GEO   ENG
სიახლეები
წინააღმდეგობა საქართველო-რუსეთის „ახალი“ სავაჭრო დერეფნის მიმართ ცხინვალში?!
06.10.2023
საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური და სატრანსპორტო პოლიტიკა რუსეთის ფედერაციასთან ტვირთბრუნვის გაზრდაზეა მიმართული. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალი დერეფნების საკითხი პოლიტიკურია და დიდ უკმაყოფილებას იწვევს ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში. ბოლო დროის ტრაგიკულმა მოვლენებმა შოვში და გურიაში, და კიდევ უფრო მეტად ფარცხალაძის საქმემ რუსეთთან დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნების და მათი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესახებ მსჯელობები ჯერჯერობით გადაფარა. როგორც ჩანს, სამხრეთ ოსეთში ეს საკითხი, პირიქით, მნიშვნელობას იძენს და სამხრეთელი ოსებისთვის საქართველო-რუსეთის „დაახლოება“, უკმაყოფილებას და ბრაზს იწვევს.

ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ცხინვალში ცნობილი გახდა ვლადიკავკაზში (ჩრდილოეთ ოსეთი, რუსეთის ფედერაცია) გამართული საქართველო-რუსეთის ბიზნეს საბჭოს სხდომის შესახებ, სადაც სამხრეთ ოსეთის გავლით რუსული ტვირთის ტრანზიტზე ყოფილა საუბარი. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველომ რუსეთიდან შემომავალი სავაჭრო ტრანსპორტი არამხოლოდ ლარსის, არამედ როკის გავლითაც გაატაროს. სამხრეთელი ოსებისთვის, ამ ცნობას ორმაგად შემაშფოთებელი ხასიათი ჰქონდა. პირველ რიგში, მათი თვალთახედვით საქმე ეხება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გამოყენებას საქართველოს ეკონომიკური ინტერესებისთვის, მაშინ როცა 2008 წლის ომის იარები ჯერაც ცოცხალია და ცხინვალელ ოსებს არ უნდობლობა და ბრაზი ქართული მხარის მიმართ არ განელებიათ. და მეორეც, რუსეთი აპირებს საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გამოყენებით და მისი ინტერესების უგულებელყოფით, რაც ცხინვალელების თვალში მეგობრისგან და მფარველისგან ღალატის ტოლფასია. ამ ბოლო წუხილს ის აძლიერებს, რომ როგორც ირკვევა, სამხრეთ ოსეთის მხრიდან ვლადიკავკაზში გამართულ შეხვედრას ცხინვალის წარმომადგენლები, არც მთავრობის და არც ბიზნესის მხრიდან, არ ესწრებოდნენ.

მოცემული შფოთვა იმითაც ძლიერდება, რომ ცხინვალელებისთვის ცნობილია თუ რა წინააღმდეგობა ახლავს რუსულ ეკონომიკურ პროექტებს აფხაზეთში. როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყარო იუწყება, სამხრეთელი ოსები წუხან, თუ თავად რატომ არ შეუძლიათ მობილიზება რუსეთის იმგვარი ეკონომიკური პროექტების თუ ნაბიჯების წინააღმდეგ, რომლებიც სამხრეთელი ოსების ღირსებას და ინტერესებს უგულებელყოფს. ეს წუხილი პირველ რიგში მოქმედი დე-ფაქტო მთავრობის ოპოზიციის მიმართაა გამოთქმული, რომელსაც პროტესტი არ გამოუთქვამს ამ საკითხზე. ასევე, როგორც ჩანს, იმაზე მიუთითებს რომ რახან სამხრეთელი ოსები ამ უკმაყოფილებას გრძნობენ, წინააღმდეგობის საკუთარ უუნარობას აცნობიერებენ, და აფხაზების ორგანიზებული პროტესტის მაგალითიც აქვთ, შესაძლოა მსგავსი პროტესტი გაჩნდეს კიდეც.

ცხადია, ცხინვალში წარმოშობილ ამ უკმაყოფილებაზე და მითქმა-მოთქმაზე ინფორმაცია სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობასაც აქვს. როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყარო იტყობინება, ტელეგრამ არხზე გავრცელდა ანონიმური ავტორის კომენტარი, რომელიც ადასტურებს ვლადიკავკაზში გამართული შეხვედრის ფაქტს და იმასაც რომ სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები იქ არ იყვნენ. იმის გამო, რომ ამ საკითხზე დე-ფაქტო მთავრობას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და არც თავად ფაქტი შეუფასებია, ცხინვალელმა ოსებმა ეს ანონიმი კომენტატორი დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლად აღიქვეს. დე-ფაქტო მთავრობასა და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის მსგავსი გაბუნდოვანება და გამრუდება, ცხადია რისკების შემცველია და მოსაზრება, რომ სამხრეთელმა ოსებმა აფხაზების მსგავსად პროტესტი გამოთქვან რუსული ეკონომიკური პროექტების მიმართ, სავსებით გამართლებულია.

აღნიშნული მსჯელობები ცხინვალით არ შემოიფარგლება და ახალგორზეც ვრცელდება. როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყარო იტყობინება, ახალგორელი ქართველები შიშობენ, რომ საქართველოს მთავრობის მხრიდან რუსეთთან დაახლოების მსგავსი პოლიტიკა, ახალგორს კიდევ უფრო დააშორებს დანარჩენ საქართველოს. მათთვის ცნობილია რომ ეს სავაჭრო დერეფანი როკსა და ერგნეთს შორის გაივლის, რაც მათ უქმნის განცდას, რომ მოსაბრუნის გზა ისევ ნაწილობრივი დატვირთვით იმუშავებს და მასზე მოქალაქეების მოძრაობა ისევ შეზღუდული იქნება.

ქართული პოლიტიკური სპექტრი ამჟამად სხვა საკითხებზეა გადართული და საქართველოს საინფორმაციო სივრცე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების და ოსების წუხილების მიმართ ღია არაა. მოცემული მდგომარეობა, რომელიც გაურკვევლობაში ამყოფებს სამხრეთელ ოსებს და ახალგორელ ქართველებს, მოითხოვს პოლიტიკური სპექტრიდან თუ არა, არასახელმწიფო აქტორებისგან და მედიისგან მსჯელობის წარმართვას თუ რა ხდება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით და ეს მსჯელობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს გამყოფი ხაზის იქეთ მცხოვრები ადამიანებისთვის, რომ საინფორმაციო ვაკუუმში და გაურკვევლობაში ყოფნამ, რაშიც დე-ფაქტო მთავრობა და რუსული საოკუპაციო ძალები ამყოფებენ, მათი უსაფრთხოების რისკები არ გაზარდოს.
DRI: პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე მიანიშნებს ძალადობრივი ჯგუფების ინსტრუმენტალიზაციაზე

DRI ეხმიანება გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებზე ორგანიზებული ჯგუფების თავდასხმას, აღნიშნავს, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ხაზგასმით თვალშისაცემია სამართალდამცველთა.

03.05.2024
DRI: შსს შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციას არღვევს

1 მაისს, შსს-მ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეების მიმართ აქტიური სპეციალური საშუალებები, მათ შორის, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზის ჭურვები, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

02.05.2024
DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
აქციის დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები, ასევე, აქციის მონაწილეთა დაკავების უკანონო პრაქტიკა მოწმობს, რომ შსს თავის ქმედებებში გასცდა კანონიერების ფარგლებს.  
01.05.2024