DRI-ის თვალსაზრისი: როგორ შეიძლება გავიგოთ სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა აფხაზეთში?
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების დღის წესრიგში 2020 წლიდან დგას სამოქალაქო ორგანიზაციების კონტროლზე მიმართული უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონმდებლობის მიღება, რაც ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკისა და წინააღმდეგობის საგანია. სამოქალაქო სექტორის კონტროლისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით გააქტიურდა ინალ არძინბას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის დღიდან.
ის, რომ ინალ არძინბამ, რომელსაც აფხაზეთში „კრემლის დობერმანად“ იცნობენ, ამ მიმართულებით წარმატებას გარკვეულ ეტაპამდე ვერ მიაღწია, დე-ფაქტო რეჟიმის შიგნით მის საპირწონედ ძალთა განაწილების და ბალანსის შედეგი იყო. ბალანსის შესაცვლელად, არძინბამ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გადადგა რადიკალური ნაბიჯები, როდესაც დე-ფაქტო პრეზიდენტის აფხაზეთში არყოფნისას, გადადგომის შესახებ განაცხადა. ეს ერთგვარი შანტაჟი იყო - არძინბას წასვლის შემთხვევაში, ბჟანიას რუსეთის განაწყენების მოგერიება მოუწევდა „მოსკოვის კაცის“ მთავრობიდან გაშვების გამო. შედეგად, დე ფაქტო პრეზიდენტს არძინბას „დაყოლიება“ მოუწია თანამდებობაზე დასარჩენად.
ეს პროცესი დე-ფაქტო მთავრობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლას ასახავს. ინალ არძინბას დანიშვნის დღიდან საუბარია მის საპრეზიდენტო ამბიციაზე და ამ ამბიციის რუსულ წყაროზე. ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ ამდენი ხნის კამპანიის შემდეგ არძინბამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, რეჟიმის შიგნით მისი მოწინააღმდეგეების დასუსტებაზე მეტყველებს.
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, დე ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც:
- USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
- აფხაზეთში აიკრძალა USAID-ის დაფინანსებით ნებისმიერი სახის პროექტის განხორციელება.
- აიკრძალა პროექტები, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტების დამყარებას და დიალოგს ეხება.
- იმ შემთხვევაში, თუ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე პროექტზე მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, მას შეუძლია პროექტის დახურვა.
- აიკრძალა მედია-პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ აფხაზეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის გაშუქებას.
- ახალი ბრძანების მიხედვით, აფხაზეთში მოქმედი ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ვალდებულია, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუთანხმოს ნებისმიერი სახის ფინანსური დახმარება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისადმი.
იმის გარდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს აფხაზურ და ქართულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის პროექტებს და აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებას და შესაბამისად, კრიტიკულ აზრს გაქრობით ემუქრება, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალაუფლებისთვის ბრძოლის ჭრილში ინალ არძინბას ბანაკის გამარჯვებად უნდა განვიხილოთ. ეს კი ახალი და განსხვავებული, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანას გულისხმობს, რაც მეტ იზოლაციას და რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრირებას მოიაზრებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რამდენად არის ამ ცვლილებებისთვის მზად ქართული პოლიტიკური ელიტა.