GEO   ENG
სიახლეები
DRI: ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი გრძელდება: რა ვერსიებს განიხილავს საზოგადოება?
08.02.2024
ოკუპირებულ აფხაზეთში ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული კრიზისი და საწვავის ბაზარზე რუსული მონოპოლია კვლავ აქტუალურია. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, კრიზისის რეალურ გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, აფხაზურ საზოგადოებასა და ექსპერტებში რამდენიმე განსხვავებული მოსაზრებაა, რომლებიც შესაძლოა, ერთმანეთს ავსებდნენ.
 
ერთ-ერთი ვერსიით, რასაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის რუსეთის დუმისათვის მიმართვაც ადასტურებს, აფხაზეთში ენერგოკრიზისის გამწვავებასთან ერთად ენერგომატარებლებზე დეფიციტი იმან გამოიწვია, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აფხაზეთში საწვავის შეტანა მხოლოდ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტმა“ უნდა უზრუნველყოს. რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აფხაზეთის ენერგომატარებლების ბაზარზე მონოპოლიას აწესებს და ადგილობრივ მეწარმეებს ავიწროებს. თავისთავად, საწვავის იმპორტის მონოპოლიზება ვერ გახდებოდა მისი დეფიციტის მიზეზი, თუ არა ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე განბაჟების პროცედურების გაუმართაობა, რამაც, სავარაუდოდ, ასევე შეაფერხა აფხაზეთისთვის საჭირო ოდენობის საწვავის დროულად შეტანა.

მეორე ვერსიით, რუსეთის სამხრეთის რეგიონების ენერგომატარებლების ბაზარზე კრიზისია, რაც ერთი მხრივ, უკრაინაში რუსეთის აგრესიის და ომის წარმოებითაა გამოწვეული, მეორეს მხრივ კი იმით, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების ლეგიტიმურ სამიზნეებს მოსაზღვრე რეგიონებში რუსეთის ლოჯისტიკური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. შედეგად, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეებში არაერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და საწვავის საცავი დაზიანდა ან განადგურდა. ცხადია, ამ მიზეზებით შეიძლება აიხსნას რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებში საწვავის წარმოების ოდენობის შემცირება და ფასების ზრდაც, რამაც გავლენა ოკუპირებულ აფხაზეთზეც მოახდინა. ანალოგიურ მდგომარეობაზე მეტყველებს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის წყაროების ცნობები სამხრეთ ოსეთიდანაც, სადაც დე-ფაქტო სახელმწიფო უწყებების ავტოპარკსაც ექმნება პრობლემა საწვავის მომარაგებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთი ვერსიით, რაც აფხაზეთის საზოგადოებაში დომინირებს, რუსეთი საწვავის საკითხს აფხაზეთზე ზეწოლისთვის იყენებს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ რუსეთი აფხაზეთს ენერგორესურსებს განგებ არ აწვდის, რათა მძიმე ზამთარმა მათი წინააღმდეგობა გატეხოს და ბიჭვინთის აგარაკების, რუსული აპარტ-ოტელების და „უცხო აგენტების შესახებ“ კანონპროექტის  საკითხი სწრაფად მოგვარდეს. ის ფაქტი, რომ ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთში (ოჩამჩირე, გულრიფში, ტყვარჩელი და გალის რეგიონი) ათობით ბენზინგასამართი სადგურიდან მხოლოდ რამდენიმე მუშაობდა, ადგილობრივებს უქმნის განცდას, რომ რუსეთის ფედერაცია ენერგოკრიზისთან ერთად კიდევ ერთ ბერკეტს იყენებს აფხაზების დასამცირებლად და მოსათვინიერებლად. ზემოაღნიშნულ ვერსიას ამყარებს თებერვალში გამწვავებული ენერგოკრიზისი - ნაცვლად დაპირებული 4 საათისა, ელექტროენერგიის მიწოდება დღეში 8 საათის განმავლობაში წყდება; ხშირად, შეჩერებულია წყალმომარაგებაც. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოახლოებული არჩევნების ფონზე, რომლებიც აფხაზეთში საგანგებო სიფრთხილით მზადდება და მთელი ადმინისტრაციული რესურსი პუტინისთვის სრულიად აფხაზეთის მადლიერების და ერთგულების გამოხატვაზეა გადართული, ამ ვერსიის პოპულარობა საყურადღებოა.

დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ღია წყაროებში პუტინს მხარდაჭერას უცხადებს და აფხაზეთის სრულ მხარდაჭერას - 130 000 ხმას ჰპირდება. თავის მხრივ, აფხაზეთი ცდილობს წინასაარჩევნო სიტუაცია  პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოს -აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო  დუმას ოფიციალური წერილით მიმართა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის 2023 წლის 16 დეკემბრის დადგენილების გადასინჯვა მოითხოვა, რომელმაც აფხაზეთში ნავთობპროდუქტების ერთადერთ ექსპორტიორად   „როსნეფტი“ განსაზღვრა. თავის მხრივ, ცხინვალის რეგიონში, სადაც „როსნეფტის“ მონოპოლია ბაზარზე პროტესტის გარეშე მიიღეს, მას შემდეგ, რაც რაიონში ნავთობპროდუქტების მარაგები შეივსო, კრიზისის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.   
რუსეთის ინიციატივები და საქართველოს წინაშე არსებული დიპლომატიური გამოწვევები

რუსეთი ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობს ოკუპირებული ტერიტორების საკითხის წინ წამოწევას და საქართველოსგან ამ ტერიორების სამართლებრივად ჩამოშორებას. 

29.10.2026
მედიის თავისუფლება და ინფორმაციის მიღების უფლება საქართველოში

2024–2026 წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ამ პერიოდში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ინსტიტუციურმა ზომებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებები.

28.10.2026
ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტება საქართველოში: საკანონმდებლო, პოლიტიკისა და ინსტიტუციური ცვლილებების მიმოხილვა

ანგარიში მიმოიხილავს საქართველოში 2024–2026 წლებში განხორციელებულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს და მათ გავლენას ადამიანის უფლებებსა და სამოქალაქო სივრცეზე. 

27.10.2026