GEO   ENG
ანგარიშები
DRI: „ქართული ოცნებისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ორკესტრირებული რიტორიკა გააქტიურდა
28.11.2023
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა 2023 წლის აგვისტო-ოქტომბრის ჩათვლით, სოციალურ ქსელებსა და ონლაინ მედიაში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული, დეზინფორმაციული შინაარსის 465 შემთხვევა გაანალიზა.  საანგარიშო პერიოდში, „ქართული ოცნებისა“ და ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე პოლიტიკური დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერების რიტორიკა ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, იდენტური იყო. დაკვირვება ცხადყოფს, რომ ხელისუფლება რიგ შემთხვევებში პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს ძალადობრივ ჯგუფებს.

„ქართული ოცნებისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების ორკესტრირებული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა ოქტომბერში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების ფონზე, რომლის თანახმადაც, USAID-ის მხარდაჭერილ ღონისძიებაზე „ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განაცხადი „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ მიერ მხარდამჭერთა მობილიზებისა და ძალადობრივი ორგანიზაციული ერთობის „ანტი-მაიდნის“ შექმნის საფუძველი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორთა მოწოდებები შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნულ ფაქტს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. ერთი მხრივ, ხელისუფლების უმოქმედობა ძალადობრივი მოძრაობის შექმნასთან დაკავშირებით, და მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აქცენტირება დასავლური ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობაზე, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ შესაძლოა ხელისუფლების ინტერესში იყოს  ძალადობრივი ჯგუფების პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება.

მმართველი პარტიის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად ცდილობდნენ რუსული აგენტურის პირდაპირი გავლენების გადაფარვას ქართულ პოლიტიკაში. 2023 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციების დაწესებას მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა როგორც ხელისუფლების, ასევე, „ქართული ოცნების“ სატელიტი პოლიტიკური გაერთიანების „ხალხის ძალისა“ და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხრიდან.

საანგარიშო პერიოდში, ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების დისკურსში ორი ძირითადი მიმართულება გამოიკვეთა, რომელთა გარშემოც ინტერაქცია ყველაზე მაღალი იყო:

  1. ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა - განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა. ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა.
  2. „ანტი-მაიდნის“ ორგანიზება და წინასაარჩევნო მზადება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადება შესაძლო დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, ძალადობრივი ორგანიზაციული ერთობის „ანტი-მაიდნის“ შექმნის საფუძველი გახდა. ოქტომბერში თვალსაჩინო გახდა, რომ „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“, რეგიონული შეხვედრების გზით მხარდამჭერთა მობილიზებას ცდილობს, როგორც „ანტი-მაიდნის“ მოძრაობის გასაძლიერებლად, ასევე, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად.

    ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოლიტიკური დისკურსი ონლაინ და სოციალურ მედიაში (2023 წლის აგვისტო-ოქტომბერი)

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში DRI-ის მიერ გაგზავნილი ახალი საქმეები დარეგისტრირდა

2 ოქტომბრის წერილით ცნობილი გახდა, რომ თამარ გიორგაძისა და ე.ჟ.-ს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდა.

20.10.2026
DRI: დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე

დროებითი მოთავსების იზოლატორი არ არის ხანგრძლივი პატიმრობისთვის განკუთვნილი სივრცე.

19.10.2026
რუსული „იურისდიქცია“ აფხაზეთზე: ჟურნალისტი, რომელსაც რუსეთში არასდროს უცხოვრია, ვლადიკავკაზში დააჯარიმეს

2026 წლის 31 აგვისტოს ვლადიკავკაზის სასამართლოს გადაწყვეტილებით, აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა 30 ათასი რუბლით, დაახლოებით 353 დოლარით, დაჯარიმდა. 

12.10.2026