GEO   ENG
სიახლეები
DRI: ხელისუფლებამ მასშტაბური საპოლიციო ძალის გამოყენებით აღასრულა უსამართლო კანონმდებლობა
23.01.2024
დღეს, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ერთი ოჯახის გამოსახლების იძულების ღონისძიებაზე უზარმაზარი სახელმწიფო რესურსი დაიხარჯა: ასეულობით პოლიციელი, რომელიც საპროტესტოდ შეკრებილ ადამიანებს უპირისპირდებოდა და იძულებითი გამოსახლების პროცესის ჩატარებას უზრუნველყოფდა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურის დანაყოფი და სპეციალური აღჭურვილობის მქონე მაშველები - სახელმწიფომ ერთი ოჯახის გამოსახლების და ერთი მსესხებლის ინტერესების დაკმაყოფილებისთვის არაპროპორციული რაოდენობის ადამიანური და ფინანსური რესურსი გამოყო.

გამსესხებელსა და მოვალეებს შორის დადებული გარიგებები ხშირ შემთხვევაში სრულიად უსამართლო და უთანასწორო პირობებით არის შედგენილი. მიუხედავად იმისა, რომ სესხის გამო საცხოვრებელი სახლის დაკარგვის შემთხვევები იმდენად ხშირია, რომ ეს საკითხი უკვე სოციალურ პრობლემად და ქვეყანაში უსახლკარობის წარმოშობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იქცა, სახელმწიფო უსამართლო დაკრედიტების დარეგულირებისთვის არანაირ საკანონმდებლო ბერკეტს არ იყენებს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თავს არიდებს არა მხოლოდ დაკრედიტების პროცესის რეგულირებას, არამედ არ იღებს პასუხისმგებლობას უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლებულ უსახლკარო ადამიანებზეც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანის ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს საბინაო პოლიტიკა, რომელიც უსახლკარო დარჩენილ ადამიანებს თავშესაფარს, ან სხვა სახის გამოსავალს შესთავაზებს.

გამოსახლების პროცესში ჩართული სამართალდამცავების რიცხვი დაახლოებით 200-ს აღწევდა.  გამოსასახლებელი ოჯახის მიმართ სოლიდარობის ნიშნად შეკრებილ ადამიანებსა და აღსრულების პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რა დროსაც საპატრულო პოლიციამ 20 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები დააკავა. შსს-ს არ გაუკეთებია განცხადება, რა გახდა მათი დაკავების და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საფუძველი. ზოგ შემთხვევაში დაკავებულებს აღენიშნებოდათ ფიზიკური დაზიანებები. საპროტესტო შეკრებაზე მყოფი ადამიანები საუბრობენ პოლიციელების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს:

  • სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - შეისწავლოს სამართალდამცავთა მოქმედების კანონიერება და არაპროპორციული ძალის გამოყენების შესაძლო შემთხვევებზე მოახდინოს სათანადო რეაგირება;
  • საქართველოს სახალხო დამცველს - დაინტერესდეს მიმდინარე მოვლენებით, მათ შორის, დაკავებულების მდგომარეობით;
  • საქართველოს პარლამენტს - შეცვალოს იპოთეკური სესხების მომწესრიგებელი უსამართლო კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს ხდის უკანასკნელი საცხოვრებლის დაკარგვას.
„ქართული ოცნების“ ახალი იერიში სამოქალაქო თავისუფლებაზე - გრანტების კრიმინალიზაცია

DRI ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ მორიგ ანტიდემოკრატიულ საკანონმდებლო პაკეტს.

04.03.2026
ახალგორში გადაადგილების საშვების გაცემა მოსახლეობას მძიმე არჩევანის წინაშე აყენებს

2025 წლის ბოლოდან ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობას გადაადგილების საშვებზე ვადა გაუვიდა.

26.02.2026
აფხაზეთში სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას რუსეთი სადამსჯელო პოლიტიკით პასუხებს

5 თებერვალს რუსეთში აფხაზი იურისტი ირაკლი ბჟინავას დაკავება კრემლის მიერ აფხაზეთის ანექსიის გაგრძელების ნაწილია. 

17.02.2026