GEO   ENG
სიახლეები
DRI: პარლამენტში სუს-ის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცესმა ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობა ვერ უზრუნველყო
24.10.2023
19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილი წლიური ანგარიში მოისმინა. გასული წლების მსგავსად, პარლამენტმა უარი თქვა სხდომის საჯაროობაზე და ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატებთან კითხვა-პასუხის ნაწილი დახურა.

სუს-ის უფროსის მოხსენება ზედმიწევნით იმეორებდა სამსახურის საქმიანობის წლიური ანგარიშის ტექსტს, რომელიც დიდი ხანია გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდებზე და საჯაროდაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვის ნაწილის დახურვით, საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა სუს-ის უფროსისგან  მიეღო ინფორმაცია აქტუალურ საკითხებზე, რომელიც უკიდურესად ზოგად ანგარიშში არ ასახულა. პარლამენტის სხდომაზე საჯაროდ ხელმისაწვდომი ანგარიშის წაკითხვისას, სუს-ის უფროსმა გაიმეორა ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი ტერმინოლოგია, რომელიც ართულებდა აღქმას, თუ ვის გულისხმობდა სუს-ი საფრთხის და დესტაბილიზაციის წყაროში  - სამოქალაქო ორგანიზაციებს, თუ პრორუსულ ულტრამემარჯვენე ჯგუფებს. სუს-ის შეფასება კიდევ უფრო ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანს სუს-ის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვებზე დაბარების, მმართველი პოლიტიკური ძალის მიერ ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონის ინიციირებისა და „ალტ ინფოს“ და სხვა ულტრამემარჯვენე ჯგუფების უკონტროლო და დაუსჯელი ძალადობრივი ქმედებების ფონზე. ანგარიშის განხილვის კითხვა-პასუხის ნაწილის დახურვით, საზოგადოებისთვის ხელმიუწვდომელი რჩება ინფორმაცია ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძის რუსულ სპეც სამსახურებთან კავშირის თაობაზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

იმის გათვალისწინებით, რომ სუს-ის საქმიანობის ანგარიშის როგორც  საკომიტეტო, ასევე პლენარულ სხდომაზე  განხილვა საჯარო არ ყოფილა, შეუძლებელია შინაარსობრივი მსჯელობა საპარლამენტო განხილვის და ზედამხედველობის ეფექტურობის შესახებ. განხილვის პროცესის სრულიად დახურულად წარმართვა დემოკრატიული ზედამხედველობის ეფექტურობას იმთავითვე საეჭვოს ხდის, რადგან საზოგადოებას არ ეძლევა შესაძლებლობა თავად შეაფასოს და მიიღოს ინფორმაცია სუს-ის საქმიანობის რომელიმე მიმართულებაზე. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს,  კითხვა-პასუხის პროცესის სრულად დახურვის ნაცვლად,  ამ საკითხზე დიფერენცირებულად იმსჯელოს და ნაწილობრივ საჯაროდ  წარმართოს პარლამენტის წევრების-კითხვა - პასუხის პროცესი, ისეთი კითხვების შემთხვევაში,  რომლებიც საიდუმლო ინფორმაციის შემცველი ფაქტების განხილვას არ მოითხოვს.
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026