GEO   ENG
სიახლეები
რა გავლენა ექნება ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსებას ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე? ხედვა გალის რეგიონიდან
11.10.2023
2023 წლის 4 ოქტომბერს სოჭში აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე გათქმული ინფორმაცია ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის შესაძლო განთავსების შესახებ, ქართული და აფხაზური საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ორივე მხარეს, მეინსტრიმულ და სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილავენ, რა შედეგი ექნება რუსეთის ფედერაციის ამ ნაბიჯს საქართველოსთვის და შესაბამისად, ოკუპირებული აფხაზეთისთვის.

მოლოდინები და პროგნოზები ურთიერთსაპირისპიროა

ოჩამჩირეში რუსეთის ფლოტის განთავსება აფხაზებისთვის ნიშნავს დამატებით სამხედრო გარანტიებს საქართველოს წინააღმდეგ და ამასთან, რუსეთის სულ უფრო კლებადი ფინანსური დახმარების ფონზე, დიდი ფულის ნაკადის შემოდინების მოლოდინს, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის რუსეთიდან წამოვა.

ქართული საზოგადოებისთვის ფლოტის აფხაზეთში განთავსება კი ცალსახად წარმოადგენს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს და უფრო მეტიც, უკრაინაში რუსეთის აგრესიის კონტექსტში, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებების გადმოტანის მცდელობას.

განწყობა-მოლოდინების ამ ორი უკიდურესად დაპირისპირებული პოლუსის ფონზე, საჯარო ყურადღების ცენტრში, არც სოხუმში და არც თბილისში, არ ხვდება გალის რეგიონის მცხოვრებლების ხედვა - რას მოიტანს გალელი ქართველებისთვის ოჩამჩირის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა და იქ რუსეთის მიერ უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიიდან შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გადმოყვანა. თუკი აფხაზებს იმედი ეძლევათ, რომ დამატებითი რუსული სამხედრო კონტინგენტი მათ კიდევ უფრო მეტად დააშორებს დანარჩენი საქართველოსგან, ხოლო ქართველებს აფრთხობთ იმის პერსპექტივა რომ უკრაინა-რუსეთის ომში ჩაითრევენ, გალის რეგიონის ქართული მოსახლეობა შიშობს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირესა და დანარჩენ საქართველოს შორის მათი გეოგრაფიული მდებარეობა, მათ მოწყვლადობას კიდევ უფრო გაზრდის.

ამ შიშს და მომავლის ნეგატიურ ხედვას საფუძველი აქვს. ოკუპირებულ აფხაზეთში გალელების უფლებრივი მდგომარეობა ისედაც უკიდურესად არასახარბიელოა. ქართული ეთნიკური იდენტობის გამო დე-ფაქტო მთავრობა და აფხაზური საზოგადოება მათ მეხუთე კოლონად, საფრთხედ და საქართველოს მთავრობის დასაყრდენად განიხილავს. შესაბამისად, დიდი რუსული სამხედრო მხარდაჭერის და ზურგის იმედად, გალის მოსახლეობაზე ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. საქართველოს მთავრობის სუსტი და არაეფექტიანი პოლიტიკა გალის რეგიონის მიმართ და გაურკვევლობა, თუ რა შეიძლება ასეთ შემთხვევაში ენგურს გაღმიდან დახმარების სახით მიიღონ, გალელებს კიდევ უფრო უმწეო მდგომარეობაში აგდებს.

ამ ფონზე, გალის ქართველების მიმართ რუსეთი აქამდე არაერთხელ ნაცად პროპაგანდისტულ ხერხებს მიმართავს. წინა კვირას, გალს სოხუმში ბაზირებული ე.წ. რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები სტუმრობდნენ, რომლებმაც გალელ მოზარდებს დეფიციტად ქცეული მერვე-მეცხრე კლასის სავალდებულო სასკოლო სახელმძღვანელოები საჩუქრად ჩაუტანეს. ამასთან, გალის ადმინისტრაციას მჭიდრო მეგობრობის და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმებინეს რუსეთის ფედერაციის ტამბოვის გუბერნიასთან. ეს ყველაფერი გალის რეგიონის ქართველებისთვის ერთი მესიჯით იქნა მიწოდებული, რომ რუსეთი თავის „მოძმე ქართველ ხალხს გასაჭირში არ დატოვებს“.

გალის რეგიონში რუსეთის უკიდურესად გააქტიურებული რბილი ძალის პოლიტიკის ფონზე, რთულია იმის განჭვრეტა, რა ცვლილებები შეიძლება მოიტანოს რუსეთის გაზრდილმა სამხედრო ყოფნამ გალის რეგიონის ქართველების განწყობებში, რომლებსაც ამჟამად უსაფრთხოების და თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების გარანტიები არ აქვთ. მით უფრო მაშინ, როდესაც გალელებისთვის  უცნობია, რა ხედვა აქვს საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთთან და კონკრეტულად გალის რეგიონთან დაკავშირებით, თუკი აქამდე ოკუპირებულ ყირიმში ბაზირებული რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტი ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადავა.
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024