რამდენად გათვითცნობიერებულია ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებული გალის პრობლემებში?
გასული კვირა აფხაზეთში დაძაბული იყო. ერთი მხრივ, რუსული პროპაგანდისტული ტელეგრამ არხებით გავრცელებული დეზინფორმაციის საფუძველზე დე-ფაქტო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და რუსი ოკუპანტები ერთობლივად ეძებდნენ, ვითომცდა, ენგურს გაღმა საქართველოდან შესულ დივერსანტებს. მეორე მხრივ კი, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ ზამთრისთვის სამზადისი დაიწყო და ენერგოკრიზისის შესარბილებლად, რუსეთისგან გარანტიები მიიღო ელექტროენერგიის გაზრდილ ოდენობაზე.
პირველ ამბავთან დაკავშირებით, აფხაზურმა საზოგადოებამ გააცნობიერა, რომ რუსებმა ეს სპექტაკლი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაციის საპასუხოდ დადგეს. მას შემდეგ, რაც პირველადმა და ბუნებრივმა შფოთვამ გადაიარა, აფხაზურ საზოგადოებაში რუსების მიმართ ბრაზმა და ირონიამ დაისადგურა. რაც შეეხება ენერგოკრიზისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, საზოგადოებაში გავრცელებული განწყობები შიშნარევი უკმაყოფილებით შეიძლება დახასიათდეს. ერთი მხრივ, აფხაზები შიშობენ, რომ ენერგოკრიზისის დასაძლევად რუსული „საჩუქარი“ საკმარისი არაა და თან არავინ იცის, როდის შეამცირებს რუსეთი ენერგიის მიწოდებას, თუ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მხრიდან სასურველ დათმობებს ვერ მიიღებენ. მეორე მხრივ კი, უკმაყოფილებას ვერ მალავენ, რომ რუსები აფხაზეთს ასე დამამცირებლად ექცევიან.
ამის ფონზე, გალის რეგიონში რუსები ცინიკურად ირგებენ კეთილისმყოფლის ნიღაბს და დაუფარავად ცდილობენ შექმნან განცდა, რომ ეთნიკური ქართველების „მფარველები“ და „მეგობრები“ არიან. შესაძლოა, ამ პოლიტიკის ერთადერთი მიზანი მხოლოდ გალელების გულის მოგება არაა, არამედ გზავნილია ეთნიკური აფხაზებისთვის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთი პარტნიორობას ეთნიკურ ჯგუფებად ჩამოყალიბებულ თემებთან აგებს. შესაბამისად, მათი პოლიტიკა შემდეგნაირად შეიძლება გავიგოთ: აფხაზეთში აფხაზები რუსეთის ერთადერთი პარტნიორები არ არიან და სომხები თუ ქართველები ასევე არიან რუსული „თანამშრომლობის“ მხარეები.
რაც შეეხება გალში მიმდინარე მოვლენებს, რაც რუსული „საჩუქრების“ პოლიტიკაზე გვალაპარაკებს - რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები აფხაზური მხარისთვის დემონსტრაციულად სტუმრობენ რეგიონს და რუსულ-ქართულ მეგობრობაზე გაკეთებულ განცხადებებთან ერთად „საჩუქრებსაც“ ტოვებენ: 7 ნოემბერს, რუსეთში ოქტომბრის რევოლუციის აღნიშვნის დღეს, რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის (ეფესბეს) წარმომადგენლები გალის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრნენ და ბიოლოგიის კაბინეტი აპარატურით და კომპიუტერული ტექნიკით დაასაჩუქრეს. ასევე, ტამბოვის გუბერნიასა და გალის დე-ფაქტო ადმინისტრაციას შორის გაფორმებული „თანამშრომლობის მემორანდუმის“ ფარგლებში, რუსებმა გალის ტერიტორიაზე ვაშლის ბაღების მოწყობა დაიწყეს. როგორც ამბობენ, სამომავლოდ ციტრუსების პლანტაციების გაშენებაც იგეგმება.
პირველი ამბავი საყურადღებოა იმით, რომ სკოლის დამსაჩუქრებელი არა სოხუმში არსებული საოკუპაციო ძალების ე.წ. საელჩოა (როგორც ეს ადრე არაერთხელ ყოფილა), ან რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტრო, არამედ რუსეთის ფედერაციის უშიშრობის სამსახური. რატომ ეს უკანასკნელი? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსები გალის რეგიონში უშიშროების სამსახურის საქმიანობას აღრმავებენ, რასაც, ცხადია, ადგილობრივ ქართულ თემთან მუშაობის შესაბამისი ნაბიჯებიც მოჰყვება და რომ რუსი ოკუპანტები მძევლობის პირობებში მცხოვრებ ქართველებთან ჯაშუშურ ქსელში რეკრუტირების პოლიტიკასაც მიმართავენ.
ეს ამბავი იმით იქცევს ყურადღებას, რომ რუსები აფხაზეთში მოსალოდნელი კონცესიების („აპარტ ოტელები“) მიღების პარალელურად, რომლებიც აფხაზური საზოგადოების გაჯიუტებული პროტესტის ფონზე ჭიანურდება, შესაძლოა „იოლი ლუკმის“ სახით აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მხრიდან ქართული ეთნიკური ჯგუფის სახელობის ტერიტორიებს იღებს. ეს შეიძლება ერთგვარი კომპენსაცია იყოს ჯერ კიდევ მოუგვარებელი და შეუთანხმებელი პროექტების სანაცვლოდ იმ ტერიტორიებზე, სადაც ადგილობრივ საზოგადოებას არ შესწევს ძალა რუსეთის ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიოს.
ზემოთაღნიშნული საკითხების ფონზე, ჩნდება კითხვა, რა პოლიტიკას აწარმოებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უფლებების დასაცავად. სამწუხაროდ, გალის რეგიონი დიდი ხანია ქართული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში აღარაა. გალის საკითხი ამოღებულია არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, ზოგადად, საჯარო დისკუსიებიდან. ფართო საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად გათვითცნობიერებულია ცენტრალური ხელისუფლება ოკუპირებული რეგიონის პრობლემებში და რა ხედვა აქვს მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიასთან და მასზე მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით თუ არა, კონკრეტულად გალის რეგიონთან მიმართებით, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა.