ინტერპელაცია საპარლამენტო ზედამხედველობის შედარებით ახალი მექანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ ახალმა მექანიზმმა საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტიანობის გასაზრდელად დამატებითი შესაძლებლობა შექმნა, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით 2019-დან 2022 წლის ჩათვლით, არც ერთხელ არ დაუბარებიათ. თუმცა, 2023 წელს, საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივით, ვახტანგ გომელაური ინტერპელაციის წესით პარლამენტში ორჯერ იმყოფებოდა.
ფრაქციამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ინტერპელაციის წესით მიმართა და პარლამენტში დაიბარა. შეკითხვა ფრაქციამ მინისტრს 14 აგვისტოს გაუგზავნა.
[1] პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გომელაური 22 სექტემბერს (პარასკევს) გამოცხადდა. იმავე დღით თარიღდება შს მინისტრის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პასუხი.
[2]
შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის პროცესის შინაარსობრივი მხარე
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია, როგორც ინტერპელაციის წესით გაგზავნილი შეკითხვა, ისე ანგარიშვალდებული პირის მხრიდან წარმოდგენილი წერილობითი პასუხი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ შინაგან საქმეთა მინისტრს 5 კითხვით მიმართა:
- რა იყო ის შემაფერხებელი ფაქტორები, რის გამოც არ დაინერგა ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა; 2. რატომ დაიწყო სამაშველო ოპერაციები 3 საათიანი დაგვიანებით; 3. რა საფუძველზე დაყრდნობით მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში არ ეთხოვათ უცხოეთიდან დახმარება; 4. რა მდგომარეობაშია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამაშველო აღჭურვილობა და რამდენად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან; 5. რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის (“HUEY II”-ის) გრანტის წესით შესყიდვაზე. იყო თუ არა შსს ჩართული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში და რა იყო სამინისტროს ოფიციალური პოზიცია.[3]
მინისტრის თქმით, სამაშველო სამუშაოები მყისიერად დაიწყო, მაშველები ადგილზე 28 წუთში იყვნენ, მძიმე ტექნიკა - ერთ საათში, ხოლო ვერტმფრენები სამ საათში ჩაფრინდნენ. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი სამსახურების ქმედება ყველაზე ოპტიმალური იყო რაჭაში არსებული არასახარბიელო მეტეოროლოგიური პირობებისა და რელიეფის გამო. ვახტანგ გომელაურმა ისიც აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო მეწყერში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა, რაც უნდა სწრაფად და ორგანიზებულად ემოქმედათ და რომ დამატებითი დახმარების საჭიროება არ არსებობდა, რის გამოც არ მიმართეს დასახმარებლად მეზობელ ქვეყნებს.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე გაცემული პასუხები ზოგადი იყო და არ იძლეოდა ამომწურავ ინფორმაციას დასმული საკითხის ირგვლივ. ხშირ შემთხვევაში, პასუხები არ შეესაბამება შეკითხვების რეალურ შინაარსს.
მაგალითად, კითხვაზე - რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის (“HUEY II”-ის) გრანტის წესით შესყიდვაზე და რა ოფიციალური პოზიცია ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს - ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ კითხვა შინაარსობრივად შეეხებოდა ცრუ ინფორმაციას და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. მისი თქმით, ეს იყო თავდაცვის სამინისტროს მხრიდან დაწყებული მოლაპარაკებები და უგულებელყო, თავისი, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა ამ პროცესში, მაშინ, როდესაც სახელმწიფოს უარი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის (“HUEY II”-ის) გრანტის წესით შესყიდვაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ნოემბრის №2363 განკარგულებას ეფუძნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარი პასუხისმგებლობა გამორიცხა ადრეული გაფრთხილების SMS სისტემის დანერგვის საკითხშიც. მინისტრის თქმით: ,,სახიფათო ტერიტორიაზე მყოფი ადამიანებისთვის საფრთხის შესახებ 112-ის მიერ შეტყობინების გაგზავნას წინ უნდა უძღოდეს შესაბამისი საექსპერტო კვლევები, პროგნოზირება და კატასტროფების რისკის შეფასება. ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი შეტყობინებების გაგზავნა.“ მისი თქმით, ადრეული შეტყობინების ფართომასშტაბიან სისტემის განვითარება 2019 წლიდან დაიწყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და თავად შსს-ს მინისტრი არ წარმოადგენს კომპეტენტურ უწყებას.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან აქცენტი გაკეთდა შოვში დროებითი ხიდის დაგვიანებით აშენებასა (რამაც შემდეგ, შედარებით გაამარტივა გადაადგილება სტიქიის ზონაში) და თავდაცვის ძალების გვიან ჩართვაზე, ვახტანგ გომელაურმა აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ დროებითი ხიდი აშენდა არა თავდაცვის, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ. მან მთავარი კითხვა - რატომ ჩართეს დამატებითი ძალები პროცესში დაგვიანებით და რატომ არ მოწესრიგდა დროებითი ინფრასტრუქტურა უფრო მალე - უპასუხოდ დატოვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლის დროს, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მინისტრი წარმოადგენდა არა ხელისუფლებას, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, არამედ ცალკე უწყებას, რომლის პასუხისმგებლობის მიღმაა ყველა ის საკითხი, რასაც ინტერპელაციის შეკითხვები ეხებოდა.
ინტერპელაციის მექანიზმთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით,
„ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება, როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში ყოველი თვის (გარდა დეკემბრისა და ივნისისა) პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს და უპასუხებს ყველა შეკითხვას, რომლებიც მას გადაეცა აღნიშნულ დრომდე არაუგვიანეს 10 დღისა.“[4] საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს დაიწყო. შესაბამისად, პარლამენტში წარდგენის ვადის თვალსაზრისით, მინისტრს რეგლამენტი არ დაურღვევია.
რეგლამენტის მიხედვით, „ადრესატი ვალდებულია . . . შეკითხვაზე პასუხი წერილობითი ფორმით წარუდგინოს პლენარულ სხდომას.“ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების ფარგლებში საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ითხოვდა, კითხვის ადრესატს ინტერპელაციის წესით გაგზავნილ შეკითხვაზე წერილობითი პასუხის წარდგენის ვალდებულება სხდომის გამართვამდე, სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე ჰქონოდა. ჩვენი შეფასებით, ეს ხელს შეუწყობდა ინტერპელაციის ფარგლებში გამართული დებატების უფრო ორგანიზებულად, შეუფერხებლად და შინაარსობრივად წარმართვას.
აღნიშნული ცვლილების განხორციელების საჭიროება, შს მინისტრის ინტერპელაციის დროს ნათელი გახდა. პროცესის მიმდინარეობისასმინისტრის პასუხის შინაარსთან დაკავშირებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უკმაყოფილება რამდენჯერმე გამოხატეს, რამაც პროცესი გააჭიანურა და სანახაობრივ რეჟიმში გადაიყვანა. მინისტრმა, რეალურად, თავი აარიდა შეკითხვებზე კონკრეტული პასუხების გაცემას და მხოლოდ ზოგადი საკითხებით შემოიფარგლა.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ცვლილებას საჭიროებს, ინტერპელაციის დროს დებატების გამართვის წესია. პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციის მიხედვით, კითხვაზე პასუხის მიღება ავტომატურად არ ხდება. კითხვის ადრესატი ინიშნავს შეკითხვებს და პროცედურის ბოლოს, ერთიანად პასუხობს. თუმცა, ეს წესი შესაძლებლობას აძლევს ანგარიშვალდებულ პირს, თავი აარიდოს მისთვის უხერხულ ან/და არახელსაყრელ კითხვებზე პასუხის გაცემას.
22 სექტემბერს გამართულ პროცესზე არაერთმა დეპუტატმა დასვა სხვადასხვა შინაარსის არაერთი შეკითხვა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, კითხვებზე პასუხები ძირითადად ზოგადი და ბუნდოვანი იყო.
[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 149, პუნქტი 3.5