GEO   ENG
სიახლეები
რუსული ოკუპაციის მორიგ მსხვერპლთან დაკავშირებით ხელისუფლების არაეფექტიანი რეაგირება თვალშისაცემია
08.11.2023
რუსულ ოკუპაციას მორიგი მსხვერპლი ჰყავს - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს კირბალის მკვიდრი თამაზ გინტური.  თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ლომისის ეკლესიის მიდამოებში მოკლეს, მისი თანასოფლელი ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

მოკლულის ნათესავის განცხადებით: „თავის მამის საფლავზე იყო... არ შეიძლება აქო და ესროლეს. მოკლეს. მანქანა ახლაც იქ გდია, სამგან აქვს ტყვია [ზურგში] მოხვედრილი, მანქანის სავარძელზე იყო მკვდარი, შიგ მანქანაში მოკლეს. უკნიდან არის ნასროლი, სულ დაცხრილულია მანქანა...“.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, 2023 წლის აგვისტოში რუსმა სამხედროებმა ქართული სალოცავის შესასვლელი კარი აჭედეს. ამ ფაქტს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სახელმწიფომ აგვისტოში სიტუაციის ესკალაცია ჯეროვნად არ შეაფასა და საკმარისი პრევენციული ღონისძიებები არ გაატარა. 2023 წლის 7 ნოემბერს ცხინვალის ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი სალოცავის აჭედილ კარს აღებენ და ეკლესიაში შედიან.[1]

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გამოქვეყნებულ ანგარიშებში არაერთგზის აღნიშნავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ არასაკმარის პრევენციულ ღონისძიებებზე. როგორც წესი, სამართალდამცავები აკონტროლებენ არა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, არამედ ადგილობრივებსა და მათ სტუმრებს. სავარაუდოდ, ეს მიდგომა ბოლოდროინდელი „დათმობის“ პოლიტიკითაა განპირობებული.

რუსული ოკუპაციის არაერთი მსხვერპლი

2014 წლიდან დღემდე  რუსული საოკუპაციო ძალების მიერ  განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილია ხუთი მკვლელობა: დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი, ირაკლი კვარაცხელია, თამაზ გინტური; ხუთივე მკვლელობის უშუალო მონაწილეები საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები იყვნენ. სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ყოველ მომდევნო მკვლელობას.  

საოკუპაციო ხაზი და კონტროლი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის 2023 წლის აგვისტოს ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ წინა წლებთან შედარებით, ე.წ. გამყოფი ხაზის გასწვრივ, ქართული საგუშაგოების მხრიდან უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი მკვეთრად შემცირებულია. გასული წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, ამჟამად იმ საგუშაგოების ნაწილზე, რომელიც DRI წარმომადგენლებმა მოინახულეს, მხოლოდ ერთი პირი მორიგეობს. ამასთანავე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებული საგუშაგოები მდებარეობს არა დასახლების ან/და სოფლის ბოლოს, არამედ სოფლის შესასვლელში, რაც მოსახლეობის დაუცველობას ზრდის და მათ ოკუპანტებთან პირისპირ ტოვებს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სოფლის შესასვლელში განლაგებული სამართალდამცავები მხოლოდ მედიის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შესვლას აკონტროლებენ და მათი ყურადღების მიღმა რჩება საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ქმედებები; რომ არსებული საგუშაგოები ფორმალური და შინაარსობრივად გაუქმებულია.

თამაზ გინტურის გარდაცვალება საზოგადოებას ოფიციალური განცხადებით ეცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით; საქართველოს მთავრობის ოფიციალურ საიტზე ირაკლი ღარიბაშვილის სახელით განთავსდა ინფორმაცია მომხდარი ფაქტის შესახებ. მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს საჭიროდ არ ჩაუთვლიათ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საზოგადოებისთვის პირადად, ბრიფინგის საშუალებით შეეტყობინებინათ.

საქართველოს მოქალაქის რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ მკვლელობიდან ორი დღის განმავლობაში, დღემდე, საკითხის ირგვლივ საზოგადოების ინფორმირება მხოლოდ მედიის საშუალებით ხდება, სახელმწიფო უსაფრთხოების და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაბალი რგოლის მენეჯერების მიერ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:
  • საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა მინისტრს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს - უზრუნველყონ საზოგადოების დროული, პირადი და პროაქტიული ინფორმირება თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით;
  • ხელისუფლებას - გამოიყენოს ყველა საჭირო დიპლომატიური მექანიზმი, რათა გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული თამაზ გინტურის მკვლელობის ერთადერთი მოწმე ლევან დოთიაშვილი;
  • საერთაშორისო მოლაპარაკებათა დღის წესრიგში დადგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი მხარის (რუსეთის ფედერაციის) საერთაშორისო პასუხისმგებლობის საკითხი, მათ შორის, საერთაშორისო სანქციების გამოყენების გზით;
  • გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მდებარე სოფლებში საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცების, სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დარღვევის პრევენციის მიზნით;
  • ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ რისკების საპასუხოდ შემუშავდეს სტრატეგიული სამოქმედო გეგმა;
  • აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის დასახმარებლად, დამატებით შეიქმნას განსაკუთრებული მხარდამჭერი მექანიზმები (საპოლიციო მუდმივი პატრულირება და განსაკუთრებული სამედიცინო სერვისის ადგილზე მიწოდების შესაძლებლობა);
  • საქართველოს მთავრობამ გააფართოოს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია და იმუშაოს მის საერთაშორისო დონეზე ასამოქმედებლად.
 
დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი.

02.12.2024
DRC: სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

01.12.2024
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

30.11.2024