GEO   ENG
სიახლეები
DRI: რაჭის პროტესტთან დაკავშირებით ხელისუფლება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას უკანონოდ ზღუდავს
20.11.2023
ხელისუფლების მიერ რუსეთთან დაახლოებული ბიზნესმენისთვის დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში 104,712მ2 ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებულმა პროტესტმა, 2 თვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, თბილისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გადმოინაცვლა.  მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ და რაჭის ადგილობრივი მოსახლეობის  მოთხოვნა ლიცენზიის სრულად გაუქმებაა. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი თბილისში რაჭის მოსახლეობის პროტესტს პირველივე დღიდან აკვირდება.

DRI-ის შეფასებით, ხელისუფლებამ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის არც ერთ ეტაპზე არ მიუმართავთ ძალადობისთვის, აქციის დასაწყისშივე არაპროპორციული ძალა დაუპირისპირა. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის მონაწილეები მშვიდობიანი ხასიათის აქციას აანონსებდნენ, სამინისტროსთან, აქციის დასაწყისშივე, დაახლოებით, 100 სამართალდამცავი იყო მობილიზებული. პროტესტის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება, სამინისტროს ეზოში, მთავარი შესასვლელიდან შესულიყვნენ და კარავი გაეშალათ, რაც დაპირისპირების საფუძველი გახდა. პოლიციამ დაპირისპირების დროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით ჩადენილი ქმედებისთვის ადმინისტრაციული წესით საპროტესტო აქციის მონაწილე 11 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის  „მაუწყებლის“ ჟურნალისტი რატი რატიანი აღმოჩნდა, რომელიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. დაკავებულების სასამართლო პროცესი 19 ნოემბერს ჩატარდა. თერთმეტივე  აქტივისტი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაცვის მხარის მიერ სრულყოფილი მტკიცებულებების წარდგენის მიზნით 8 აქტივისტის სასამართლო სხდომა 29 ნოემბერს 12 საათზე ჩაინიშნა, ხოლო სამი აქტივისტის პროცესი 30 ნოემბერს 12 საათზე გაიმართება.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, სამართალდამცავების მიერ აქციის ორგანიზატორების, მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლების დაკავება, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა, პროტესტის დროს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის, კარვის დადგმას შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში აქცევს. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, აუცილებელია დადგინდეს ლეგიტიმური მიზანი და უფლებაში ჩარევის აუცილებლობა, რომელიც აქციის მონაწილეს შეუზღუდავს კარვის დადგმის უფლებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება მოიცავს შეკრების გამართვის ადგილის, დროისა, ფორმისა და შინაარსის არჩევის უფლებას, რაც შესაძლებლად მიიჩნევს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობას”.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, რომ ხელისუფლება მის ხელთ არსებული ყველა შესაძლო რესურსით ცდილობს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციირებული „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დროებითი კონსტრუქციების მოწყობას 5 შესაძლო, ბუნდოვანი და ზოგადი საფუძვლით კრძალავდა, ამის დასტური იყო. მართალია, პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტის დღის წესრიგში დაბრუნებას არ ჩქარობს, თუმცა საგანგაშოა, რომ პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები, პრაქტიკაში კანონის ძალაში შესვლის გარეშე, უკვე მოქმედებს.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მხრიდან აქტივისტების დაკავების პროცესში ძალის გადამეტების არაერთ ფაქტზე საუბრობენ. დემონსტრანტების ინფორმაციით, დაკავების დროს, აქციის რამდენიმე მონაწილემ მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის იყვნენ ქალები და არასრულწლოვანი. სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობის მთავარ მიზანს, წესრიგის უზრუნველყოფა და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება უნდა წარმოადგენდეს.

DRI მოუწოდეს:

შინაგან საქმეთა სამინისტროს
  • მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა დაუბრკოლებლად ისარგებლონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლებით
  • უზრუნველყოს შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოება.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს
  • დროულად შეისწავლოს სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების დაკავების დროს უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024