GEO   ENG
ანგარიშები
ადამიანის უფლებები აფხაზეთში და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
02.10.2023
29 სექტემბერს  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა ანგარიშის „ადამიანის უფლებები აფხაზეთში და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში“ პრეზენტაცია გამართა.

ანგარიშში მიმოხილულია ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. მასში თავმოყრილია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ 2023 წლის მარტიდან სექტემბრამდე ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები.   

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში ადამიანის უფლების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის ობიექტური და ყოვლისმომცველი ანალიზი რთულია. განსაკუთრებით  იმ პირობებში, როდესაც მიმდინარე ოკუპაციის გამო, რეგიონში საერთაშორისო ორგანიზაციების ფუნქციონირება უკიდურესად შეზღუდულია. შესაძლებლობის ნაკლებობა, ადგილზე შეფასდეს მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა, ხაზს უსვამს ოკუპაციაში მცხოვრები ადამიანების, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების, უკიდურეს მოწყვლადობას და მათი უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სირთულეებს.  

ზემოთაღნიშნული შეზღუდვების გათვალისწინებით, წინამდებარე ანგარიშში დეტალურად არაა განხილული რამდენიმე საკითხი, რომელიც მუდმივად წარმოადგენს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განსაკუთრებული წუხილის საგანს. მათ შორის, ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე არასათანადო რეაგირება; აფხაზეთისა და ცხინვალის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ეთნიკურად ქართველი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა; საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავებები; და რაც ყველაზე საგანგაშოა, საქართველოს ხელისუფლების არაეფექტიანი პოლიტიკა, მიაღწიოს უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ირაკლი ბებუას გათავისუფლებას. 

ანგარიშის ძირითადი ნაწილი ეფუძნება დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტისთვის ოკუპირებულ გალში, სოხუმში და ახალგორში მცხოვრები საკონტაქტო პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიზს და შესაბამისად, მხოლოდ დაკვირვების პერიოდში იდენტიფიცირებული ყველაზე აქტუალური საკითხებით შემოიფარგლება. კვლევის დროს ინფორმაციის მოძიების შერეული მეთოდი გამოვიყენეთ - მათ შორის, სამაგიდო კვლევა, საველე სამუშაოები, ინტერვიუები და საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია. კვლევის მიზნებისთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოცემული აქტები, საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით მოპოვებული დოკუმენტები და აფხაზეთში მოქმედი ე.წ. სამართლებრივი დოკუმენტები დავიხმარეთ; საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვიზიტის დროს გამოვკითხეთ ადგილობრივი მოსახლეობა.

საკონტაქტო პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ანგარიშის პირველ თავებში დაჯგუფებულია ფიზიკური ხელშეუხებლობის, განათლების და გადაადგილების თავისუფლების შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მიერ მომზადებული მასალები. ანგარიშში მიმოხილულია აფხაზეთში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები, ფემიციდის გახშირებული ფაქტები და ლგბტქი+ ადამიანების გამოცდილებები. დოკუმენტში ასევე გაანალიზებულია აფხაზეთში ბოლო პერიოდში გააქტიურებული რუსული რბილი ძალა, რუსული ზეგავლენის და კონტროლის გაძლიერების ფაქტები და საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული სოციალური პრობლემები.

ადამიანის უფლებები აფხაზეთში და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
კან კვარჩიას განაჩენი და ოპოზიციის მასობრივი დევნის ახალი ტალღა

ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი რადიკალურ ფაზაში შედის და ოპოზიციის განეიტრალებისკენ არის მიმართული. 

15.06.2026
DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება, ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს

DRI: უწყებების მხრიდან უმძიმეს დანაშაულებზე ფასადური რეაგირება,  ვერ ამცირებს ქვეყანაში შექმნილ მწვავე კრიზისს

13.06.2026
პატიმრობის უპრეცედენტო ზრდა და გათავისუფლების მექანიზმების კრიზისი

საქართველოს სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა მკვეთრად გადაიხარა რეპრესიული მართლმსაჯულებისკენ, რამაც ქვეყანა პენიტენციური სისტემის კრიტიკულ გადატვირთვამდე მიიყვანა. 

10.06.2026