GEO   ENG
სიახლეები
DRI: სასამართლო გადაწყვეტილება რაჭის პროტესტის მონაწილეებთან დაკავშირებით მშვიდობიანი შეკრების უფლების დაცვის კუთხით პოზიტიურ პრეცედენტს წარმოადგენს
30.11.2023
29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე 18 ნოემბერს დაკავებული 11-დან რვა პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. რვავე საქმე მოსამართლე დავით წერეთელმა განიხილა. სასამართლომ ექვსი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო ორი პირის მიმართ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. 

იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლო განხილვების პრაქტიკა ფორმალურ ხასიათს ატარებს და გადაწყვეტილებები ხშირად ინდივიდუალური გარემოებების შეფასების გარეშე მიიღება, მოსამართლე დავით წერეთლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლებების დაცვის კუთხით პოზიტიურ პრეცედენტს წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და როგორც წესი, წლების განმავლობაში წარმოადგენდა შეკრება-მანიფესტაციების მონაწილეთა (ხშირად უკანონო) დაკავების სამართლებრივ საფუძველს. 

მხარეების მიერ წარმოდგენილ ვიდეო მტკიცებულებებში სასამართლომ დაკავებულებიდან მხოლოდ ორი აქტივისტის იდენტიფიცირება შეძლო, რომლებიც პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, ქუჩის საგზაო ნაწილზე  გადასვლის მცდელობას აგრძელებდნენ. დანარჩენი აქტივისტების მიერ სამართალდარღვევის ჩადენის დასადასტურებლად, შსს-მ სასამართლოში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები წარადგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ყველა მოწმე, უშუალოდ დამკავებელი სამართალდამცველი იყო. პოლიციელების ჩვენებები ძირითადად პროტესტის მიმდინარეობის ზოგად სურათს აღწერდა და ნაკლებ აქცენტს აკეთებდა უშუალოდ დაკავებულების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ.

მოსამართლე დავით წერეთლის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შეკრება თავისთავად მრავალი ადამიანის კონცენტრაციას გულისხმობს, სამართალდარღვევის შინაარსი უნდა დადგინდეს ინდივიდუალურად, პიროვნებების მიმართ. შესაბამისად, მისი განცხადებით, პროტესტის ზოგადი სურათის აღწერა ვერ გახდება პირის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის საფუძველი. მოსამართლის განმარტებით, კარვის კონსტრუქციის გაშლა არ იყო დასრულებული და შესაბამისად, მოახდენდა თუ არა გაშლილი კარავი სამინისტროს შესასვლელი კარის ბლოკირებას, ამის დადგენა შეუძლებელი იყო. 

სასამართლომ იხელმძღვანელა პრინციპით -  ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება, წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ და მივიდა დასკვნამდე, რომ სამართალდარღვევად (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად) შეიძლება დაკვალიფიცირებულიყო აქციის მხოლოდ იმ ორი მონაწილის ქმედება, რომელთა მიმართაც არსებობდა ვიდეო მტკიცებულებები, რომ ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოწოდებას, შეეწყვიტათ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობა მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა. ჩადენილი სამართალდარღვევის მცირე მნიშვნელობის გამო სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა. 

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დადებითად აფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ ის პრეცედენტული ხასიათის აღმოჩნდება და დამოუკიდებელი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალება მიეცემა იდენტური სამართლებრივი საფუძვლით დაკავებულ რაჭის პროტესტის  სამ აქტივისტსაც, რომლებიც სასამართლო პროცესის გამართვას უახლოეს პერიოდში ელოდებიან. 
დაკავებულ მოქალაქეებს არაადამიანურად ეპყრობიან!

სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა არის სასტიკად ნაცემი.

02.12.2024
DRC: სამართალდამცავებმა კვლავ გამოიყენეს არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საპოლიციო ძალები მეოთხე დღეა იყენებს არაპროპორციულ ძალას და ორგანიზებული დანაშაულის ჩადენით, ცდილობს დანერგოს შიში მშვიდობიან აქციის მონაწილეებში.

01.12.2024
DRC მოუწოდებს საპოლიციო ძალებს შეწყვიტონ უკანონო ბრძანების აღსრულება და მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალადობრივი მეთოდებით დარბევა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპოლიციო ძალებმა კვლავ უკანონოდ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია და განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებიან დემონსტრანტებს.

30.11.2024