DRI: მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მიზნის მქონე „ალტ-ინფოს“ ფინანსების წარმომავლობა ხელისუფლების ინტერესის საგანი უნდა იყოს
07.12.2023
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო“ ღიად პრორუსული პოლიტიკური დაჯგუფებაა, რომელიც თავდაპირველად ტელევიზიის ფორმით გამოჩნდა. 2021 წლის 7 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ დაჯგუფება პოლიტიკურ პარტიად დაარეგისტრირა.
„კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფომ“ პირველი შემოწირულებები 2022 წლის 16 თებერვალს მიიღო. პოლიტიკური დაჯგუფებისთვის 2022 წლის განმავლობაში შეწირული თანხა 560,964 ლარი იყო. თუმცა, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს ოფიციალურად შეწირული თანხა მკვეთრად შემცირდა. თუ2022 წლის თებერვლიდან ნოემბრის ჩათვლით, „კონსერვატიულმა მოძრაობამ/ალტ-ინფომ“ 509.429 ლარი მიიღო, 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით შეწირული თანხა 33.132 ლარია.
2023 წელს შეწირული თანხის რაოდენობა თვეების მიხედვით:
თვეები
შეწირული თანხა
იანვარი
12.640
თებერვალი
7.834
მარტი
1.250
აპრილი
2.960
მაისი
2.090
ივნისი
1.500
ივლისი
1.443
აგვისტო
550
სექტემბერი
992
ოქტომბერი
933
ნოემბერი
940
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი დაინტერესდა, რამ გამოიწვია შეწირულობების მკვეთრი ცვლილება. ამ კითხვით რადიკალური ჯგუფის ლიდერს კონსტანტინე მორგოშიას მივმართეთ. მორგოშიას განცხადებით, მათი შემომწირველები კომერციული ბანკების მხრიდან „რეპრესიის მსხვერპლნი“ არიან; პარტიის მთავარ დამფინანსებლად კი კვლავ ის რჩება. თუმცა, მორგოშიას მიერ ძალადობრივი დაჯგუფების დაფინანსება ოფიციალურად დეკლარირებული არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა.
რამდენი შემომწირველი ჰყავს „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“?
2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით, „კონსერვატიულ მოძრაობა/ალტ-ინფოს“ 102 შემომწირველი ჰყავს. 2023 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, რადიკალურ დაჯგუფებას მხოლოდ ორი შემომწირველი დაემატა - ნანა გერგაია და თეონა ბრუნჯაძე. შემომწირველი 101 ფიზიკური პირისგან მხოლოდ 33 ფლობს უძრავ ქონებას.
2023 წელს, შემოწირული თანხის მსგავსად, შემომწირველთა რაოდენობაც მკვეთრად შემცირებულია. თუ 2023 წლის იანვრიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით, „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 43 შემოწირულება მიიღო, 2022 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 558 იყო.
შემოწირულებათა რაოდენობა 2023 წლის მიხედვით:
თვეები
შემოწირულებების რაოდენობა
იანვარი
12
თებერვალი
11
მარტი
2
აპრილი
2
მაისი
4
ივნისი
3
ივლისი
3
აგვისტო
1
სექტემბერი
1
ოქტომბერი
2
ნოემბერი
2
ვინ არიან „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ყველაზე მსხვილი შემომწირველები?
„კონსერვატიული მოძრაობას/ალტ-ინფოს“ ყველაზე მსხვილი შემომწირველი კვლავ კახაბერ ელიზბარაშვილია. მას დაჯგუფებისთვის 42.845 ლარი აქვს შეწირული; მეორე ადგილზე ზურაბ კობახიძეა. მის მიერ შეწირული თანხის რაოდენობა 41.693 ლარია; მესამე ადგილს გოგა თუხარელი იკავებს, მეოთხეს - გიგა კობახიძე, მეხუთეს კი - მერაბ გიგანი. 2023 წლის განმავლობაში ყველაზე მსხვილი შემომწირველები არ შეცვლილან.
რადიკალური მოძრაობის ყველაზე მსხვილი შემომწირველებიდან უძრავ ქონებას მხოლოდ კახაბერ ელიზბარაშვილი და მერაბ გიგანი ფლობენ. მერაბ გიგანი ასევე არის ძალადობრივი და ღიად პრორუსული დაჯგუფების რუსთავის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.
მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ფინანსები მკვეთრადაა შემცირებული, 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან ძალადობრივმა და ღიად პრორუსულმა დაჯგუფებამ „ანტიმაიდნისა“ და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებლად რეგიონული ვიზიტები დაიწყო. დაჯგუფებამ შეხვედრები შვიდ ქალაქში - თელავში, გორში, ქუთაისში, რუსთავში, მცხეთაში, ბათუმსა და ზუგდიდში გამართა.
რეგიონულ შეხვედრებზე რადიკალური გაერთიანების „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ლიდერები აქტიურად საუბრობენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ირაკლი მორგოშიას განცხადებით: „2024 წლის არჩევნები ეს არ იქნება მხოლოდ არჩევნები. ეს არის ბრძოლა, სადაც გადაწყდება, საქართველო როგორ გეზს აირჩევს . . .“
ყოველკვირეული რეგიონული შეხვედრები ბადებს კითხვას - ხომ არ არის რადიკალური მოძრაობის შემოსავალი ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე ეს ღია წყაროებში ჩანს? მაგალითად, პირველი შეხვედრისთვის „კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ“ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ერთ-ერთი დარბაზი იჯარით აიღო. ამის შესახებ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ადრეც წერდა. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრიდან მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დარბაზის ქირა 2.200 ლარი დაჯდა. 2023 წლის 22 ოქტომბერს შეხვედრა მცხეთაში სასტუმრო „ჯინო ველნესში” ჩატარდა. სასტუმროს მენეჯერის განცხადებით, საკონფერენციო დარბაზის ქირის ღირებულება 700 ლარია.
შესაბამისად, რადიკალური და ღიად პრორუსული დაჯგუფების „კონსერვატიული მოძრაობაო/ალტ-ინფოს“ შემოსავალი შესაძლოა ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ღია წყაროებში ჩანს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, მტრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაცხადებული მიზნის მქონე პოლიტიკური დაჯგუფების ფინანსების წარმომავლობა და გამჭვირვალობა ხელისუფლების ინტერესის საგანს უნდა წარმოადგენდეს.