GEO   ENG
სიახლეები
DRI: სებ-ის უკანონო ბრძანება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს
20.09.2023
2023 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ბანკის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს[1] (საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორსა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს) საბანკო ანგარიშებზე წვდომის უფლება მისცა.

აღნიშნული გადაწყვეტილებით სებ-მა გადაუხვია მანამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას[2] და საკანონმდებლო რეგულაციებს,[3] რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად. ნათია თურნავას გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტება, რომელმაც ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების ქმედება ანტიკონსტიტუციურად და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად შეაფასა. ნათია თურნავამ დაადასტურა, რომ ირაკლი კობახიძის მოსაზრება მისთვის „საყურადღებო“ იყო.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, „ქართული ოცნების“ გუნდის არგუმენტაცია სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პირის დამნაშავედ ცნობასა და მისი ფინანსური აქტივების/ქონების დაყადაღებას შორის არ არსებობს სამართლებრივი კავშირი.

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განმარტავს უდანაშაულობის პრეზუმფციის არსს: „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.“ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პირის ქონების და ფინანსური აქტივების დაყადაღება შესაძლებელია სამართალწარმოების დაწყების ყველაზე ადრეულ ეტაპებზეც და არავითარ შემთხვევაში არაა კავშირში პირის დამნაშავედ ან უდანაშაულოდ ცნობასთან.

ასე, მაგალითად, სისხლის სამართლებრივი საქმისწარმოების დროს, პირის დამნაშავედ ცნობამდე, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კანონმდებლობით ნებადართულია პირის ქონების, და ფინანსურ აქტივებზე წვდომის შეზღუდვა, საბანკო ანგარიშების დაყადაღების ჩათვლით. ანალოგიური პრინციპი მოქმედებს სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, როდესაც ქონების/საბანკო ანგარიშების დაყადაღება შესაძლებელია სასამართლოში სარჩელის აღძვრამდეც კი.  შესაბამისად, არგუმენტი, რომ სებ-ის ცვლილება კონსტიტუციის დაცვას უკავშირდება და ფარცხალაძის მიმართ ბანკებმა და სახელმწიფოებმა ღონისძიებები არ უნდა აწარმოონ უდანაშაულობის პრეზუმფციის გამო, სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.

სანქციების ძირითადი მიზანია, სისხლის სამართლებრივი დევნის არარსებობის პირობებში, ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ხელშეწყობისას, პირს დაუყოვნებლივ შეეზღუდოს ფინანსურ რესურსებზე წვდომა. შესაბამისად, 2023 წლის 19 სექტემბრის ბრძანებამ, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს საქართველოში აზრი დაუკარგა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 19 სექტემბრის საგამონაკლისო ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ საქართველოში სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება, რომელსაც სასამართლოს მიერ პირის დამნაშავედ ცნობა უნდა მოჰყვეს (რაც დროში გაწელილი პროცესია), პირის შეუზღუდავად მიუწვდება ხელი ფინანსურ რესურსებზე, რაც უკანონობის დაფინანსებას ან ხელშეწყობას წლების განმავლობაში ვერ აღკვეთს.

ირაკლი კობახიძეს განცხადება წარმოადგენდა კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას, რასაც უკვე მოჰყვა საქართველოს ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტის მიერ თანამდებობის დატოვება.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის“ მიხედვით, ეროვნული ბანკი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ეყრდნობა საერთაშორისო საბანკო პრაქტიკაში მიღებულ წესებსა და ჩვევებს.[4] შესაბამისად, ის დამოუკიდებელი ორგანოა და არ უნდა ექცეოდეს სხვა ინსტიტუტის წარმომადგენლებისა თუ დაწესებულების გავლენის ქვეშ. საგამონაკლისო წესის შექმნით, ნათია თურნავამ საფრთხის ქვეშ დააყენა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და ქვეყნის ევროპული მომავალი.

შექმნილ მდგომარეობაში, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს:

  • ნათია თურნავამ დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს საქართველოს ეროვნული ბანკში დაკავებული თანამდებობა;
  • საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დაუყოვნებლივ უნდა გააუქმოს ნათია თურნავას მიერ ერთპიროვნულად მიღებული გადაწყვეტილება.
 
[1] 2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს ოთარ ფარცხალაძეს - სანქციები დაუწესა და ფინანსური და ეკონომიკური ოპერაციები შეუზღუდა.
[2] 2022 წლის 26 თებერვლიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მითითებით, საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები სრულად მოქმედებენ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად.
[3] 2023 წლის 4 აგვისტოს საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ მიღებული რეგულაცია.
[4] საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 1, პუნქტი 1








რუსული კანონის ჩაგდებამდე საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას
არასოდეს ვიცხოვრებთ პუტინის წესებით. რუსული კანონი არასოდეს იქნება ქართველი ხალხის არჩევანი.
კი ევროპას! არა რუსულ კანონს!
25.04.2024
DRI: „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე ყველა დაკავებულის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი აკვირდება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებს და სამართლებრივ დახმარებას უწევს უკანონოდ დაკავებულებს.
19.04.2024
DRI: ხელისუფლების მხრიდან შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება უგულებელყოფილია
16 აპრილს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე.
17.04.2024