საზოგადოებასთან, რომლის წყენაც გაუარესებულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან ერთად (რაშიც რუსული სუბსიდიების შემცირების დიდი წვლილიცაა) იზრდება. შესაბამისად, არძინბას დემარში უნისონშია რუსეთის ფარულ და დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შანტაჟის პოლიტიკასთან, რომელიც რუსული აპარტამენტების კანონპროექტის კიდევ უფრო გაჭიანურების ან არ მიღების შემთხვევაში, რუსეთის საბიუჯეტო დახმარების შეწყვეტას და საბიუჯეტო სექტორის (მათ შორის, სოციალური და ჯანდაცვის სისტემების) კრიზისს გამოიწვევს, და ამასთან მოახლოებულ ზამთართან ერთად, აფხაზეთის მოსახლეობას რუსული ენერგეტიკული ქსელისგან ჩახსნით ემუქრება.

ასლან ბჟანიას დე-ფაქტო მთავრობაში შესაძლოა კარგად აქვთ  გაცნობიერებული, რას ნიშნავს, ერთი მხრივ, რუსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში განრისხებული აფხაზური საზოგადოების პირისპირ დარჩენა, და მეორეს მხრივ, იგივე რისხვის მოწევნა, თუკი აფხაზეთს ფინანსური და ენერგეტიკული კრიზისი შთანთქავს, და შესაბამისად, ისედაც მყიფე სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა სრულიად პარალიზდება. სწორედ, ამიტომ მას უწევს იმ ერთიანობის შენარჩუნება, რომელშიც ზეთის და წყლის პრინციპით ურთიერთგამომრიცხავი პოლიტიკური ინტერესების მქონე აქტორების თანაარსებობა ოდესღაც მაინც დაარღვევს სტატუს-კვოს და სასწორს ერთ ან მეორე - რუსულ ან უფრო რუსულ მხარეს გადახრის.
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს ენერგობლოკადა მოუწყო

11 დეკემბრიდან აფხაზეთის მოსახლეობა დენით  დღის განმავლობაში 2 საათი და 48 წუთის განმავლობაში ისარგებლებენ. 

13.12.2024
მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მიგრაციის დეპარტამენტში დაუსაბუთებლად იბარებენ

სამართლებრივი დახმარების ქსელის ცხელ ხაზზე ბოლო დღეებში შემოსული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შსს მიგრაციის დეპარტამენტში იბარებენ.

11.12.2024
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება პირების იძულებით გამოკითხვებთან დაკავშირებით

ბოლო დღეებში ხელისუფლება საპროტესტო დემონსტრაციებში მონაწილე და აქტიურ მოქალაქეთა წინააღმდეგ საპოლიციო ტერორის ახალ ფორმებს იყენებს.

11.12.2024