GEO   ENG
სიახლეები
DRI: რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთის ენერგოკრიზისს სტრატეგიული ობიექტების ანექსიისთვის იყენებს
27.11.2023
აფხაზეთში ენერგოკრიზისი დაიწყო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მოსთხოვა. რუსეთის ფედერაცია ელექტროენერგიის მიწოდების სანაცვლოდ, ელექტროენერგიის საფასურის ეტაპობრივ და წინასწარ დაფარვას ითხოვს. პირველ ეტაპზე, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მაისამდე მისაწოდებელი ელექტროენერგიისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ 900 მილიონი რუბლი (დაახლოებით 10,200,000 აშშ დოლარი) უნდა გადაიხადოს. თანხის პირველი ნაწილი, 200 მილიონი რუბლი (დაახლოებით 2,265,000 აშშ დოლარი), რომელიც აფხაზეთის ენერგეტიკული საჭიროების დაკმაყოფილებას დეკემბერ-იანვარში უნდა მოხმარდეს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაფაროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით იმუქრება. რუსული მხარისთვის ცნობილია, რომ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა საჭირო ფინანსების მობილიზებას ვერ შეძლებს, ვინაიდან აფხაზური ბიუჯეტი რუსულ ფინანსურ დოტაციაზეა. აფხაზეთის 2023 წლის ბიუჯეტი 12,5 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 141,534,000 აშშ დოლარი), რომელშიც რუსული ფინანსური დოტაციის წილი 5,1 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 58 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.[1]

აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აფხაზეთი ენგურჰესის მიერ გამომუშავებული მთლიანი გენერაციის 40%-ს იღებს. 2020 წლამდე ეს რაოდენობა საკმარისი იყო. ენერგეტიკულ სფეროში შექმნილი კრიზისის გამო, არაოფიციალური ინფორმაციით, დღეს აფხაზეთს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი მიეწოდება.

სსიპ „ჩერნომორენერგოს“, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს ექვემდებარება, აფხაზეთის ელექტროენერგიით უზრუნველყოფა ევალება.  დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ენერგო კრიზისი გარდაუვალია; თუ რუსეთთან შეთანხმება ვერ შედგა, ოკუპირებულ აფხაზეთს გარანტირებული გრაფიკი ემუქრება, რაც დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების სულ მცირე 10 საათით შეწყვეტას გულისხმობს.  

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა არჩევანის წინაშე დგას, გაუძალიანდეს რუსეთს და მოემზადოს მკაცრი ზამთრისთვის, თუ რუსეთის საოკუპაციო ძალების მოთხოვნებს დაჰყაბულდეს და უფრო დამთმობი გახდეს. პირველ შემთხვევაში, აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგიის გრაფიკით მიღება მოუწევს, რაც, ამჟამინდელი დე ფაქტო მთავრობის მიმართ უკმაყოფილებას კიდევ უფრო გაიზრდის. მეორე, რუსეთის მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დამყოლობის შემთხვევაშიც, ამ უკანასკნელს აფხაზური საზოგადოების რისხვისგან თავის დაღწევა გაუჭირდება.

საჯარო წყაროებით ცნობილია, რომ აფხაზეთი რუსეთთან დათმობას ამჯობინებს. დე ფაქტო მთავრობა აპირებს იჯარით გასცეს სამი დიფერენციალური ჰიდროელექტროსადგური (თითოეული 40 მეგავატი სიმძლავრით), რომლებიც ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის ნაწილია. ერთ-ერთ მათგანზე საიჯარო ხელშეკრულებას მთავრობამ უკვე მოაწერა ხელი, თუმცა მისი ძალაში შესვლისთვის პარლამენტის თანხმობაა საჭირო. გარიგების დეტალები ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა ოპოზიციას ეს იდეა არ მოსწონს. „ელექტროენერგიის გამომუშავების ობიექტის იჯარის პირობები ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის ინტერესებს“, – აცხადებენ ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაციაში „არაუა“. ორგანიზაციის წევრები პოტენციურ მოიჯარეებს აფრთხილებენ, რომ აფხაზეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხელშეკრულება გაუქმდება. ისინი ასევე მიმართავენ პარლამენტს, არ მიიღოს მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ აუცილებლად გადაიხედება. აფხაზური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლება დამოუკიდებლად შეაკეთებს დიფერენციალურ ჰიდროელექტროსადგურებს, სოხუმი შეძლებს დეფიციტის თავიდან აცილებას.

აფხაზურმა და ქართულმა საზოგადოებამ იცის, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის პრივატიზებით შესაძლებელი იქნება მთელი ენერგეტიკის, მათ შორის, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის გაკონტროლებაც. ენგურჰესი კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე სოციალური დატვირთვის თვალსაზრისითაც. შესაბამისად, მნიშვნელოვან ბერკეტს ფლობს ის, ვინც აკონტროლებს ან მართავს მას. თუკი სამი დიფერენცირებული ელექტროსადგური რუსულ მხარეს იჯარით გადაეცემა, რუსეთი  აფხაზეთში ენერგეტიკული სფეროს გაკონტროლებას შეძლებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, რუსული წნეხი აფხაზებზე რამდენიმე მიზანს ემსახურება:

  • რუსებს აფხაზეთში ენერგო სექტორის სრულად გაკონტროლება სურთ - აფხაზეთისთვის და არამხოლოდ, ეს სტრატეგიული უსაფრთხოებისა და ინტერესების საკითხია;
  • რუსეთი ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორიის არამხოლოდ 49 წლიანი იჯარით, არამედ ამ ტერიტორიაზე არსებული შენობების საკუთრებაში გადაცემას ითხოვს, რაც ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორიის რუსეთის საკუთრებაში გადაცემასაც ნიშნავს - ამ ტერიტორიაზე პუტინს რეზიდენციის მოწყობა სურს;
  • ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა ე.წ. აპარტ-ოტელების კანონის მიღება და რუსებისთვის ძველი სასტუმროების ტერიტორიების საკუთრებაში გადაცემაა.
რუსეთს აფხაზეთში სამხედრო ბაზის განთავსებასთან ერთად, ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკების ყოფილი ტერიტორიის საკუთრებაში მიღება და სოხუმის აეროპორტის და აფხაზეთში არსებული ენერგო რესურსების კონტროლი სურს. რუსეთმა ზეწოლის ანალოგიური მეთოდი 2023 წლის ზაფხულშიც გამოიყენა. აგვისტო-სექტემბერში აფხაზეთში რუსეთიდან ბენზინის იმპორტი შეწყდა. ბენზინის მიწოდება მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც სოხუმის აეროპორტის მშენებლობა რუსულ კომპანიას გრძელვადიანი იჯარით გადაეცა.

რუსული ეკონომიკური ანექსია აფხაზეთში უკვე აქტიურ ფაზაშია და სავარაუდოდ 2024 წლის წლის მაისამდე, რუსეთი ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს როგორებიცაა, აეროპორტი, ელექტროსადგურები და სხვადასხვა უძრავი ქონება სრულად გააკონტროლებს.

აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა ელექტროენერგიის უფასოდ მიღების პირობებზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს. ამ შემთხვევაში, საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, რომელიც დაინტერესებული უნდა იყოს, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული საკუთრების დაცვით, ასევე იმ ხალხის საჭიროებებზე ზრუნვით, რომლებსაც დე იურე საკუთარ მოქალაქეებად აღიარებს. გახდება თუ არა რუსეთის მხრიდან აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ენერგეტიკული შანტაჟი შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის დიალოგის სივრცე გააღრმაოს აფხაზურ მხარესთან?



[1] აფხაზეთის 2023 წლის ბიუჯეტი საბოლოო განხილვით მიღებულია 1,7 მილიარდი რუბლის დეფიციტით. (2022 წლის 29 დეკემბერი, ხელმისაწვდომია https://tass.ru/ekonomika/16714915)  
სოხუმში არ სურთ რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის უფლება ჰქონდეთ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა დააინიციირა კანონპროექტი „აფხაზეთის რესპუბლიკის ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ“. 

25.07.2024
შსს-თვის მიყენებული 400 ლარიანი ზიანისთვის ხელისუფლება ორ ახალგაზრდას 3-დან 6 წლამდე პატიმრობისთვის წირავს

24 ივლისს, მოსამართლე ნათია გუდაძემ, კიდევ ერთხელ იმსჯელა ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლაზე. 

24.07.2024
შეხვედრა გურჯაანში - „საქართველო ირჩევს ევროპას“

17 ივლისს, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გურჯაანში გამართა შეხვედრა „საქართველო ირჩევს ევროპას.“

19.07.2024